რატომ იზრდება ფასები? - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან

18 ნოემბერი 2021
18 ნოემბერი 2021
18 ნოემბერი 2021

რატომ იზრდება ფასები? - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან

ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 12,8%-ს შეადგეს, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში ინფლაცია ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13,1%-იან ნიშნულს მიაღწევს, რაც მსოფლიოს მხოლოდ 15 ქვეყნის მაჩვენებელს ჩამორჩება.

წინა წელთან შედარებით დრამატულად არის გაზრდილი ფასები ძირითად საკვებ პროდუქტებზე: ბოსტნეულის ფასი 43%-ით არის გაზრდილი, პურპროდუქტების 19,4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 31,6%-ით, რძეზე, კვერცხსა და ყველიერზე კი - 18,2%-ით.

რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების დრამატული ზრდა, არის თუ არა ეს ხელისუფლების წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და როგორ შეიძლება არსებული დინამიკის შემოტრიალება?! ჩვენს კითხვებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი პასუხობს.

რა არის ინფლაცია და რა პრაქტიკული იმპლიკაციები შეიძლება ჰქონდეს მზარდ ინფლაციას მოქალაქისთვის?

- ინფლაცია უბრალოდ დეფინიციაა ფასების ზრდის. ეს არის გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც ცდილობენ, რომ ნახონ, რა სისწრაფით იზრდება ფასები.

ფასების ზრდა, თავისთავად, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე. პრინციპში, სხვადასხვა ეკონომიკურ სკოლაში არსებობს გავრცელებული დამოკიდებულება ინფლაციის მიმართ, რომ პატარა ინფლაცია ყოველთვის არსებობს ეკონომიკაში და ნორმალურია. ვიღაცები ამას ეთანხმებიან, ვიღაცები არა, მაგრამ პრინციპში მეინსტრიმულად რომ შევხედოთ, თუ რას ფიქრობენ სხვადასხვა ეკონომისტები, რაღაც დონის ინფლაცია ნორმალურია.

სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის ნორმალური დონე სხვადასხვა შეიძლება იყოს. ჩვენთან ეროვნული ბანკი 3%-იან ინფლაციას უმიზნებს, ამერიკაში 2%-იანს, შვეიცარიაში 1%-იანს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, როდესაც ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი, ჩვენი კეთილდღეობა უარესდება. ეს არის მთავარი, რითიც ინფლაცია გვირტყამს.

ინფლაციის ზრდა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ძირითადად, ინფლაციის ზრდა პოსტ-პანდემიურ ფაქტორებთან და საერთაშორისო ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული. რამდენად გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ორი ფაქტორი ინფლაციის ზრდის მთავარი კონრიბუტორია?

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მესამე მნიშვნელოვან ფაქტორს არ ასახელებს. თუმცა, სამართლიანები რომ ვიყოთ, პანდემიასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, მსოფლიოში გართულდა სხვადასხვა სერვისებისა და პროდუქტების მიწოდება. ამის კარგი მაგალითია კონტეინერების ღირებულების მკვეთრი ზრდა. პროდუქტის გადატანისას კონტეინერების დაქირავების ფასი მკვეთრად გაიზარდა - ეს ტრანპორტირების ფასების ზრდას იწვევს, რაც, თავისთავად, იმპორტირებული საქონლის ფასს ზრდის.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნავთობია. ეს თვითშექმნილი პრობლემაა ამერიკელების და ევროპელების მიერ. 2-3 წლის წინ ამერიკა იმდენ ნავთობს აწარმოებდა, რომ მისი იმპორტირება არ სჭირდებოდა. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის ინსტინქტი იქითკენ არის მიმართული, რომ შეამციროს ნავთობის წარმოება, რასაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით ამართლებენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამხილი, რომ კლიმატის ცვლილებასთან ნავთობის წარმოება პირდაპირ კავშირშია. გაზის წარმოების ზრდამ, პირიქით, კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით დადებითი შედეგი მოიტანა, როდესაც გაცილებით ბინძური საწვავი, ნახშირი ჩაანაცვლა.

შემცირდა ნავთობის და გაზის წარმოება ამერიკაში - როდესაც მიწოდება მცირდება და წარმოება მცირდება, ბუნებრივია, ფასები იზრდება და უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული OPEC-სა და რუსეთზე, რომლებიც არც თუ ისე საიმედო ხალხია და ხშირ შემთხვევაში, ნავთობის და გაზის ფასს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. შესაბამისად, ცხადია, ნავთობის და გაზის ფასის ზრდა სხვა პროდუქტის ფასებზეც მოქმედებს.

ასევე არის მონეტარული მიზეზი, რომელიც ინფლაციის ზრდას იწვევს. კონკრეტულად ის, რომ ძალიან ბევრი ფული დაიბეჭდა. თანამედროვე მონეტარული პოლიტიკა ცოტა სხვანაირად მუშაობს - ეს არ ნიშნავს, რომ მეტი ბანკნოტი დაიბეჭდა, მაგრამ მონეტარული პოლიტიკა გაცილებით უფრო რბილი გახდა მსოფლიოში თითქმის ყველგან, უპირველეს ყოვლისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კი - ამერიკაში, რადგან დოლარი ჯერ კიდევ რჩება სარეზერვო ვალუტად მსოფლიოში. ძალიან გაიზარდა ფულის მასა და ბევრისთვის გასაკვირად, ამ ფაქტს ისე მოგვაწოდებდნენ, თითქოს, ამას ინფლაცია არ უნდა გამოეწვია. ჯერ ამბობდნენ, რომ ეს ინფლაციას არ გამოიწვევდა, ხოლო როცა გამოიწვია, გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო ინფლაცია, რაც აბსოლუტურად დემაგოგიური არგუმენტია და დღესაც ასეთ პოზაშია აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ეროვნული ბანკი, რომ ეს პერიოდი გადაივლის და ტრანზიტორულ ინფლაციასთან გვაქვს საქმე, რაც სასაცილოა - დიდი ხანია ამბობენ, რომ გადაივლის, მაგრამ ყოველ თვე უფრო და უფრო იზრდება ინფლაცია ამერიკაში.

ასე რომ, კი, მსოფლიოში არის ეს ტენდენცია - გაზრდილი ლიკვიდურობის, მოწოდების შოკების - ეს ორი ფაქტორი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახსენა, მართლაც არსებობს.

მაგრამ ამას ემატება მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, საქართველოს შემთხვევაში, რომელსაც ვერ დავაბრალებთ ვერც პაუელს და ვერც ერდოღანს. ეს არის ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეული გაცილებით რბილი მონეტარული პოლიტიკა. ჩვენთან საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იყო და ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, რატომღაც, ის შერბილდა და ეს, რა თქმა უნდა, ინფლაციის ზრდას იწვევს. რეფინანსირების განაკვეთი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად არის. ამას თან ემატება ის, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურაა განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სამომხმარებლო საქონლის უდიდესი ნაწილი იმპორტულია - ამიტომ ლარის კურსიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ლარი სუსტდება, იმპორტირებული პროდუქტების ფასი იზრდება.

ამას ემატება ეროვნული ბანკის აბსოლუტურად სულელური ინიციატივები ჭარბვალიანობის წინააღმდეგ და ლარიზაციის უაზრო პროგრამები, რომელმაც იმის საპირისპირო შედეგები მოიტანა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა განზრახული, რადგან ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნდობაზე. როცა ხელისუფლება ძალით გტენის რომელიმე ვალუტას, ეს ბუნებრივია, ლარის მიმართ ნდობას დრამატულად ამცირებს.

რბილი მონეტარული პოლიტიკა, ნდობის შემცირება ლარის მიმართ და ძალიან ნელი ეკონომიკური ზრდა, რაც, თავისთავად, ადგილობრივი ვალუტისთვის უარყოფითი ფაქტორია.

შესაბამისად, თუ პირობითად გადავანაწილებდით ბრალეულობას, მსოფლიოს შეიძლება ჩვენი მდგომარეობის 30% დავაბრალოთ, მაგრამ პრობლემის 60-70% ჩვენ მიერაა შექმნილი.

რა შემთხვევაშია მაღალი ინფლაცია საშიში?

- მაღალი ინფლაცია ნიშნავს, რომ ფულის ფასი იზრდება. მაღალი ინფლაციის პირობებში, რომელიმე პროექტში ფულის ჩადებას თუ გადაწყვეტ, გაცილებით უფრო მაღალი უკუგება უნდა გქონდეს, რომ არა მხოლოდ იმ რისკის კომპენსაცია მიიღო, რომელიც გაიღე, არამედ, ინფლაციისაც. Ამ დროს ბუნებრივად იბადება კითხვა: რის ყიდვას შეძლებ იმ ფულით, რომელსაც პროექტიდან ამოიღებ?

მაღალი ინფლაცია ნიშნავს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს - მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძვირი ფული, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან მაღალი უკუგების პროექტები გაცილებით უფრო მცირეა, შესაბამისად, ინფლაციის გამო გაცილებით ნაკლები პროექტი ხორციელდება - როდესაც ფული ძვირდება, ეკონომიკური აქტივობა მცირდება.

ფასების ზრდასთან ერთად სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებში ვკითხულობთ, რომ საშუალო ხელფასი დოლარში 2020 წელს 2012 წელთან შედარებით 63 დოლარით არის შემცირებული. Ნიშნავს თუ არა ეს პირდაპირ იმას, რომ მოქალაქეები შოულობენ ნაკლებს და იხდიან მეტს?

- შეიძლება არსებობდეს არგუმენტი, რომ ამას პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს, მაგრამ, სინამდვილეში - ნიშნავს. ხშირად გვესმის ხოლმე აბსოლუტურად მცდარი არგუმენტი, მათ შორის ეროვნული ბანკისგან და მათი მხარდამჭერი ეკონომისტებისგან, რომ შემოსავლები დოლარში არ უნდა ვთვალოთ, არამედ ე.წ რეალურ ეკონომიკურ ზრდას უნდა შევხედოთ და ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მცირე, 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა მართლაც გვაქვს.

თუმცა ეს არ არის სწორი. არ არის სწორი ეკონომიკური პარამეტრებით შევხედოთ ეკონომიკის მდგომარეობას. ბოლო-ბოლო განწყობებს და ადამიანების აღქმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება უგულებელვყოთ ის, რომ ერთ სულ მოსახლეზე დოლარში ჩვენი ეკონომიკა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ გაზრდილა. როგორც იყო 4000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე 10 წლის წინ, ასევეა დღესაც. ადამიანები როცა ხედავენ, რომ დოლარში გამოხატული შემოსავლები შემცირდა, რაღაც გათვლებით ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკით მათ ვერ გადაარწმუნებ.

ეკონომიკაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ადამიანებმა კეთილდღეობის გაუმჯობესება იგრძნონ. ეს არის ჩვენი ამოცანა. მნიშვნელოვანია მიმართულება იგრძნო. დოვლათსაც კი არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენადაც პოზიტიურ მოძრაობას, რომ სადღაც მიდის ქვეყანა და ვიღაცას ვეწევით.

ჩვენ კი თითქოს ვმოძრაობდით და გავჩერდით და წლებია უკვე გაჩერებულები ვართ. ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გამოხატული შემოსავლებით 10 წელი ეკონომიკას რომ ვერ ზრდი, ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელ თაობას დრო მოპარე. 9-10 წლის განმავლობაში შეგიძლია გააორმაგო და გაასამმაგო ეკონომიკა.

მეტსაც გეტყვით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები დოლარში წინა ხელისუფლების დროს, ფაქტობრივად, გაოთხმაგდა. 1 000 დოლარი იყო ერთ სულ მოსახლეზე, როცა შევარდნაძის რეჟიმი დამთავრდა და როცა ქართული ოცნება მოვიდა, მაშინ იყო 4 000 დოლარი. ეროვნული ვალუტაც გამყარდა. ვარდების რევოლუციამდე 1 დოლარი 2,5 ლარი ღირდა, ქართულმა ოცნებამ კი ჩაიბარა ქვეყანა, რომელშიც დოლარის კურსი 1,65 ლარიან ნიშნულზე იყო, მათ კი ლარი 2-ჯერ გააუფასურეს.

იმის თქმა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება საქართველოში შეუძლებელია - დანაშაულია. ჩვენ გვაქვს პროდუქტიულობის განვითარების უშველებელი რესურსი. პროდუქტიულობის გაუმჯობესების ყველაზე სწრაფი გზა არის კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში. კაპიტალს ნოუ ჰაუც მოყვება, ცოდნაც მოყვება, შრომის საშუალებები მოყვება და ჩვენისთანა ეკონომიკისთვის, რომელსაც ძალიან სჭირდება კაპიტალის შემოსვლა, სამწუხაროდ, მაგ თვალსაზრისითაც, ძალიან ჩაფლავებულები ვართ.

შესაბამისად, არ შემოდის ცოდნა, არ შემოდის კაპიტალი, არ შემოდის ნოუ ჰაუ და პროდუქტიულობასაც ვერ ვზრდით. იმის იმედად ვართ, რომ მთავრობა შეარჩევს კარგ პროექტებს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ან რომელიმე საპარტნიორო ფონდი მიიღებს საოცარ საინვესტიციო გადაწყვეტილებას ქართული ჯიშის ღორების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს ხომ აბსურდია, ცისფერი მთებია, როცა შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ზედაპირზე დევს. ეს გაკეთებადია და ამის მაგივრად, 10 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.

IMF-ის პროგნოზით, საქართველო ინფლაციის მაჩვენებლით მე-16 ადგილზეა. რატომ შეიძლება ქართული ეკონომიკა ნაკლებ ეფექტურად უმკლავდებოდეს პანდემიის და საერთაშორისო ფასების ზრდით დამდგარ გამოწვევებს, ვიდრე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა?

- ეს საგანგაშო მონაცემია. მე ვიტყოდი, რომ ეს შედეგია მონეტარული პოლიტიკის იმ საკმაოდ ჩუმი, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებისა, რომელიც საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს. თურქეთის მონეტარულ პოლიტიკას ემსგავსება ჩვენი მონეტარული პოლიტიკა. თურქეთი ტრადიციულად რბილი მონეტარული პოლიტიკის ქვეყანაა. მე თუ მკითხავთ, ისინიც შეცდომას უშვებენ - თურქეთის ცენტრალური ბანკი იმდენად დამორჩილებულია ერდოღანს, რომ ძალიან ცუდ გზას ადგანან, მაგრამ თურქეთში სულ მაღალი ინფლაცია იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა, მოლოდინებიც ასეთი იყო.

ჩვენთან ეს ცვლილება მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გადავედით რბილ მონეტარულ პოლიტიკაზე და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ, მაგ თვალსაზრისით, ტენდენციაა და ამ ტენდენციის გამოხატულება და მანიფესტაციაა ის ციფრები, რომელსაც ვხედავთ.

მონეტარული პოლიტიკის გარდა, სხვა რა შიდა ფაქტორები განაპირობებენ ინფლაციის ზრდას?

- არ მინდა, ზედმეტად ფილოსოფიურად გამომივიდეს, მაგრამ, პრინციპში, არაერთი ადამიანი, მათ შორის გიგა ბოკერია ახსენებს ხოლმე ხშირად და აბსოლუტურად სწორად, რომ „ძიძა მთავრობის“ როლში გადავდივართ. მთავრობის ზოგადი დამოკიდებულებაა მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ არ ვიცით და მათ უნდა დავუჯეროთ. რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, ისინი შეარჩევენ პროექტებს, გამოგვართმევენ ფულს და ამ ფულს სწორად გაანაწილებენ, ჩვენს გასაკეთებელსაც ისინი გავაკეთებთ, ჭარბვალიანობისგან დაგვიცავენ, საპენსიო ფონდებში ფულს დაგვაზოგინებენ, ჩვენი სურვილის მიუხედავად, იმიტომ, რომ ჩვენ სინამდვილეში არ გვესმის, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ თავად ვერ დავდებთ ფულს საბანკო ანგარიშზე, ამიტომ ისინი გამოგვართმევენ ფულს და ისინი დადებენ ჩვენსავე ფულს საბანკო ანგარიშზე - რასაც ფაქტობრივად გულისხმობს საპენსიო გადასახადი.

ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ფუნდამენტურად არასწორი ეს მიდგომა ყველაფერში გამოვლინდა, განსაკუთრებით დაბალ ეკონომიკურ ზრდაში, ვალის ზრდის საჭიროებაში და ა.შ

ინსტინქტის დონეზე ქართულ ოცნებას ესმის, რომ ეს მოდელი ძალაუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებს. მოდელი, რომლითაც ხელისუფლება დოვლათის და ფინანსების რაც შეიძლება დიდ ნაწილს აკონტროლებს და შემდეგ ხელით ანაწილებს. ეს ხელს უწყობს შემდეგ ე.წ იდენტობის პოლიტიკას. მერე ჯგუფებად ყოფენ ხალხს და ამბობენ - ესენი ჩვენიანები არიან, ისინი მტრები, ჩვენიანები დავასაქმოთ, ტენდერები მივცეთ, ბიზნესებში შევუშვათ, მტრები გარეთ დავტოვოთ. ეს ყველაფერი ერთი დიდი მიდგომის ნაწილია. არ არის აუცილებელი, რომ დალაგებული დოქტრინა იყოს, არამედ ინსტინქტის დონეზეც ესმით - ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით დამთავრებული, რომ ფული სჭირდებათ, რომ შემდეგ ხელით გაანაწილონ, მათ შორის არჩევნებზე და შესაბამისად, ხელისუფლებაში უფრო დიდი ხნით დარჩნენ.

მე, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა სინამდვილეში საბოლოოდ ასუსტებს ქართულ ოცნებას და ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის პოლიტიკურად, მაგრამ სხვა არც იციან.

საქსტატის მონაცემებით, დრამატულად არის გაზრდილი ფასები ძირითად საკვებ პროდუქტებზე. რა გავლენა აქვს ფასების დრამატულ ზრდას საშუალოსტატისტიკური ქართული ოჯახის ცხოვრებაზე?

- საშუალოსტატისტიკური ქართული ოჯახის მოხმარების სტრუქტურას რომ შევხედოთ, მკვეთრად განსხვავდება შვეიცარული ოჯახის მოხმარების სტრუქტურისგან, რადგან შემოსავლების გაცილებით უფრო მაღალი პროცენტი იხარჯება ე.წ არადისკრეციულ, იძულებით ხარჯებზე: კვებაზე და ელემენტარულ საჭიროებებზე. შვეიცარულ ოჯახს თუ დაატყდა ინფლაცია, მას შეუძლია მცირე ხნით გადადოს ფუფუნების საგნების შეძენა. თუმცა ქართულ ოჯახს ასეთ დროს უწევს გადაწყვიტოს, შედარებით ნოყიერი საკვებით იკვებოს, თუ ნაკლებ ნოყიერით.

ამასთან ერთად, შეუძლებელია ღარიბ ქვეყანაში განგრძობითმა მაღალმა ინფლაციამ ადამიანების ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ეკონომიკური გაჭირვება პირდაპირ ითარგმნება ადამიანების ჯანრმთელობაზე - ფაქტია, რომ დოვლათსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კორელაცია არსებობს.

მდიდარ ქვეყნებში ადამიანები უფრო დიდი ხნით ცოცხლობენ. შესაბამისად, კი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაღალი სიკვდილიანობის არის ცუდი ეკონომიკა, ცუდი ეკონომიკის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება კი მაღალი ინფლაციაა.

რამ შეიძლება არსებული დინამიკა შეატრიალოს?

- არ მინდა, რომ ძალიან პროზაული და პროგნოზირებადი ვიყო, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ითქვა უკვე, რაც არის გასაკეთებელი. საჭიროა, რაც შეიძლება მეტად მივცეთ ეკონომიკას სუნთქვის შესაძლებლობა.

ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებზე ვამუშაოთ ეკონომიკა, რაც შეიძლება, შევამციროთ და საერთოდაც, გავაქროთ ფლანგვა, შევამციროთ რეგულაციები, შევამციროთ ან გავაუქმოთ ბენზინზე აქციზის გადასახადი - იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ბენზინის ფასი ძალიან ურტყამს ეკონომიკას, აქციზი კი პირდაპირპროპორციულად ზრდის საწვავის ფასს.

გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ამაშია. არ ვგულისხმობ, რომ რეგულაციების, თუ ბიუროკრატიის შემცირების თვალსაზრისით ძალიან დრამატული ცვლილება უნდა განვახორციელოთ, მაგრამ, საბოლოოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ამის გარეშე ვერ გავმდიდრდებით. თუ ჩვენისთანა ეკონომიკა არ დავიყვანეთ გაცილებით უფრო დაბალი გადასახადების რეჟიმზე, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა. დღევანდელი ვითარება, როდესაც მთელი სახელმწიფო სისტემა ფაქტობრივად ერთ ოჯახს ემსახურება, ვერასოდეს დადებს კარგ ეკონომიკურ შედეგს.

მაგრამ სინამდვილეში, სამწუხაროდ, ჩვენს სურვილებზე ვსაუბრობთ და არა რეალობაზე. ისევ იმ თემას რომ დავუბრუნდეთ, ამ მთავრობითვის რაც შეიძლება დიდ ბიუჯეტზე და შემოსავლებზე კონტროლი არის მართვის სტილი და აუცილებლობა. ასე მიაჩნიათ.

ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ქართული ოცნება ამის გამკეთებელი არ ჩანს.

საბოლოოდ, გამოსავალზე მსჯელობისას მაინც პოლიტიკური ცვლილების აუცილებლობამდე მივდივართ.

- დიახ, მე ვიტყოდი, რომ ვერ ვხედავ რესურსს ქართულ ოცნებაში. იცით რა არის, რომც უნდოდეთ, ჰგონიათ რომ არ შეუძლიათ. ის ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მიმოვიხილეთ, ძალაუფლებაზე მათი გავლენის შესუსტებას ნიშნავს. ძალაუფლების დაკარგვა კი მათ ქვეყნიერების დასასრულად მიაჩნიათ.

დღეს უკვე არაერთი საუბრობს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დემოკრატიულ ინსტიტუტებს განვითარება არ უწერია - ნებისმიერი ნაბიჯი პოლიტიკური თავისუფლებისკენ, ძალაუფლების შენარჩუნების მიმართულებით გაღებული რისკია. შეგვიძლია იგივე ვთქვათ ეკონომიკის რეფორმირებაზეც? არის თუ არა მეტი ეკონომიკური თავისუფლება და ნაკლები სამთავრობო კონტროლი ინჰერენტული საფრთხე ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის?

- კი, ეს ასეა. ფაქტობრივად, პასუხიც არის ამ კითხვაში. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არა მარტო დღეს, ფაქტია, რომ ივანიშვილის პიროვნებიდან და მისი დომინანტური როლიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში, თავიდანვე აშკარა იყო, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგია იქნებოდა ის, რასაც ამჟამად ვხედავთ.

ამ სტრატეგიასთან თავსებადი იქნებოდა მხოლოდ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმების არარსებობა და სტაგნაცია, რომელიც ქვეყანაში გვაქვს.

დღეს უბრალოდ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო სასოწარკვეთილ მეთოდებს იყენებენ ძალაუფლებაში დასარჩენად და ეს მთლიანად მათი პოზიციების შერყევით არის გამოწვეული - წკიპზე არიან და მეტი აგრესია სჭირდებათ, ვიდრე აქამდე სჭირდებოდათ.

თუმცა წლების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, საბოლოოდ, ეკონომიკურადაც ზუსტად ისეთივე შედეგები დადო, როგორიც პოლიტიკურად.