რატომ არის სავალდებულო გენდერული კვოტირება ძალიან ცუდი იდეა?

14 სექტემბერი 2021
თავისუფლების ინსტიტუტი

სალომე ხვადაგიანი

14 სექტემბერი 2021
14 სექტემბერი 2021

რატომ არის სავალდებულო გენდერული კვოტირება ძალიან ცუდი იდეა?

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გენდერული კვოტების შესახებ სარჩელს განიხილავს - ევროპული საქართველო, საკრებულოს სიის კანდიდატები და ამომრჩეველი თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ასაჩივრებენ. მოსარჩელეებს ერთი რამ გვაერთიანებს - ვთვლით, რომ გენდერული კვოტა ცუდი იდეაა, თუ მიზანი ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდაა.

წარმოიდგინეთ, რომ ქალი კანდიდატი ხართ ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ ათასგვარი სტერეოტიპი არსებობს, გამოწვევაა თქვენი სერიოზულად აღქმა, თქვენ სამტკიცებელი გაქვთ, რომ საქმის კეთება შეგიძლიათ, რომ თქვენს სიტყვას წონა აქვს, რომ თქვენი გეგმა უკეთ იმუშავებს, ვიდრე სხვების.

და სანამ იმას ამტკიცებთ, რომ ნამდვილად ღირს თქვენი აზრისთვის ყურის დაგდება, რომ უნდა შეფასდეთ დამოუკიდებლად თქვენი გენდერისა და რომ თქვენმა უნარებმა განსაზღვრეს თქვენი ადგილი საზოგადოებაში და არა მამამ, ბიძამ, ქმარმა და საყვარელმა, მოდის სავალდებულო გენდერული კვოტირება და თქვენზე ზრუნვის სახელითა და მიზნით ოფიციალურად აფორმებს ქალების მიმართ სტერეოტიპებს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების ემანსიპაციას.

კვოტების გამო სიაში მოხვედრის წამოძახება ყველაზე ცუდი რამ არ არის მათ შორის, რაც კვოტისგან ქალებს გვემართება.

საკრებულოს საარჩევნო სიაში ქალ კანდიდატებს კვოტების გამოისობით ეზღუდებათ კონკურენციის არეალი. ყოველ სამეულში ერთი განსახვავებული სქესის ჩასმის ვალდებულება პარტიებს აიძულებთ პარტიაში არსებული ქალები მთელ სიაზე გაანაწილონ. სამეულში მოსახვედრად ქალ კანდიდატებს უწევთ აჯობონ მხოლოდ ქალებს. თუ პარტიაში თქვენზე წინ 4 ქალია, მაშინ თქვენი შანსი სიაში ყველაზე კარგ შემთხვევაში მეცამეტე ადგილია და არა, მაგალითად მეხუთე. თუ თქვენს პარტიას რეალურად მხოლოდ 5-6 ადამიანის შეყვანის შანსი აქვს, სავალდებულო გენდერული კვოტების გამო აუცილებლად გარეთ დარჩებით. 2017 წელს ევროპულმა საქართველომ ხაშურის საკრებულოში 2 წევრი შეიყვანა, ორივე ქალი. კვოტები რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, ამ ქალებიდან ერთი სიაში უკან ჩაჩოჩდებოდა და დაკარგავდა საკრებულოში შესვლის შანსს.

როცა პარტიაში რეალურ გავლენასა და ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიკითხოთ - ვის აქვს ძალაუფლება და როგორ შეძლებს კვოტირება გავლენის გადანაწილებას მათზე, ვისაც კვოტირების გარეშე სიაში არ სვამდნენ?

პარტიების უმრავლესობაში ძალაუფლება აქვს სიის შემდგენელს. მიამიტურია ვიფიქროთ, რომ შემდგენელის დავალდებულება, სიაში ყოველი მესამე ქალი ჩასვას, რამენაირად ქალების გავლენას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის ზრდას უზრუნველყოფს. პრობლემა ნამდვილად არის სიის შედგენის არადემოკრატიული წესი, ძალაუფლების ერთ ან უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირება, მაგრამ კვოტები ძალაუფლების დანაწილებას და წარმომადგენლობის რეალურ ზრდას ვერ შეუწყობს ხელს. პირიქით, საარჩევნო სიებში მხოლოდ ფორმალურად მყოფი კანდიდატების რაოდენობას თუ გაზრდის.

პარტიების ნაწილს, მათ შორის ევროპულ საქართველოს, აქვს მცდელობები შიდაპარტიული კონკურენციის მექანიზმები შეიმუშავოს და ამით მეტად კონკურენტული, ღია და დემოკრატიული გახადოს სიის შედგენის პროცესი. მსგავსი მექანიზმების ხელშეწყობის ნაცვლად, გენდერული კვოტების დავალდებულებით შიდა პარტიული კონკურენცია და შესაბამისად დაწინაურების არეალი, პირველ რიგში, სწორედ ქალებისთვის იზღუდება. კვოტების წყალობით ქალები მხოლოდ ქალებს ეჯიბრებიან, კაცები კი - კაცებს.

კვოტები ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება. რუანდას ქვედა პალატაში 80-იდან 49 ადგილი ქალს უკავია, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობა 50%-ია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა, ამ ქვეყნებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე მაგალითად გერმანიაში, სადაც პარტიები თავად ირჩევენ ექნებათ თუ არა გენდერული შიდაპარტიული კვოტა და სასამართლომ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურია.

ჩვენივე სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, რაც მეტად იზღუდება ადამიანის უფლებები, მით მაღალი მოთხოვნები უნდა გვქონდეს ასეთი ინტენსიური ჩარევის გასამართლებლად. გენდერული კვოტები არამარტო ინტენსიური ჩარევაა პარტიის საქმიანობაში, არამედ არც შედეგს გვაძლევს - ზედაპირული და ფასადურია, უფრო მეტიც, ქალების რეალური გაძლიერების წინააღმდეგ მუშაობს. სარჩელში სადავო ნორმები აუარესებს პარტიის წევრის წარმატების შანსს, რადგან სქესის გამო შეიძლება ვერ დაიკავოს მისთვის სასურველი ადგილი სიაში; უფრო მეტიც, არასწორად შედგენილი სიის გამო პარტია შეიძლება სრულად მოიხსნას არჩევნებიდან.

ამასთან, გენდერული კვოტები გვაძლევს რეალობის დამახინჯებულ სურათს. სავალდებულო კვოტირების შემოღებამდე თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობით შეგვეძლო კონკრეტულ რეგიონში ქალთა უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ გვემსჯელა. მაგალითად, 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ოზურგეთში ქალთა წარმომადგენლობა 47 % იყო, ამბროლაურში და ხულოში კი 3-4%-მდე. როდესაც შედეგები რეალობას ზედმიწევნით ასახავს, პრობლემის დანახვა მარტივია და მასთან ბრძოლის კონკრეტული რეგიონისთვის შესაბამისი სტრატეგიაც უფრო ეფექტურად დაიგეგმება. კვოტებით ხელოვნური გათანაბრება პრობლემას პრობლემად ტოვებს, ხოლო საკითხზე მომუშავე ადამიანებს კი რეალური სურათის დანახვის და მასზე სწორად რეფლექსირების შანსს ართმევს.

ქალების გასაძლიერებლად ამ ქვეყანაში ბევრია გასაკეთებელი. კვოტებით მათ ვასუსტებთ, არ ვეხმარებით. ფასადური, არაკონსტიტუციური და დამაზიანებელი ნორმა ძალიან ცუდი იდეაა და ის უნდა გაუქმდეს.