უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის რეფორმა

21 ნოემბერი 2023
21 ნოემბერი 2023

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის რეფორმა

უნივერსიტეტების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესები არის უკიდურესად ბიუროკრატიული, დროში გაწელილი და უმაღლესი სასწავლებლებისთვის უაღრესად ხარჯიანი. ამასთან ის აზიანებს უნივერსიტეტების ავტონომიურობას, გამოიყენება რა მათ წინააღმდეგ პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად.

მაგალითისთვის, ავტორიზაციის პროცესში უმაღლეს სასწავლებელს სჭირდება დაახლოებით 155-მდე დოკუმენტის მომზადება, რაც დაახლოებით 229 დღის განმავლობაში გრძელდება და ეს პროცესი უნივერსიტეტს 33,000-დან 58,000 ლარამდე უჯდება.

აკრედიტაციის პროცესში კი უმაღლეს სასწავლებელს დაახლოებით 100 დოკუმენტის მომზადება სჭირდება, რაც დაახლოებით 240 დღის განმავლობაში გრძელდება და უნივერსიტეტს საშუალოდ 7,000-დან 38,000 ლარამდე უჯდება.

ამას გარდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს შორის მნიშვნელოვანი გადაფარვაა.

მაგალითად, ორივეს დროს მოწმდება უნივერსიტეტის ადამიანური და მატერიალური რესურსები, ხარისხის უზრუნველყოფის და სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმები და .. რის გამოც უნივერსიტეტი ერთი და იმავე საკითხზე წელიწადში შეიძლება ათჯერ ან მეტჯერ შემოწმდეს.

ამასთან, ცენტრალური ხელისუფლება აკრედიტაციისა და ავოტირზაციის პროცესებს ხშირად უნივერსიტეტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

ამის მაგალითია აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება 2013 წელს პერსონალურად კახა ბენდუქიძის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, 2018 წელს კი IBSU-სთვის ავტორიზაციის ფარგლებში პირველკურსელების მიღების შეზღუდვა.

ამის საპირისპიროდ, სისტემა პრივილეგიას ანიჭებს პოლიტიკურად ხელსაყრელ საუნივერსიტეტო სივრცეებს.

ივანიშვილის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტომატურად და სამუდამოდ მიენიჭა ავტორიზაცია, პროგრამების აკრედიტაციას კი უნივერსიტეტისვე საერთაშორისო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს.

ასევე ავტორიზაცია და აკრედიტაცია არ მოეთხოვება საპატრიარქოს უნივერსიტეტს.

გამოსავალი: ავტორიზაციის პროცესი გაუქმდება. დარჩება ESG-ის სტანდარტების მიხედვით აკრედიტაცია, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი და რომელსაც კერძო ცენტრები განახორციელებენ.

ბიუროკრატიულად არაეფექტური და პოლიტიკურად მანიპულირებადი აკრედიტაციისა და ავოტირზაციის ნაცვლად დარჩება ერთი პროცესი, რომელიც ESG-ის სტანდარტების შესაბამისად, აკრედიტაციად მოიხსენიება, თუმცა თავისი შინაარსით, ითავსებს ავტორიზაციის როლსაც, რადგან უნივერსიტეტი მთლიანობაში მოწმდება.

აკრედიტაციის მომსახურებას უნივერსიტეტებს კერძო ცენტრები გაუწევენ.

იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ახალ პროგრამას ამატებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება პროგრამას აკრედიტაცია გაატაროს.

შედეგად, შემცირდება ბიუროკრატიული წნეხი უნივერსიტეტზე და გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის ხარისხიც.

უნივერსიტეტებისთვის აკრედიტაციის პროცესი იქნება ნებაყოფლობითი და მისი ძირითადი მიზანი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა იქნება.

აკრედიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ პირობებზე.

ამ უკანასკნელთ აკრედიტაციის გაცემის უფლებამოსილებას მიანიჭებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ვალდებული იქნება აღნიშნული უფლება კერძო უწყებას ავტომატურად მიანიჭოს მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღეში.

უფლებამოსილების შესანარჩუნებლად ადგილობრივი კერძო სააკრედიტაციო უწყებები უნდა აკმაყოფილებდნენ ბოლონიის პროცესით გაწერილ მოთხოვნებს. მათ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს უფლებამოსილების ჩამორთმევა.

________________________________

თუ იზიარებთ ჩვენს ხედვას, შეავსეთ თანამოაზრის ფორმა - https://europeangeorgia.ge/register