ამბები

ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წლის თავზე კვლავ დაუსჯელია ყველა დამნაშავე

22 თებერვალი 2022
ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წლის თავზე კვლავ დაუსჯელია ყველა დამნაშავე

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს, 26 დღის განმავლობაში გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში არ დააბრუნეს, საბოლოოდ კი წამების კვალის დასაფარად მას შინაგანი ორგანოები ამოაცალეს და ოჯახს ისე გადასცეს.

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს, მომდევნო დღეს კი რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, რომ "ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა" არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ძალოვნების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებისას კი კიბეზე დაგორდა და შედეგად, მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში, სავარაუდოდ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრები იმთავითვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამებით მოკლეს. ქართული მხარე 26 დღის განმავლობაში ცდილობდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, თუმცა უშედეგოდ. საოკუპაციო რეჟიმს არ სურდა განმეორებითი ექსპერტიზის დაშვება.

საბოლოოდ, მოკლულის ცხედარი 20 მარტს გადმოასვენეს - მიუხედავად იმისა, რომ კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარს შიდა ორგანოები ჰქონდა ამოცლილი, ქართული მხარის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტატუნაშვილს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმისთვის ტატუნაშვილის გატაცებისას ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოში არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა - პროკურატურის განცხადებით, ტატუნაშვილს გატაცების შემდეგ სხეულზე 100-მდე ჭრილობა მიაყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ევროპულმა საქართველომ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია წარუდგინა, რომელიც მკვლელობაში მონაწილე პირების და დანაშაულის დაფარვაში ჩართული თანამდებობის პირების საერთაშორისო სანქცირებას ითვალისწინებდა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ სიის ეფექტურად ამოქმედებაზე უარი თქვა და მისი ადვოკატირება საერთაშორისო თანამეგობრობაში სიის მიღებიდან მალევე შეწყვიტა, შემდეგ კი რეზოლუცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას სიის აქტიურად ადვოკატირებას ავალდებულებდა, ჩააგდო.

“რაც შეეხება იმ „უმტკივნეულო“ რეზოლუციას. ეს უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ და მეორეც – ეს არ არის უმტკივნეულო რეზოლუცია. ეს არის საკმაოდ მზაკვრული გეგმა, რომ, ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ახლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს”, - განაცხადა ვოლსკიმ ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე.

ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წლის თავზე დაუსჯელია დანაშაულში უშუალოდ მონაწილე ყველა პირი, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებასა და სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლაში ჩართული თანამდებობის პირების მიმართ კი არცერთი ქმედითი სანქცია ამოქმედებული არ არის.