რონალდ რეიგანის 1964 წლის ისტორიული მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატ ბარი გოლდუოთერის მხარდასაჭერად.
გმადლობთ. გულითად მადლობას გადაგიხდით. საღამო მშვიდობისა. სპონსორის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა სხვა სატელევიზიო პროგრამებისგან განსხვავებით, გამომსვლელს გამზადებული სცენარი არ მიუღია.
სრულიად პირიქით, მე მომცეს უფლება შემერჩია ჩემივე სიტყები და განმეხილა ჩემი იდეები იმ არჩევანთან მიმართებით, რომელიც მომავალი კვირების განმავლობაში უნდა გავაკეთოთ.
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დემოკრატი ვიყავი. სულ ცოტა ხნის წინ მივიჩნიე მართებულად, სხვა გზას გავყოლოდი. მჯერა, რომ საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტი გვაქვს, სცდება პარტიულ საზღვრებს. კამპანიის ერთი მხარე გვეუბნება, რომ მომავალი არჩევნების მთავარი თემა მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაა. გამოთქმასაც კი იყენებენ, „არასდროს შეგვძლებია უკეთ“.
თუმცა, ვშიშობ, რომ ეს კეთილდღეობა არ არის ის, რაზეც მომავლის იმედების დამყარება შეგვიძლია. ისტორიაში ვერცერთი ერი ვერ გადაურჩა საგადასახადო ტვირთს, რომელიც სახელმწიფო შემოსავლების მესამედს უტოლდება და მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იმაზე 17 მილიონი დოლარით მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს იღებს.
გასული 34 წლიდან 28 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ბიუჯეტის დაბალანსება. ბოლო 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალის ლიმიტი სამჯერ გავზარდეთ, დღესდღეობით კი სახელმწიფო ვალი 1,5-ჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ქვეყნების ჯამს.
საცავში 15 მილიარდი დოლარის ოქრო გვაქვს; არცერთი გრამი ჩვენი არ არის. საერთაშორისო სარჩელები 27,3 მილიარდ დოლარს აღწევს. ახლა კი გამოგვიცხადეს, რომ 1939 წლის დოლარს დღეს 45 ცენტის მსყიდველობითი უნარი აქვს.
რაც შეეხება მშვიდობას, რომელიც, როგორც ამბობენ, უნდა შევინარჩუნოთ. საინტერესოა, რომელიმე ჩვენგანი თუ შეძლებდა მისულიყო ცოლთან ან დედასთან, რომლის ქმარი ან შვილი სამხრეთ ვიეტნამში დაიღუპა და ეკითხა, არის კი ეს ის მშვიდობა, რომლის სამუდამოდ შენარჩუნებაც გვმართებს?
ვერ იარსებებს ჭეშმარიტი მშვიდობა მანამ, სანამ ერთი ამერიკელი მაინც იღუპება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ყველა დანარჩენისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ომში ისტორიაში ყველაზე საშიშ მეტოქესთან, რომელმაც ჭაობიდან ვარსკვლავებამდე ამაღლება მოახერხა და არაერთს უთქვამს, რომ თუკი ამ ომში დავმარცხდებით და ჩვენს თავისუფლებას დავკარგავთ, ისტორია გაოგნებით შემოინახავს იმას, თუ როგორ გააკეთეს ამ ყველაფრის შესაჩერებლად ყველაზე ცოტა რამ მათ, ვისაც ყველაზე მეტი ჰქონდა დასაკარგი
. ჩემი აზრით, დროა, საკუთარ თავებს ვკითხოთ, კვლავ ვცნობთ თუ არა იმ თავისუფლებებს, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა გვიანდერძეს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემი ორი მეგობარი კუბელ ლტოლვილს ესაუბრებოდა, ბიზნესმენს, რომელმაც კასტროს რეჟიმს დააღწია თავი და შუა საუბარში ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მეორეს მიუბრუნდა და უთხრა: „ვერც კი ვხვდებით, რამდენად გაგვიმართლაო“.
კუბელმა უეცრად შეწყვიტა ისტორიის თხრობა და უპასუხა, „როგორ გაგიმართლათ? მე სხვა ადგილი მაინც მეგულებოდა, სადაც გაქცევა შემეძლოო“. ამ წინადადებით მან ყველაფერი ერთად გვითხრა. თუკი თავისუფლებას აქ დავკარგავთ, არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც გაქცევა შეგვეძლება. ეს არის დედამიწაზე უკანასკნელი ნავსაყუდელი.
იდეა, რომ ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის, რომ მას არ აქვს ძალაუფლების სხვა რამ წყარო, გარდა სუვერენული ხალხისა, კვლავ რჩება ყველაზე ახალ, უნიკალურ იდეად კაცობრიობის ისტორიაში.
სწორედ ეს არის ამ არჩევნების მთავარი საკითხიც: გვჯერა თუ არა, რომ შეგვიძლია თვით-მმართველობა, თუ უნდა მივატოვოთ ამერიკის რევოლუციის იდეალები და ვაღიაროთ, რომ მომცრო ინტელექტუალურ ელიტას ჩვენზე უკეთ შეუძლია დაგეგმოს ჩვენი ცხოვრება შორეული დედაქალაქიდან.
მე და თქვენ გამუდმებით გვიკიჟინებენ, რომ მარცხენასა და მარჯვენას შორის გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი. მე კი მსურს შემოგთავაზოთ დაშვება, რომ არ არსებობს არავითარი მარცხენა და მარჯვენა. არსებობს მხოლოდ მაღლა და დაბლა - [მაღლა] კაცის ძირძველი ოცნება, უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალური თავისუფლებისა, რომელიც თავსებადია კანონსა და წესრიგთან, ან დაბლა - ტოტალიტარულ წუმპეში
. და მათი გულწრფელობის, თუ ჰუმანიტარული მოტივების მიუხედავად, ყველა, ვინც მზად არის გაიღოს ჩვენი თავისუფლება უსაფრთხოების სანაცვლოდ, ამ დაღმართსაა შემდგარი.
კამპანიის პერიოდში იყენებენ ისეთ ტერმინებს როგორებიცაა, „დიდებული საზოგადოება“ ან, როგორც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, უნდა შევეგუოთ ხელისუფლების მზარდ ჩარევას ხალხის საქმეებში.
თუმცა ამ ბოლო დროს უფრო მეტს ამბობენ საჯაროდ და ერთმანეთთან: ყველა ციტატა, რომელსაც ახლა მოვიყვან, გამოქვეყნებულია. ეს არ არის რესპუბლიკელთა ბრალდებები.
მაგალითისთვის, ისინი ამბობენ: „ცივი ომი დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა დემოკრატიული სოციალიზმის იდეას შევურიგდებით“. სხვანი ამბობენ: „ფინანსური მოგების სტიმული მოძველდა. ის საყოველთაო კეთილდღეობის იდეამ უნდა ჩაანაცვლოს“. ანდაც, „ინდივიდუალური თავისუფლების ჩვენეული, ტრადიციული სისტემა ვერ უმკლავდება მე-20 საუკუნის კომპლექსურ გამოწვევებს“.
სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, სენატორმა ფულბრაიტმა განაცხადა, რომ ჩვენი კონსტიტუცია მოძველდა. მან პრეზიდენტს „მორალური წინამძღოლი და ლიდერი“ უწოდა. ის ამბობს, რომ „საქმიანობის მთავარ დაბრკოლებად ეს მოძველებული დუკომენტი ექცა, რომელიც ძალაუფლების შეზღუდვას ავალდებულებს“.
ის უნდა „გათავისუფლდეს“, რათა „ჩვენთვის გააკეთოს“ ის, რაც „ჩვენთვისვე უკეთესია“. კიდევ ერთმა მჭევრმეტყველმა, სენატორმა კლარკმა პენსილვანიიდან, ლიბერალიზმი განმარტა, როგორც „მასების მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება, ცენტრალიზებული ხელისუფლების ძალაუფლების სრული გამოყენებით“.
პირადად მე მზარავს, როდესაც ხალხის წარმომადგენელი თქვენ და მე, თავისუფალ ქალებსა და კაცებს, „მასებად“ მოგვიხსენიებს. ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ამერიკაში საკუთარი თავის აღსაწერად გამოვიყენებთ. თუმცა, ამას გარდა „ცენტრალიზებული ხელისუფლების სრული ძალაუფლება“ არის სწორედ ის, რის შესამცირებლადაც დამფუძნებელი მამები იღწვოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ხელისუფლება არ აკონტროლებს არაფერს.
ხელისუფლება ვერ გაუწევს კონტროლს ეკონომიკას, ადამიანების კონტროლის გარეშე. და მათ იცოდნენ, რომ როდესაც ხელისუფლება ამას განიზრახავს, ძალმომრეობითა და იძულებით უნდა იმოქმედოს, რათა საწადელს მიაღწიოს.
დამფუძნებელმა მამებმა ასევე იცოდნენ, რომ ლეგიტიმური ფუნქციების მიღმა, ხელისუფლება ვერ შეძლებს ვერაფრის იმაზე უკეთ გაკეთებას, ვიდრე ეკონომიკის კერძო სექტორი.
ამის საილუსტრაციოდ, დღესდღეობით არაფერი გვაქვს იმაზე კარგი, ვიდრე სამეურნეო ეკონომიკის დარგში ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლების ჩარევაა. 1955 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამის საფასური ორჯერ გაიზარდა. ფერმერთა მხოლოდ ¼ არის პასუხისმგებელი სამეურნეო ნამატის 85-%-ზე. მეურნეობის ¾ გამოძევებულია თავისუფალი ბაზრიდან და ერთ სულ მოსახლეზე ხარჯი 21%-ით არის გაზრდილი.
მეურნეობის სწორედ ის ¼ არის რეგულირებული და მართული ფედერალური ხელისუფლების მიერ. გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ დავხარჯეთ 43 დოლარი 1 დოლარის ოდენობის ხორბლის ბუშელში, რომელიც არც გაზრდილა
სენატორმა ჰამფრიმ წინა კვირას განაცხადა, რომ ბარი გოლდუოთერი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფერმერებს გაქრობით დაემუქრება. სჯობს, უკეთ შეასრულოს საშინაო დავალება და აღმოაჩენს, რომ ამ სამთავრობო პროგრამების პირობებში, ფერმის მოსახლეობა 5 მილიონით შემცირდა.
ის ასევე აღმოაჩენს, რომ დემოკრატების ადმინისტრაციამ კონგრესისგან საფერმო პროგრამის გაზრდა მოითხოვა, იმ ¾-ის მოსაცველად, რომელიც ამჯერად თავისუფალია. აღმოაჩენს ასევე იმას, რომ მათ ფერმერების დაპატიმრების უფლება მოითხოვეს იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ აწარმოებს წიგნაკს ფედერალური ხელისუფლების მითითებების შესაბამისად.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე მოითხოვა უფლება, ჩამოართვას ფერმები მსჯავრის დადების გზით და სხვა ინდივიდებზე გაასხვისოს. იმავე პროგრამაში კი ჩადებული იყო პირობა, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებას, რომ 2 მილიონამდე ფერმერი საკუთარ მიწას ჩამოაშოროს.
ამავდროულად, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში თანამშრომლების მატება შეინიშნება. ყოველ 30 ფერმაზე 1 ასეთი თანამშრომელი მოდის და მიუხედავად ამისა, ისინი ვერ გვცემენ პასუხს, თუ როგორ გაუჩინარდა ხორბლეულით სავსე 66 გემის ტვირთი, რომელიც ავსტრიისკენ მიემართებოდა და რატომ არ დაუტოვებია Billie Sol Estes-ს აქამდე სანაპირო.
ყველა პასუხისმგებელმა ფერმერმა და საფერმო ორგანიზაციამ არაერთხელ სთხოვა ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინა საფერმო ეკონომიკა, თუმცა როგორ - საიდან უნდა იცოდნენ ფერმერებმა, რა არის მათთვისვე უკეთესი? ხორბლის ფერმერებმა ხორბლის პროგრამის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხელისუფლებამ ის მაინც აამოქმედა. შედეგად, პურის ფასი იზრდება. ფერმერისთვის კი, ხორბლის ფასი ეცემა.
ამასობაში, ქალაქების უბრანული განახლების საფარქვეშ კვლავ თავისუფლებას ესხმიან თავს. კერძო მესაკუთრეთა უფლებები იმდენად არის შეზღუდული, რომ საჯარო ინტერესად მიიჩნევა ნებისმიერი რამ, რასაც სამთავრობო მგეგმავები ჩათვლიან.
კლივლენდში, ოჰაიოში კი ვხედავთ, თუ როგორ ანგრევენ მილიონნახევარი დოლარის ღირებულების სულ რაღაც 3 წლის წინ დამთავრებულ შენობას, რადგან ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ ამ მიწას „უკეთესი გამოყენება სჭირდება“.
პრეზიდენტი კი გვეუბნება, რომ ათასობით საჯარო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს, მაშინ როცა, ჯერ ასობით მათგანია აშენებული. საცხოვრებელი მშენებლობის ფედერალური სამმართველო და ვეტერანთა ადმინისტრაცია გვეუბნებიან, რომ 120 000-მდე საცხოვრებელი შენობა აქვთ, რომელიც დაგირავებული ქონების გამოსყიდვის უფლების წართმევით შემორჩათ. სამი ათწლეულია უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას სამთავრობო დაგეგმარებით ვცდილობთ და რაც უფრო მეტად არ გამოსდით მგეგმავებს, მით უფრო მეტს და მეტს გეგმავენ.
ამას წინათ, კანზასის რაისის ოლქი დეპრესიულ მხარედ გამოაცხადეს. რაისის ოლქის მცხოვრებლებს ორასამდე ნავთობის ჭაბურღილი აქვთ და ოლქის 14 000 მცხოვრებს ბანკში პერსონალურ დეპოზიტად 30 მილიონი დოლარი აქვს შეტანილი. თუმცა, როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ დეპრესიაში ხარ, უნდა ადგე და დეპრესიაში იყო.
რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვინც გამხდარი კაცის გვერდზე მდგომ მსუქან მამაკაცს ხედავს და ვერ წარმოუდგენია, რომ მსუქანმა გამხდრის მდგომარეობით სარგებლობის გარეშე იმატა წონაში. შესაბამისად, ყოველი ადმიანური ტანჯვისა და უბედურების გადაჭრას მთავრობით და სამთავრობო დაგეგმვით ცდილობენ.
თუკი სამთავრობო გეგმებსა და საყოველთაო კეთილდღეობის იდეებს მართლაც აქვთ პასუხი - და 30 წელზე მეტი ჰქონდათ უკვე რომ ჰქონოდათ - განა არ უნდა მოველოდეთ, რომ ხანდახან ანგარიშსაც გაგვაცნობენ? განა ყოველ წელიწადს უპოვართა რაოდენობის შემცირების შესახებ არ უნდა ვისმენდეთ ამბებს? სახელმწიფო საცხოვრებლების საჭიროება სულ უფრო არ უნდა იკლებდეს?
