ხარიხიანი განათლების ძიებაში ჩაფლული საზოგადოების მოთხოვნით შთაგონებული საქართველოს განათლების სამინისტრო ზაფხულის ბოლოს ,,ახლებურად“ აქტიურდება და ახალი სასწავლო წლისთვის ტრადიციულ სამზადისს იწყებს. ქართველს ხომ ტრადიციები ჩურჩხელაზე მეტად უყვარს. ტრადიციები, რომელიც არსებითად მორყეულსა და მოძველებულს უცვლელად ტოვებს და დითირამბებით ანებივრებს, სიახლეს კი ბარიერად ეღობება.
ტრადიციების მიმდევრობითა და განათლების მაჩვენებლით თავმომწონეები სკოლის შენობის კედლებს შეათეთრებენ, იატაკს შეღებავენ, ინვენტარს დაითვლიან, ცარცის დაფებს ზოგან მარკერის დაფებით ჩაანაცვლებენ, კარ-ფანჯარას გააახლებენ, ტუალეტებში წყლის შეყვანის საკითხს ისევ მნიშვნელოვნად ჩათვლიან, მაგრამ ვერ მოაგვარებენ და მასწავლებლებს დააატრენინგებენ, გაწვრთნიან, მოამზადებენ.
რაში სჭირდება მომზადება მასწავლებელს და რისთვის ემზადება მოსწავლე? შესაძლებელია თუ არა საქართველოში, განათლების საშუალებით, ახალგაზრდის ინდივიდად, მოაზროვნე სუბიექტად ჩამოყალიბება, მისთვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების უნარის შეძენა-გამომუშავება? შესაძლებელია თუ არა ყმაწვილის ისე აღზრდა, ,,რომ წინ უძღოდეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული“? თუ სწავლების მიზანი იზოლაციაში მოქცევა, გაყალბებული, სადღეგრძელოდ ქცეული იდეების ფაქტებად გასაღების ტენდენციის დამკვიდრება და გამყარებაა, რაც ფუნდამენტალიზმისა და ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და დაფუძნების ხერხი და ნიშანია?
არის თუ არა მასწავლებლის საქმე ერთგვარი ბრძოლის ველი და რატომ?
,,ტრენინგი ქართულად“ ანუ ,,მასწავლებლის სახლის“ იერიში ,,დიდაქტიკოსთა“ გონებაზე განათლების სისტემის ცენტრალური საბრძოლო იარაღია. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების დატრენინგება კი - გონების გადატკეპნას, სწორხაზოვნების გამტკიცებას, ძველი ტექსტების და კიდევ უფრო ძველი იდეების სკივრიდან ამოფრიალებასა და ერთმანეთისთვის შეთავაზებასა და დატოლებას ნიშნავს.
ზაფხულის სიცხით მობეზრებული, ლიტერატურულ წიაღსვლებსა და პოეზიის მადლს დანატრებული, მრავალგზის დათრგუნული და მაინც სიცოცხლისმოყვარული, ტრადიციული ზედსახელით, ,,ქართულის მასწავლებლები“, - ონლაინ ტრენინგზე იკრიბებიან; ნაწილი თვლის, თუ ღმერთმა რამდენიმე დღეში სამყაროს შექმნა მოახერა, მათ შეკრებას და ,,განათლებას“ ხელს ვერავითარი ეშმაკის მანქანა ვერ შეუშლის. ნაწილი გაბრძოლებას და ვითარების შეფასებას ცდილობს და სიტყვის ძალის ამაო გაფლანგვაზე წუხს. ნაწილი დუმს. ტრენერი ირიბად და გეგმაზომიერად სამსჯელო თემას არჩევს: საზოგადოებისთვის აქტუალური მნიშვნელობის საკითხები ძველი ქართული ლიტერატურის ჭრილში და ძველი ქართული ლიტერატურა ძველი და ახალი აღთქმის, როგორც მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; რელიგიური თვალსაზრისის ძიება ყოველ ტექსტში და ლიტერატურისთვის ძირითად ფუნქციად ბიბლიური ალუზიების ძიების ფუნქციის მინიჭება.
,,როცა ამ ქვეყანაში ადამიანის სული იბადება, მას უამრავი ბადით იჭერენ, რომ გაფრენის საშუალება არ მისცენ. შენ მელაპარაკები ეროვნებაზე, ენაზე, რელიგიაზე. მე ვეცდები დავუსხლტე ამ ბადეებს“, - ფიქრობს ახალგაზრდა ირლანდიელი ყმაწვილი, სტივენ დედალოსი, ჯოისის ირონიულ, ავტობიოგრაფიულ აღსარებაში, სადაც ავტორი საკუთარი, უკვე დაძლეული პრობლემების შესახებ გვიამბობს. სტივენ დედალოსის სახელი იკარუსის ფრთების შემქმნელისა და I საუკუნეში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგების გამო ფანატიკოსების მიერ ქვებით ჩაქოლილი დიაკვანის ისტორიას აერთიანებს. სტივენ დედალოსზე ამ ტრენინგზე არ უსაუბრიათ. არც თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე განხეთქილებისა და დაგროვილი პრობლემების მიზეზებზე, - სკოლა და პოლიტიკა ხომ უნდა გავმიჯნოთ?
რას გვიამბობს 2021 წლის ცხელ ზაფხულს უფროსი მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგი და ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად არჩეული, ერთი შეხედვით, უწყინარი ,,დავითიანი“? რას აერთიანებს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება? საკუთარსა და ქართლის ბედზე უსასრულო წუხილს? რომანტიზმის ფრთის ქვეშ შებუდებულ უიმედო და უმომავლო პათოსს? გაფრენილი ველებისა და ტერიტორიების თაობაზე მოკრძალებულ ცრემლდენას? რაც შეიძლება პოეტურად, უფრო სიმღერით გამოხატულ გულძმარვას? ზღვაში დაუთვლელი ქვიშისა და ცაში ვარსკვლავების ოდენობის პირდაპირპროპორციულ ,,ქართლის ჭირის“ ხარისხს? ,,ცისფერყანწელების“ მარცხისა თუ გამარჯვების მიზეზების კვლევას?
ცოდნა რომ სინათლეა, ჩვენში საუკუნე-ნახევრის წინ შევთანხმდით, მაგრამ დღევანდელი და არა თანამედროვე განათლების სისტემა ოლამური ერთობის სახელით, სადაც დრო იგივეობრივია უდროობის, ზედროულის; სივრცე-უსასრულობის, საზღვარი-უსაზღვროების და იხსნება ყოველგვარი დრო-სივრცითი ბარიერი, გვთავაზობს საკუთარი, ხელიხელ საგოგმანები ლიტერატურული მემკვიდრეობის საშუალებით დავამყაროთ კონტაქტი თანამედროვეობასთან, ახალგაზრდებთან, მოზარდებთან; ძველი ქართული ლიტერატურა ისტორიული კონტექსტით, რელიგიური ქვეტექსტითა და ანალიზით - ხელშეუხებელ ხატად დავასვენოთ, სარკედ ვაქციოთ, რომელიც თანამედროვე მოვლენებს სასურველი ინტერპრეტაციით აირეკლავს.
კანონიკურ ტექსტებში ცვლილებების შეტანა და მოდერნიზება ეშმაკისეული ჩაანალიზების მცდელობაა. ტრადიციად ვაქციოთ ძველის მოფრთხილება, გაქანდაკება და ახალგაზრდისთვის კერპის სახით შეთავაზება, რადგან რაც უკვე თქმულა და დაწერილა, ერთმანეთს უხილავი და ხილული ძაფებით უკავშირდება. გვეშინოდეს სიახლის, თანამედროვე რიტმის, ვტკეპნოთ ,,რაინდთა სახეები ,,ვეფხისტყაოსანში“, ვუკმიოთ გრიგოლ ორბელიანის პოეზიას, ღიმილით გავკილოთ ,,ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობა და გერმანული ლიტერატურის პერიოდის მთავარი მოქმედი პირები, ნორმებისა და ტრადიციების წინააღმდეგ აჯანყებული და უფროსი თაობის ავტორიტეტის უარმყოფელი, ინდივიდუალიზმის მომხრე, ახალგაზრდა ავტორები. თაობათა ბრძოლას ღირებულებათა ბრძოლაც თან დავურთოთ და სიახლის და განვითარების კარი ჩავკეტოთ, ტრადიციულად, ურხევ ტბორად ვიქცეთ.
