პროტესტმა რეჟიმს უკან დაახევინა – რა უნდა ვქნათ ახლა

27 მარტი 2023
27 მარტი 2023
27 მარტი 2023

პროტესტმა რეჟიმს უკან დაახევინა – რა უნდა ვქნათ ახლა

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ, ცალსახად რუსული კანონის მიღებისგან.

ეს წარმატება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხელისუფლების აღვირახსნილი ვნება მოთოკა და ხალხს საკუთარ ძალაში რწმენა დაუბრუნა.

მაგრამ იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ ეგზისტენციალური საფრთხეები რეალურად გადალახოს და ევროპულ ოჯახში დაბრუნება იზეიმოს, ხალხმა საკუთარ ძალაში ნაპოვნი რწმენა უნდა შეინარჩუნოს და ის მომხიბვლელი ენერგია, რაც ქუჩაში ვიხილეთ, ალტერნატიული - დემოკრატიული დღის წესრიგის მხარდაჭერად აქციოს შემდეგ არჩევნებში.

ხალხის მხარდაჭერას ნდობა განაპირობებს. პროტესტმა კი ის აჩვენა, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში დიდი ხანია ჩანს - საპროტესტო ელექტორატის დიდი ნაწილი პოლიტიკურ სპექტრს არ ენდობა, არ თვლის, რომ ჩვენ მათ ინტერესებს გამოვხატავთ.

ასეთი უნდობლობის პირობებში დემოკრატიული ცვლილებების მექანიზმი ვერ იმუშავებს - დემოკრატიულ ცვლილებას ძლიერი პარტიები სჭირდება და პარტიები მოქალაქეების ნდობამ უნდა გააძლიეროს.

ნდობის მოსაპოვებლად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების მოლოდინების სწორად მართვას, მათთან ანგარიშვალდებულებას, გზავნილების თანმიმდევრულობას და სიცხადეს, განსაკუთრებით იმ გავეშებული პროპაგანდისტული ნიაღვრის ფონზე, რაც რეჟიმის არხებიდან მოედინება და მოსახლეობის დაბნევას ისახავს მიზნად.

სწორედ გზავნილის სიცხადემ ითამაშა გადამწყვეტი როლი პროტესტის წარმატებაში - ძალიან მკაფიოდ და ცალსახად საუბრობდნენ რუსული კანონის და ევროპული მომავლის შეუთავსებლობის შესახებ, როგორც ქართული სამოქალაქო და პოლიტიკური ელიტა, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ასეთ ცხად შეფასებებთან რეჟიმის პროპაგანდა ვერაფერს გახდა.

იმისთვის, რომ ჩვენ წინაშე მდგარი საფრთხეები ფუნდამენტურად მოვაგვაროთ, ასეთივე სიცხადე გვჭირდება რეჟიმის შეფასებისას, როგორც ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრისგან, ისე სტრატეგიული პარტნიორებისგან.

რეალობას აცდენილი, დამაბნეველი და დამაზიანებელია მოსაზრება, რომ რუსულ კანონზე უკანდახევამ რეჟიმის იძულებით გაკეთილშობილების სივრცე გააჩინა. პროტესტმა
რეჟიმი შეაშინა, მაგრამ არ გარდაუქმნია და მიმდინარე აგრესიული, ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანია ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკოსების წინააღმდეგ ამის დასტურია.

იმისათვის, რომ კრიზისი გადავჭრათ, არასწორი მოლოდინების შექმნის ნაცვლად, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ:

  • რეჟიმი, რომელიც დასავლეთს მტრად რაცხავს, ევროპულ მომავალთან შეუთავსებელია;
  • რუსული კანონი ამ დიაგნოზის მძიმე, მაგრამ მხოლოდ ერთერთი სიმპტომია;
  • პროტესტით შეგვიძლია, შევამციროთ ზიანი, მაგრამ რეჟიმის ბუნებას ვერ შევცვლით - რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

ქართული ოცნების მთავარი თავსატეხია, რომ პროდასავლური ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა თავის მომავალს დასავლეთში ხედავს.

იმისათვის, რომ პროდასავლური ამომრჩევლის ხელით ანტიდასავლური საქმე აკეთოს, რეჟიმს სტრატეგიული ბუნდოვანება სჭირდება.

როდესაც საზოგადოებას ვუქმნით მცდარ წარმოდგენას, თითქოს რეჟიმზე ზეწოლით და მასთან დიალოგით დემოკრატიული ცვლილებების მიღწევა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების იძულება შესაძლებელია, ჩვენ ოლიგარქს ვეხმარებით მისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნის გზით მოქალაქეების დაბნევაში და მათი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი მტერთანაც მნიშვნელოვანია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწორი მოლოდინები დავსახოთ - დიალოგით რეჟიმის ბუნებას ვერ შევცვლით, დიალოგი ხალხთან გვჭირდება რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებისთვის და ხალხთან დიალოგის წარმატების წინაპირობა სიცხადეა.

სტრატეგიული პარტნიორების როლი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის, ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოს განვითარების საქმეში განუზომელი და უალტერნატივოა. მაგრამ ისიც ნათელია, რომ ჩვენს გასაკეთებელს, მოკავშირეები არ და ვერ გააკეთებენ.

იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესი ამუშავდეს, ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი თავი უნდა დაინახოს, აქტიურად ჩაერთოს და შემდეგ არჩევნებში ანტიდასავლური რეჟიმი დემოკრატიულად შეცვალოს. ეს ვერ მოხდება პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის და პარტიების მიერ ხალხის ნდობის მოპოვების გარეშე.

ამ პროცესში, ზუსტად ისე, როგორც რუსული კანონის შემთხვევაში, გზავნილის სიცხადეს და არაორაზროვნებას პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტის, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ცხადი კი ისაა, რაც სიმართლეა - ქართული ოცნების შინაარსი და პოლიტიკა საქართველოს ევროპულ მომავალთან შეუთავსებელია.