თუმცა კი სინამდვილე საპირისპიროზე მეტყველებს. ყოველ წელიწადს დრამატულად იმატებს მათი საჭიროება; პროგრამაც მათთან ერთად იზრდება. ოთხი წლის წინ გვითხრეს, რომ 17 მილიონი ადამიანი ყოველ ღამით მშიერი იძინებდა. ეს სავარაუდოდ მართალიც არის. თუმცა ახლა გვესმის, რომ 9,3 მილიონი ოჯახი ამ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზეა, რადგან წელიწადში 3 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.
სახელმწიფო პროგრამებში 10-ჯერ უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე დიდი დეპრესიის დროს. სოციალურ პროგრამებში 45 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მცირე არითმეტიკით რომ დავკავდეთ, აღმოვაჩენთ, რომ 45 მილიარდი დოლარი 9 მილიონ უპოვარ ოჯახზე თანაბრად რომ გადაგვენაწილებინა, თითოეულს 4 600 დოლარი წლიური შემოსავალი ექნებოდა. ეს ოდენობა რომ მათი შემოსავლისთვის დაგვემატებინა, სიღარიბეც აღმოიფხვრებოდა. თუმცა ღარიბი ოჯახების პირდაპირი ფინანსური დახმარება 600 დოლარს აღწევს. მაშასადამე, სადღაც ზედნადები ხარჯები არსებობს.
ახლა, ახლა კი „სიღარიბეს ომს ვუცხადებთ“, ანდაც, ვამბობთ, რომ „შენც შეგიძლია იყო ბობი ბეიკერი“. ნუთუ გულწრფელად მოელიან, რომ დაგვაჯერებენ, თითქოს 1 მილიარდი დოლარით ხარჯების გაზრდის შემთხვევაში, რომელიც 30-იოდე არსებულ პროგრამას უნდა დაემატოს - და გახსოვდეთ, ახალი პროგრამა რომელიმე არსებულს არ ანაცვლებს, მხოლოდ აორმაგებს არსებულ პროგრამებს - სიღარიბე რაღაც ჯადოსნური გზით აღმოიფხვრება?
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ პროგრამას აქვს ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არ გაორმაგებულა. ის ახალგაზრდების ნაწილს ეხება. ახლა ვგეგმავთ, რომ საშუალო სკოლებიდან გამოგდებული მოზარდების პრობლემას და არასრულწლოვანთა რიგებში კრიმინალის ზრდას CCC ბანაკების აღდგენით ვებრძოლოთ და ჩვენი ახალგაზრდობის ამ ბანაკებში მოთავსებასაც ვაპირებთ.
თუმცა კიდევ ერთხელ არითმეტიკით თუ დავკავდებით, გამოდის, რომ თითოეული ახალგაზრდის ოთახსა და დაფაზე წელიწადში 4 700 დოლარის დახარჯვას ვაპირებთ. ამ დროს, 2 700 დოლარად მათი ჰარვარდში გაგზავნა შეგვეძლო. თუმცა, არასწორად არ გამიგოთ. არ მგონია, რომ არასრულწლოვანთა კრიმინალის პრობლემას ჰარვარდი მოაგვარებდა.
კი მაგრამ, რას ვაკეთებთ იმ ადამიანებისთვის, რომელთა დახმარებაც გვსურს? არც ისე დიდი ხნის წინ ლოს ანჯელესში მოსამართლემ დამირეკა. მან მომიყვა ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც მასთან განქორწინების მოთხოვნით მივიდა. უკვე 6 შვილი ჰყავდა და მეშვიდეს ელოდებოდა. გამოკითხვის დროს, მან თქვა, რომ მისი ქმარი დასაქმებული იყო და თვეში 250 $-ს შოულობდა.
განქორწინება იმიტომ სურდა, რომ 80$-ით მეტი მიეღო ყოველთვიურად. განქორწინების შემთვევაში 330$-ს მიიღებდა სახელმწიფოსგან, კმაყოფაზე მყოფი ბავშვების დახმარების პროგრამით. იდეა კი თავისი ორი მეზობლისგან გადაიღო, რომლებსაც მსგავსი რამ უკვე გაკეთებული ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც „კეთილი ბიძიების“ მიერ მოგონილ სქემებში ეჭვს შევიტანთ, ჰუმანიტარული მიზნების მტრებად ვირაცხებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მუდამ რაღაცის „წინააღმდეგნი“ ვართ და არასდროს „მომხრენი“.
ჩვენი ლიბერალი მეგობრების პრობლემა მათ უგუნურებაში არ არის. უბრალოდ, რაც მათ იციან, არ არის ისე, როგორც ჰგონიათ.
ახლა კანონმდებლობა შემოგვაქვს, რათა მოხუცებულებს, რომლებიც ასაკის გამო ვერ საქმდებიან, სიღარიბეში ცხოვრებამ არ მოუწიოთ და ამისთვის სოციალური უსაფრთხოების პაკეტი მივიღეთ, როგორც გზა ამ მიზნის შესრულებისკენ.
თუმცა ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათ, ვისაც ანდეს ეს პროექტი, რადგან მისი ფისკალური ნაკლოვანებების შესახებ ტყუიან და პროგრამის ნებისმიერ კრიტიკას თარგმნიან ჩვენს სურვილში, შეუწყდეს ფინანსური დამხარება მათ, ვინც სიცოცხლით არის მასზე დამოკიდებული.
ისინი ამ პროგრამას „დაზღვევას“ უწოდებდნენ, თუმცა შემდეგ უზენაესი სასამართლოს წინაშე წარდგენისას, განაცხადეს, რომ პროგრამა „სახელმწიფო დახმარების“ ფარგლებში ხორციელდება. ტერმინ „დაზღვევას“ მხოლოდ ხალხისთვის მისაყიდად იყენებდნენ.
ასევე განაცხადეს, რომ სოციალური უსაფრთხოების ბაჟის გამოყენება ხელისუფლებას ნებისმიერი დანიშნულებით შეუძლია, რადგან ის გადასახადია. ხელისუფლება კი იყენებს ამ გადასახადს.
რობერტ ბაიერსმა, სადაზღვევო პროგრამის ხელმძღვანელმა კონგრესის კომიტეტის წინაშე წარდგენისას განაცხადა, რომ სოციალური უსაფრთხოების პაკეტი 298 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა დასძინა, რომ სანერვიულო არაფერია, სანამ გადასახადი არსებობს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხალხს ფული წაართვან, რათა საკუთარი თავები ფინანსური ჩიხიდან დაიხსნან.
…
ნუთუ იმდენად გვაკლია ეკონომიკური ინსტინქტები, რომ ამ პროგრამის ჯანსაღ ნიადაგზე დაშენება არ შეგვიძლია, რათა იმ ადამიანებმა მიიღონ ეს დახმარება, რომლებსაც ის მართლაც ესაჭიროებათ?
ბარი გოლდუოთერი ფიქრობს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.
ნუთუ არ შეგვიძლია, რომ პროგრამას ნებაყოფლობითი ელემენტებიც შევძინოთ, რომელიც მისცემდა მოქალაქეს უფლებას, იმის დადასტურების შემთხვევაში, რომ თავად უკეთ უმკლავდება ფინანსურ ვალდებულებებს და აქვს საკმარისი შემოსავალი არაშრომისუნარიანი ასაკისთვის, უარი ეთქვა დახმარებაზე?
ნუთუ არ უნდა მივცეთ დაქვრივებულ ქალს შესაძლებლობა, იმუშაოს ისე, რომ არ დაკარგოს გარდაცვლილი ქმრის გამო მიღებული სოციალური დახმარება?
ნუთუ მე და თქვენ ვერ უნდა ვწყვეტდეთ ვინ იქნებიან ამ პროგრამის ბენეფიციარები, რაც ამჯერად ნამდვილად არ შეგვიძლია?
მემგონი, ყველანი მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს მხრიდან მოხუცებული მოქალაქეებისთვის გარანტიის მიცემას, რომ ფინანსების არარსებობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებაზე უარს არ ეტყვიან.
თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვემხრობით თითოეული მოქალაქის იძულებას, ჩაერთონ სამთავრობო პროგრამაში, მითუმეტეს, როდესაც უახლესი მაგალითები გვაქვს გასული კვირიდან, როდესაც საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მათი ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია. მათ ამოწურეს ეს გზა.
ამასთან, ნუთუ ბარი გოლდუოთერი ისეთი უპასუხისმგებლოა, რომ ხელისუფლებას გამიზნული, დაგეგმილი ინფლაციის პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა სოციალური დახმარების შედეგად მიღებულ დოლარს დოლარის ფასი ჰქონდეს და არა 45 ცენტისა.
ვგონებ, ჩვენც ვუჭერთ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა წევრი ქვეყნებიც მშვიდობისთვის იღწვიან. თუმცა, ვუპირისპირდებით ამერიკული ინტერესების დაქვემდებარებას იმგვარი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სტრუქტურულად იმდენად გაუმართავია, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ გენერალურ ასამბლეაზე ხმების 2/3-ს მოუყაროთ თავი იმ ქვეყნების წყალობით, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს წარმოადგენენ.
ვგონებ, ვუპირისპირდებით ფარისევლობას, როდესაც ჩვენს მოკავშირეებს კოლონიების შენარჩუნების სურვილისთვის თავს ვესხმით, ხოლო საბჭოთა კოლონიებსა და სატელიტ ქვეყნებში მილიონობით ადამიანის დამონების წინაშე დუმილით შემოვიფარგლებით.
ვგონებ, მხარს ვუჭერთ ჩვენი მოკავშირეების დახმარებას მატერიალური სიკეთეების განაწილებით სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ჩვენს ფუნამენტურ რწმენებს იზიარებენ, თუმცა ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებებისთვის ფულის მიცემას, ბიუროკრატიის, თუ არა სოციალიზმის შესაქმნელად მთელს მსოფლიოში.
მიზნად 17 სახელმწიფოს დახმარება გვქონდა, ახლა კი 107 ქვეყანას ვეხმარებით. უკვე 146 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ამ ფულით, ჰაილე სელასიესთვის [ეთიოპიის იმპერატორი] 2 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ვიყიდეთ, ბერძენი მეწარმეებისთვის ფრაკები, კენიელი ჩინოვნიკებისთვის კი დამატებითი ცოლები.
ათასობით სატელევიზიო ნაკრები შევიძინეთ ადგილებისთვის, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება. გასული 6 წლის განმავლობაში 52-მა ქვეყანამ ჩვენგან 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა და ჩვენ კი 52-ვეს სახელმწიფო დახმარებას ვუწევთ.
