ამბები

საკონსტიტუციომ ევსაქების სარჩელზე გენდერული კვოტირება მხოლოდ მამაკაცების ნაწილში გააუქმა

21 ოქტომბერი 2021
საკონსტიტუციომ ევსაქების სარჩელზე გენდერული კვოტირება მხოლოდ მამაკაცების ნაწილში გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების წინააღმდეგ ევროპული საქართველოს სარჩელი არსებით განხილვაში არ მიიღო, თუმცა მოსამართლეთა პლენუმმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების შესახებ არსებულ ჩანაწერში ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომელიც 2028 წლამდე ჩასატარებელ არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი მამაკაცის ჩასმას ავალდებულებს.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს კვოტების შევსება მხოლოდ მამაკაცების ნაწილში არ მოუწევთ - ქალებით დაკომპლექტებული საარჩევნო სიის შემთხვევაში, პარტიებს ყოველ სამეულში "განსხვავებული სქესის" სახით, მამაკაცის ჩასმა აღარ ევალებათ.

ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას მისი მამაკაცით ჩანაცვლება აღარ ევალება - სასამართლომ აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსიც (203-ე მუხლის მე-10 პუნქტი) მხოლოდ მამაკაცების შემთხვევაში გააუქმა.

ევროპული საქართველოს ქალმა წარმომადგენლებმა, პარტიის ამომრჩეველმა და თავისუფლების ინსტიტუტმა გენდერული კვოტირების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 20 აგვისტოს მიმართეს - პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას და მანდატის გაუქმების წესის ცვლილებას მოითხოვდა.

"ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეებს სამართლიან სასამართლოზე უთხრა უარი. სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო ისეთი საკითხები, რომელზეც აქამდე არასდროს უმსჯელია. სადავო ნორმა, რომლითაც უკვე არჩეულ წარმომადგენლებს საკრებულოში სქესის საფუძველზე ეუბნებიან უარს, არა მხოლოდ არაკონსტიტუციური, არამედ თავისი შინაარსით არადემოკრატიულია და ამომრჩევლის ნების უხეშ ინჟინერიას წარმოადგენს.

სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის გარეშე ამგვარ არადემოკრატიულ მექანიზმებზე სასამართლოს ზედაპირული გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ პლენუმის უმრავლესობას არ ესმის საკითხის შინაარსი და მისი სერიოზულობა. უფრო მეტიც, მათ ისეთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელზეც პროცესის განმავლობაში არა თუ არ უმსჯელიათ, არამედ კითხვაც კი არ დაუსვამთ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა სამართლებრივი პრეცენდენტი, რომელიც არა თუ სასამართლოს წინა პრაქტიკას, არამედ კონსტიტუციის არსებულ რედაქციას არსებითად ეწინააღმდეგება" - აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი გვანცა კვარაცხელია, რომელიც სასამართლოში მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა.