Ევროპული საქართველოს გუნდს მტკიცედ სჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება და გადასახადების დაწევა.
ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი ფული ხალხს და ბიზნესს. Ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად გადალაგება, რათა ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ.
ევროპული საქართველო მხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
“მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიოციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
ჩვენი ხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გადასახადები შემცირდეს თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20%-დან 10%-მდე, განაწილებული მოგების გადასახადის შემცირება 15%-დან 10%-მდე, დღგ-თი დაუბეგრავი ბრუნვის ზღვრის გაზრდა 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე, საპენსიო გადასახადის ნებაყოფლობითად ქცევა, ქონების გადასახადის დროებით განულება, დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-დან 16%-მდე შემცირება, შემდეგ კი - მისი შეცვლა გაყიდვის გადასახადით (Sales tax-ით) და საბოლოოდ, ამ უკანსკნელის დაყვანა 8%-მდე.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუროკრატიაში მასობრივად იფლანგება გადასახადის გადამხდელთა ფული. Ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ხარჯავს, რაც მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
ევროპული საქართველო სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდი ლარით შემცირებას გეგმავს, რაც მეტ ფულს დატოვებს ეკონომიკაში და დრამატულად შეამცირებს კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს.
მწარმოებლებისთვის გადასახადების შემცირებით, პროდუქტზე გაზრდილი ფასები ავტომატურად შემცირდება, თუმცა, ამის მიღმა, ევროპული საქართველო გეგმავს აქციზის გადასახადის გაუქმებას ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რაც შეამცირებს მწარმოებელთა ხარჯებს და შეაფერხებს პროდუქტზე ფასების ზრდას.