ვინაიდან გვჯერა, რომ მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნების გამოსატანად წარსულის ხსოვნა და გააზრებაა მნიშვნელოვანი;
ვინაიდან მიგვაჩნია, რომ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების ზუსტი სახელდება, რომელთა ხასიათი და მასშტაბი არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს უტოლდება, არის ჩვენი თაობის ვალი გენოციდის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების წინაშე;
ვინაიდან ეს ვალი მომავალი თაობების წინაშეც გვადევს, რომელთაც მტრის ვინაობა და რაობა ადეკვატურად უნდა გადავცეთ;
ვინაიდან არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ საქართველოს ხელისუფლებების მიერაც კი არ მომხდარა აფხაზეთში რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულების ჯეროვანი შეფასება;
ვინაიდან ერთადერთი, რაც მოხერხდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნის ეთნიკურ წმენდად შეფასებაა;
ვინაიდან ისტორიის ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა აშშ-ის პრეზიდენტისა და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ, ესტონეთის, ლატვიის, ირლანდიის, კანადისა და ჩეხეთის პარლამენტებმა კი უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს;
ვინაიდან პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ, გამოიწვია თავისუფალი სამყაროს მხრიდან პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება;
ვინაიდან ამ გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიის დაწყებისა;
ვინაიდან გვჯერა, რომ ბოროტების იმპერიის განადგურებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ და მთელმა თავისუფალმა სამყარომ სახელი დაარქვას რუსეთის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც ქართველი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე, მოვითხოვთ:
რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ქართველთა გენოციდად აღიარებას, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ.
მოაწერეთ ხელი - https://bit.ly/3IiBGUQ