როჯერ სკრუტონი პოპულიზმზე: პოლიტიკას "ჩვენობითი" სჭირდება

23 ნოემბერი 2021
ფილოსოფოსი

როჯერ სკრუტონი

23 ნოემბერი 2021
23 ნოემბერი 2021

როჯერ სკრუტონი პოპულიზმზე: პოლიტიკას "ჩვენობითი" სჭირდება

პოპულისტები მხარდამჭერებს პერსონალურ გრძონებებზე აპელირებით აგროვებენ, საკუთარი ოპონენტების მიმართ მეტწილად ინდიფერენტულები არიან და არჩევის შემთხვევაში, მათ გეგმებში არანაირად არ შედის იმ ადამიანების პოზიციების შესმენა, რომლებმაც არ მისცეს ხმა. თუ პოპულიზმი დემოკრატიების პოლიტიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, ეს ძირითადად წარმომადგენლობითობის სიკეთის და აუცილებლობის მიმართ მათი უპატივცემულობის გამოძახილია. წარმომადგენლობითმა ხელისუფლებამ რომ იმუშავოს, წარმომადგენლებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ამომრჩევლების იგნორირება, ნებისმიერი საკითხის პრაგმატულად განსჯა და საკუთარი ამომრჩევლების მსგავსად ზრუნვა იმ ადამიანების ინტერესებზე, რომლებიც მათ არ უჭერენ მხარს. ეს საკითხი ორი საუკუნის წინ ედმუნდ ბერკმა მიმოიხილა, რომ რეპრეზენტაცია, დელეგაციისგან განსხვავებით, გულისხმობს თანამდებობას, რომელსაც პასუხისმგებლობები განაპირობებს. ყველა საკითხის ამომრჩევლებთან მიმართებით განსჯა და უმრავლესობის მოსაზრებებით ხელმძღვანელობა სწორედ ამ პასუხისგმებლობებისგან თავის არიდებას, კონსენსუსის საფარქვეშ უკან დახევას და საკუთარ ქმედებებზე ჭეშმარიტი პასუხისმგებლობისგან ხელის აღებას ნიშნავს.

თანამედროვე პირობებში, რომელშიც ხელისუფლებები იშვიათად თუ ემყარებიან უმრავლესობის ელექტორალურ მხარდაჭერას, ადამიანების უმეტესობას გვყავს მთავრობა, რომელიც არ მოგვწონს. ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ, ვიმართებოდეთ იმ პოლიტიკოსების მიერ მიღებული კანონებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებსაც არ ვეთანხმებით და რომლებიც, შესაძლოა, ძალიანაც არ მოგვწონს. როგორ არის ეს შესაძლებელი? რატომ არ იშლებიან დემოკრატიები გამუდმებით, რატომ არ ამბობენ უარს ადამიანები, იმართებოდნენ მათი ხელით, ვისთვისაც ხმა არასოდეს მიუციათ? რატომ არ ვხედავთ განხიბლული ამომრჩევლების დემონსტრაციებს, მოწოდებით - „ის არ არის ჩემი პრეზიდენტი“ და რატომ არ მოხდა, ყველაფრის გათვალისწინებით, ლიბერალების მასობრივი გადასახლება კანადაში?

პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიებს ბევრად უფრო მძლავრი რამ ამყარებს, ვიდრე პოლიტიკაა. ეს არის „პირველი პირის მრავლობითი“, პოლიტიკამდელი ლოიალობა, რომელიც აიძულებს საპირისპირო საარჩევნო ქცევის მეზობლებს, ერთმანეთი თანამოქალაქეებად აღიქვან, რომელთათვისაც ხელისუფლება არა „ჩემი“ ან „შენი“, არამედ „ჩვენია“, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის. მსგავს სახელისუფლებო სისტემაში მრავალი ნაკლოვანებაა, მაგრამ ერთი მახასიათებელი მას გადაულახავ უპირატესობას ანიჭებს სხვა ნებისმიერ სისტემასთან მიმართებით - ამ სისტემაში ძალაუფლებაში მყოფნი ანგარიშვალდებულნი არიან მათ მიმართ, ვინც ხმა არ მისცეს. მსგავსი ანგარიშვალდებულება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ელექტორატი შეკრულია „ჩვენობითი“ ცნების ქვეშ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენობითი“ განცდა ადგილზეა, შეუძლიათ მოქალაქეებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები მათზე იზრუნებენ. სწორედ ნდობა განაპირობებს ადამიანების თანამშრომლობას, უზრუნველყონ, რომ საკანონმდებლო პროცესი შექცევადი იყოს, როდესაც ის არასწორი გზით წავა. ეს ხდის შესაძლებელს, რომ შევიწყნაროთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი ინდივიდუალური სურვილების საპირისპიროა და რომელიც გამოხატავს ქვეყნის და მომავლის შესახებ ისეთ ხედვებს, რომელსაც არ ვიზიარებთ. და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმიტომაა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაელოდონ არჩევნებს, რომელშიც დამდგარი ზიანის გამოსწორების შანსი მიეცემათ.