თუ მასწავლებლების გადამზადება-ზომბირების გავლით მოზარდებს სისტემის მორჩილ ობიექტებად ვაქცევთ; მორყეული, მაგრამ გაფეტიშებული ტრადიციების მეხოტბედ გარდავქმნით; მოვახერხებთ და ცივილიზაციის საშიშროებითა და კოსმოპოლიტიზმით დავაფრთხობთ, წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების მაგივრად შუასაუკუნეების ტოლ უმეცრებას შევთავაზებთ, იქნება თუ არა მიღებული შედეგი, დამყოლი მრევლი, სახელმწიფოს განვითარების გარანტი? საიდან უბერავს ქარი? ქოთანს ყურს საიდან ვაბამთ? ისე ვხნავთ და ვთესავთ, როგორც ამბიონზე ჩამოკრავს და ამბიონზე კი ისე ჩამოკრავს, როგორც ,,ორთა მათ ჩემთა უფალთა“ შეხმატკბილებისთვის იქნება საჭირო.
შეხმატკბილება ანუ ხელისუფლებისა და ეკლესიის შეთანხმებული ქმედება კი მნიშვნელოვანი იყო დავით გურამიშვილის პერიოდის ქართლში, სადაც ქართველები და კახელები საკუთარ უფალს შეუორგულდნენ და მნიშვნელოვანია დღესაც, გარკვეული თუ გაურკვეველი პრობლემების თავიდან ასაცილებლად: ქართველობის უხილავი და ხილული მტრისგან დასაცავად, ღვთისმშობლის კალთის შრიალის შესანარჩუნებლად, დაჩიპვისა და გარყვნილების შემოტევის ჯვარკომბლით შესაბოჭად. შეორგულებას მოჰყვება ,,საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, რაც პირდაპირ უკავშირდება ,,მასწავლებლის სახლის“ ინსცენირებული ტრენინგების მთავარ თემას ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლებისთვის - პროვიდენციალიზმს.
,,ხალხის ისტორიასა და ბედში ყველაფერი წინასწარ განისაზღვრება ღვთის ნებით“, - ამბობს პროვიდენციალიზმი.
,,ყველას მიეზღვება დამსახურების მიხედვით“ - ამატებს ,,მასწავლებლის სახლი“ და როგორც ნეტარი ავგუსტინე ისტორიული პროცესების მისეული გააზრებით საფუძველს უქმნის შუა საუკუნეების ქრისტიანულ-საეკლესიო ისტორიოგრაფიას, ვისთვისაც გონება მხოლოდ მაშინ იღებს ჭეშმარიტ მიმართულებას თუ იგი რწმენის გამტკიცებას ემსახურება, ისე ქართული ,,განმანათლებლობა“ 21-ე საუკუნის ერთ ცხელ და მწველ ზაფხულს, პანდემიისა და რელიგიურ-პოლიტიკური თამაშების ფონზე, პირდაპირ და ირიბად მიგვანიშნებს, რომ:
,,მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;
ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;
ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.
მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის ოდისა“
მოახერხებს თუ არა მხატვრული ლიტერატურა საკომუნიკაციო ფუნქციის შესრულებას, როცა კულტურის განვითარება მის შემოქმედებით განახლებას გულისხმობს? როგორ შევძლებთ ტრადიციასა და სიახლეს, ნოვატორობას შორის წონასწორობის დაცვას, როცა მასწავლებელი სინამდვილეს შეიმეცნებს არა განსჯისა და ფაქტების ანალიზით, არამედ რწმენით, დოგმითა და რელიგიური სწავლებით. რის ფონზეც: ტექტონიკური პროცესები - ღვთის რისხვად ფორმულირდება; ქანებში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი ენერგიის განტვირთვა - ჩვენი ცოდვების განსხეულებად; ვაქცინაცია - მხეცის ნიშნის სუბლიმირებად იქცევა და საბოლოოდ, წერა-კითხვის გავრცელება-გარყვნილების ქადაგებად.
განა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი შეიძლება ჰქონდეს დღეს განათლების სფეროს, რომ ყულფად და გამომცელველად გვექცეს? რა მეთოდებით, რა მანქანებით გვიწევს დავუსხლტეთ ამ ბადეებს, დაგებულ ხაფანგებს, ჰაერში ავად მოქანავე ყულფ-არგუმენტებს?
,,ირლანდია ის ბებერი ღორია, საკუთარ გოჭებს რომ თქვლეფს“, - წუხს სტივენ დედალოსი, რომელმაც უამრავი წინაღობის გადალახვა მოახერხა, მათ შორის რელიგიური დოგმების, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემისა და ირლანდიური საზოგადოების მარწუხების, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობდნენ, ჩაეკლათ მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება.
როგორ საზოგადოებას შეუძლია აირჩიოს საკუთარი ბედი?