არცერთი ხელისუფლება ნებაყოფლობით ზომაში არ მცირდება. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამები, ამოქმედების შემდეგ, აღარასდროს ქრებიან.
სამთავრობო დაწესებულება არის ყველაზე ახლო რამ საუკუნო ცხოვრებასთან, რაც კი დედამიწაზე მოგვეპოვება.
ფედერალური მოხელეების რაოდენობა 2,5 მილიონს უტოლდება, ყოველი 6 შრომისუნარიანი მოქალაქიდან 1 მთავრობის მიერაა დასაქმებული. მზარდი ბიუროები თავისი ათასობით რეგულაციით არის ის ფასი, რომელსაც კონსტიტუციური გარანტიებით ვიხდით.
რამდენს გაქვთ გაცნობიერებული, რომ დღეს მთავრობის მოხელეს შეუძლია ადამიანის საკუთრებაში ნებართვის გარეშე შეიჭრას? ისინი უფლებამოსილნი არიან გამოწერონ ჯარიმა, ფორმალური მოსმენის და ნაფიც მსაჯულთა წინაშე საქმის განხილვის გარეშე და მათ შეუძლიათ ჩამოართვან და გაყიდოთ მოქალაქის ქონება ამ ჯარიმის ანაზღაურების მიზნით.
ჩიკოს ოლქში, არკანზასში, ჯეიმს ვიერმა სუბსიდირებული ბრინჯი ჭარბი რაოდენობით დათესა. ხელისუფლებამ 17 000 დოლარის გადახდა დააკისრა, პოლიციის უფროსმა კი მის საკუთრებაში მყოფი 960 აკრის ფერმა აუქციონზე გაყიდა. მთავრობამ განაცხადა, რომ მსგავსი სასჯელი აუცილებელი იყო სხვების გასაფრთხილებლად, რათა სისტემას ემუშავა.
გასული წლის 19 თებერვალს მინესოტის უნივერსიტეტში, ნორმან ტომასმა, სოციალისტური პარტიის ექვსგზის საპრეზიდენტო კანდიდატმა, განაცხადა: „თუ ბარი გოლდუოთერი პრეზიდენტი გახდება, ის შეაჩერებს შეერთებულ შტატებში სოციალიზმის წინსვლას“. ჩემი აზრით, სწორედ ამას იზამს გოლდუოთერი.
თუმცა, როგორც ყოფილმა დემოკრატმა, შემიძლია გითხრათ, რომ ნორმან ტომასი არ არის ერთადერთი, ვინც დღევანდელი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სოციალიზმს შორის პარალელს ავლებს.
1936 წელს თავად „მისტერ დემოკრატმა“, ალ სმიტმა, დიდმა ამერიკელმა, ხალხს განუცხადა, რომ მისი პარტიის ხელმძღვანელობა ჯეფერსონის, ჯექსონისა და კლივლენდის პარტიას მარქსის, სტალინისა და ლენინის გზაზე მიაქანებდა. სწორედ ამიტომ, ის განუდგა პარტიას და უკან არასოდეს დაბრუნებულა, რადგან დღეის ჩათვლით, პატივსაცემი პარტიის ხელმძღვანელობა ინგლისის მშომელთა სოციალისტური პარტიის გზაზე მიაქანებს მას.
ამჯერად არავითარი ექსპოპრიაცია და კონფისკაცია აღარ არის საჭირო, სოციალიზმის თავზე მოსახვევად. რა მნიშვნელობა აქვს, ფლობთ თუ არა ბიზნესს ან საკუთრებას, როდესაც ხელისუფლებას მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უპყრია ხელთ.
ასეთი მექანიზმი უკვე არსებობს. ხელისუფლებას შეუძლია იპოვოს ბრალდება და წაუყენოს ის ნებისმიერს, ვისი გასამართლებაც სურს. ყოველ მეწარმეს შევიწროების თავისი ისტორია აქვს. ხრწნა უკვე დაწყებულია. ჩვენი ბუნებითი, განუყოფელი უფლებები დღეს ხელისუფლების მიერ ბოძებულად მიიჩნევა, თავისუფლება კი არასდროს ყოფილა ასეთი მყიფე, ისე ახლოს მის დაკარგვასთან არასდროს ვყოფილვართ, როგორც ახლა.
ჩვენი დემოკრატი ოპონენტები უარს ამბობენ, იდებატონ ამ საკითხებზე. მათ სურთ დაგვაჯერონ, რომ ეს მხოლოდ ორ კაცს შორის შეჯიბრია - რომ ჩვენ მხოლოდ ორ პიროვნებას შორის გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი.
განა რის განადგურებას ლამობენ ამ კაცთან მიმართებით, გარდა იმ იდეებისა, რომლებიც ჩემთვის და თქვენთვის ძვირფასია. განა მართლაც ასეთი კადნიერი, ასეთი ზედაპირული და თავზეხელაღებულია ის? მე მაქვს პრივილეგია, ვიცნობდე მას. მას ბევრად უფრო ადრე ვიცნობდი, ვიდრე ის უმაღლესი თანამდებობის მოხვეჭას მოისურვებდა და შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს შევხვედრივარ არავის, ვინც ამდენად შორს არის უსინდისო, სამარცხვინო საქციელისგან.
ეს არის კაცი, რომელმაც პოლიტიკაში შესვლამდე ბევრად ადრე საკუთარ ბიზნესში ჩამოაყალიბა მოგების გადანაწილების ტრადიცია - ბევრად ადრე, ვიდრე პროფკავშირები მოიფიქრებდნენ ამას. ის იხდიდა ყველა თანამშრომლის დაზღვევას.
მან თავისი მოგების 50%-ით თანამშრომლებისთვის საპენსიო პროგრამა შექმნა. ის ყოველთვიურ ჯამაგირს უხდიდა თანამშრომელს, რომელიც ავად გახდა და მუშაობა აღარ შეეძლო. ის უზრუნველყოფს ბავშვთა მოვლას დედებისთვის, რომლებიც მაღაზიებში მუშაობენ.
როდესაც მექსიკო წყალდიდობამ წალეკა, ის ავიდა თავის თვითმფრინავში და მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები ჩაიტანა.
ერთხელ ყოფილმა სამხედრომ მომიყვა, თუ როგორ გაიცნო ის. კორეის ომის დროს, შობის ღამიდან ერთი კვირით ადრე ის ლოს ანჯელესის აეროპორტში იმყოფებოდა და შობისთვის მშობლიურ არიზონაში გადაფრენას ლამობდა. მისი თქმით, აეროპორტში მრავალი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა და თვითმფრინავზე ადგილები აღარ იყო დარჩენილი.
რაღაც დროის შემდეგ მეგაფონიდან ხმამაღალი ხმა გაისმა: „ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელსაც არიზონაში სურს გადაფრენა, ამა და ამ გასასვლელში მივიდესო“. ისიც შევიდა მითითებულ გასასვლელში და ბარი გოლდუოთერი დაინახა, თავისივე თვითმფრინავში მჯდომი.
შობის წინა კვირებში ის ყოველდღე აეროპორტში იჯდა, რათა სამხედრო მოსამსახურეები არიზონაში გადაეფრინა, შემდგომ უკან ბრუნდებოდა და იმავეს აგრძელებდა.
კამპანიის გაწამაწიაში ამ კაცმა მოახერხა გამოეყო დრო და თავისი მეგობრის სასთუმალთან მჯდარიყო, როდესაც ის კიბოთი კვდებოდა. მისი კამპანიის მენეჯერები წრიალებდნენ, მაგრამ ის პასუხობდა: „არავინ არის დარჩენილი, ვინც მისთვის იზრუნებს. მინდა იცოდეს, რომ მე მაინც ვზრუნავ მასზე“.
ეს ის კაცია, რომელმაც თავის 19 წლის ვაჟს უთხრა, „არ არსებობს იმაზე მყარი საფუძველი, როგორიც გულრფელობა და სამართლიანობაა და როდესაც საკუთარი ცხოვრების დაშენებას ამ საფუძველზე დაიწყებ და ღვთის რწმენით გაამყარებ, მაშინ დაიწყებ ნამდვილ ცხოვრებას“.
ეს არ არის ის კაცი, ვისაც უდარდელად შეუძლია სხვისი შვილები ომში გაგზავნოს. და სწორედ ეს არის ამ კამპანიის მთავარი თემა, რომელიც სხვა ჩემ მიერ მიმოხილულ საკითხებს აკადემიური ინტერესის სფეროს მიაკუთვნებს - უნდა გავიაზროთ, რომ ვიმყოფებით ომში, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
მათ, ვინც ჩვენს თავისუფლებებს სოციალური სახელმწიფოს იდეაში ცვლიან, უტოპიური მშვიდობის სწამთ, გამარჯვების გარეშე. ისინი თავიანთ გეგმებს „კომპრომისს“ ეძახიან და ამბობენ, რომ თუკი მტერთან პირდაპირ კონფრონტაზიაცე უარს ვიტყვით, ისინი დაივიწყებენ თავიანთ ბოროტ მიზნებს და შეგვიყვარებენ.
ვინც მათ შეეწინააღმდეგება, მილიტარისტად რაცხავენ. ირწმუნებიან, რომ ჩვენ მარტივ გამოსავლებს ვთავაზობთ კომპლექსური პრობლემებისთვის. დ
იქნებ, მართლაც არსებობს მარტივი პასუხი - შესასრულებლად რთული, თუმცა სათქმელად მარტივი: თქვენ და მე უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავებში გამბედაობა და ვუთხრათ ჩვენ მიერ არჩეულ ჩინოვნიკებს რომ ეროვნული პოლიტიკა დაემყაროს იმას, რაც გულის სიღრმეში მორალურად მიგვაჩნია.
ჩვენ ვერ ვიყიდით უსაფრთხოებას, თავისუფლებას, თუკი დაბომბვის შიშით ამგვარ ამორალობას ჩავიდენთ და რკინის ფარდის მიღმა მცხოვრებ მილიარდამდე ადამიანს ვეტყვით: „დაივიწყეთ თქვენი ოცნება თავისუფლებაზე, რადგან ჩვენ ჩვენივე თავების გადარჩენისთვის, მზად ვართ თქვენს დამმონებლებს შევეკრათ“.