ეს მარტივი დაკვირვება შეგვახსენებს, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია სიფრთხილეს, წინდახედულობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს ხელისუფლების შიგნით - თვისებებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ბრბოს ემოციებთან. სწორედ ამ მიზეზით ვამჯობინებთ წარმომადგენლობით ხელისუფლებას ხალხის პირდაპირი მიმართვის ფორმებს, იქნება ეს რეფერენდუმი, პლებისციტი თუ სოციალური მედია. ჩვენ უნდა გვქონდეს ნდობა, რომ პოლიტიკური ოპონენტები აღიარებენ თავიანთ ვალდებულებას, წარმოადგენდნენ სრულ მოსახლეობას და არა მხოლოდ მათი პოლიტიკური მხარდამჭერების დღის წესრიგს.

თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ნდობა ჩამოიშლება? კერძოდ, რა ხდება, როდესაც ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მათი წარმომადგენლები არც ახსენებენ, არც განიხილავენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საკითხები კონკრეტულად იდენტობის პრობლემებს ეხება - „ვინ ვართ ჩვენ“ და „რა გვაერთიანებს“? ჩემი აზრით, სწორედ აქამდე მივედით დასავლურ დემოკრატიებში - ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. ბოლო დროს ორივე კონტიტენტზე მომხდარი ამბები ნაკლებ გაგკვაკვირვებდა, მედია და პოლიტიკოსები ადრევე რომ გამოფხიზლებულებიყვნენ და შეემჩნიათ, რომ დასავლური დემოკრატიები - ყველა მათგანი გამონაკლისის გარეშე - იდენტობის კრიზისს განიცდიან. „ჩვენობითის“ განცდა, რომელიც ნდობის საფუძველია და აუცილებელი წინაპირობაა წარმომადგენლობითი მართვისთვის, საფრთხის წინაშე დადგა, არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკის, არამედ უცხოენოვანი, სხვა ჩვეულებების, სხვა რელიგიის, სხვა რწმენებისა და სხვა ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მასობრივი მიგრაციით. ამაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ამ საკითხზე არა მხოლოდ საჯაროდ ხმის ამოღება ეკრძალებათ, არამედ ამ ამბავთან შეგუების მიზნით, უპირატესობებსა და დანაკარგებზე მსჯელობაც.

სწორედ ამ პირობებში ვხედავთ პოპულიზმის აღზევებასაც. მარინ ლე პენს საფრანგეთში, ჯერემი კორბინს ბრიტანეთში, ნიკოლა სტერჯონს შოტლანდიაში, გეერტ ვაილდერსს ნიდერლანდებში ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, როცა საქმე იდეოლოგიას ეხება. თუმცა ისინი იზიარებენ ერთ მნიშვნელოვან თვისებას - ისინი ელექტორატის შიგნით არსებულ ფრაქციებს წარმოადგენენ და არა მთელ ელექტორატს. მათ მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა სურთ, თუმცა არანაირად არ აპირებენ კომპრომისზე წასვლან მათთან, ვისგანაც ამ მხარდაჭერას არ ელიან. მათი საქმე სლოგანების, ბანერებისა და მარშების პოლიტიკაა.

ნამდვილი დემოკრატები კი ასე არ იქცევიან. მათი ამოცანა კონკრეტული მოწოდების გარშემო ადამიანების შემოკრება და მათი მიზნების უმრავლესობის ძალით გატანა არ არის. ისინი მართვაში არიან ჩართულები, რაც დისკუსიასა და კომპრომისს ნიშნავს მათთან, ვინც მათ არ ეთანხმება. პოპულისტები ბრბოს უძღვებიან წინ, ბანერით - „წინ გამარჯვებისკენ“. გამარჯვება კი ოპოზიციის დამარცხებას და შემდგომ მათ განადგურებას ნიშნავს, როგორც ეს ლენინმა და ჰიტლერმა შეძლეს - ქარიზმით, ისტერიკის თესვით და მასების მოხიბლვით, სრული ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ნამდვილი დემოკრატები ამ თამაშს ვერ ითამაშებენ. მათი მიზანი არა ბრბოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობაა. მათ რომ ბანერი ეჭიროთ, მასზე უნდა ეწეროს „დაეჭვდით“ - ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სლოგანი გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს.