9-10 ივნისს კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრში კოპენჰაგენის დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიღებენ.
სამიტი ავტორიტარიზმის მზარდი ტალღის წინააღმდეგ დემოკრატიული ძალების გაერთიანების და მათი გაძლიერების მიზნით დაფუძნდა. წლევანდელი სამიტი ავტორიტარული ძალების შეკავებას, მძლავრი დემოკრატიული ალიანსების შენებას და პუტინის აგრესიის პირისპირ უკრაინის დახმარებას დაეთმობა.
სხვადასხვა პანელზე მონაწილეები იმსჯელებენ დემოკრატიულ აქტივიზმზე, ავტორიტარიზმის შეკავებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ურთიერთმიმართებაზე, უკრაინის თავგანწირვაზე და ციფრულ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე.
სამიტზე მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, დანიის ყოფილი პრემიერმინისტრი და ნატოს მე-12 გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი და სხვანი.
პუტინის ავტორიტარიზმთან ბრძოლის პანელს გაუძღვებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია და ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი.
დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ვაშინგტონის ხედვას წარმოადგენენ თეთრი სახლისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.