ალექსანდერ ჰამილტონი ამბობდა: „ის ერი, რომელიც საფრთხეს თავის მოჭრას ამჯობინებს, მზად არის ბატონისთვის და იმსახურებს კიდეც მას“. ახლა კი პირდაპირ ვთქვათ. არ არსებობს არგუმენტი მშვიდობასა და ომს შორის არჩევანში, თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომლითაც მშვიდობის გარანტირებაა შესაძლებელი - და თქვენ ის ერთ წამში შეგიძლიათ მიიღოთ - დანებებით.
უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი სხვა გზა, რომელსაც ავირჩევთ რისკისშემცველია, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ დაყვავება კიდევ უფრო დიდი რისკია და სწორედ ამ გაკვეთილს გაურბიან ჩვენი ლიბერალი მეგობრები, მათი კომპრომისის პოლიტიკა სწორედ დაყვავებაა და იგი არჩევანს არა ომსა და მშვიდობას, არამედ მხოლოდ ბრძოლასა და დანებებას შორის იძლევა.
თუკი ჩვენ განვაგრძობთ კომპრომისის გზას, უკან დახევას, მოგვიწევს საბოლოო ულტიმატუმს გავუსწოროთ თვალი. და რა მოხდება მაშინ, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი თავის ხალხს ეუბნება, რომ იცის, რა იქნება ჩვენი პასუხი? ის ამბობს, რომ ჩვენ ცივი ომის ზეწოლის გამო უკან ვიხევთ და ერთ დღესაც, როდესაც საბოლოო ულტიმატუმის დრო მოვა, ჩვენი დანებება ნებაყოფლობითი იქნება, რადგან იმ დროისთვის სულისკვეთებით, მორალურად და ეკონომიკურად შიგნიდან ვიქნებით დასუსტებულნი.
მას ამისი სჯერა, რადგან ჩვენი მხრიდან მუდამ ნებისმიერ ფასად მშვიდობის შენარჩუნების მოწოდებები ესმის, ისევე როგორც, ჩვენგან ნათქვამი „ჯობს გაწითლდე, ვიდრე მოკვდე“ ან როგორც ერთმა კომენტატორმა თქვა, „ჯობს მუხლებზე იცოცხლო, ვიდრე ფეხზე მდგარი მოკვდეო“. სწორედ აქ ძევს გზა ომისკენ, რადგან ეს ნათქვამები არცერთი ჩვენგანისთვის არ თქმულა.
ჩვენ კარგად ვუწყით და არ გვჯერა, რომ ცხოვრება იმდენად ძვირფასია, მშვიდობა კი ისეთი ტკბილი, რომ ბორკილებისა და მონობის ფასად ღირდეს მათი მოპოვება. როდის აქეთ აღარ ღირს არაფრისთვის სიკვდილი - მხოლოდ ამ მეტოქის წინაშე? ნუთუ მოსეს ისრაელის შვილებისთვის უნდა ეთქვა, რომ ფარაონის მონობაში ცხოვრება ღირდა? ნუთუ ქრისტეს ჯვარზე უარი უნდა ეთქვა? ნუთუ კონკორდის ხიდზე მდგარ პატრიოტებს იარაღი უნდა დაეყარათ და არ გაესროლათ ტყვია, რომელსაც მთელი მსოფლიო გაიგონებდა?
ისტორიის წამებულნი სულელები არ ყოფილან და ჩვენი კურთხეული მიცვალებულები, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის შეკავებას ემსხვერპლნენ, ტყუილად არ მომკვდარან. მაშინ, სადღაა გზა მშვიდობისკენ? ბოლოს მაინც მარტივ პასუხამდე მივდივართ.
მე და თქვენ გვყოფნის გამბედაობა, ვუთხრათ საკუთარ მეტოქეს, რომ „არსებობს ფასი, რომელსაც არ გადავიხდით“. „არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც გადმოსვლას არ დავანებებთ“.
სწორედ ეს არის ბარი გოლდუოთერის ფრაზის შინაარსიც: „მშვიდობა ძლიერების გზით“. უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „კაცის ბედი მატერიალური გამოთვლებით არ იზომება. როდესაც მსოფლიოს დიდებული ძალები იძვრიან, მაშინ ვხვდებით რომ ჩვენ სულიერნი ვართ - და არა ცხოველები“. ის ამბობდა: „არის რაღაც, დროსა და სივრცეში და რაღაც დროსა და სივრცის მიღმა, რაც, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, მოვალეობაა“.
მე და თქვენ ბედისწერასთან შეხვედრა მოგვიწევს.
ჩვენ ჩვენი შვილებისთვის უნდა შემოვინახოთ საუკეთესო იმედი, რაც კი დედამიწაზე არსებულა, ან მოგვიწევს ათასწლოვან ბნელეთში მათი განმწესება.
გვახსოვდეს მუდამ, რომ ბარი გოლდუოთერს ჩვენი სჯერა. მას სჯერა, რომ მე და თქვენ გვაქვს უნარი, ღირსება და უფლება, მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებები და თავად განვსაზღვროთ ჩვენი ბედისწერა.
მადლობას გიხდით ყველას.
1964 წელი