ნოე ჟორდანიას 1922 წლის წერილი The Times-ში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ

3 ნოემბერი 2021
3 ნოემბერი 2021
3 ნოემბერი 2021

ნოე ჟორდანიას 1922 წლის წერილი The Times-ში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ

კანის კონფერენციის მიერ დადგენილ პირობებს შორის, რომელიც გენუის კონფერენციაზე საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მოწვევასთან დაკავშირებით შემუშავდა, არის ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია თავი შეიკავოს მეზობელი ქვეყნების მიმართ ნებისმიერი სახის აგრესიისგან.

1921 წლის 21 იანვარს უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად [de jure] აღიარა. იქამდე, 1920 წლის 7 მაისს მოსკოვმა საქართველოსთან შეთანხმება გააფორმა, რომლითაც აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და უარი თქვა მის შიდა საქმეებში ჩარევაზე. ამ შეთანხმების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთის ჯარები 1921 წლის 11-12 თებერვალს ომის ოფიციალურად გამოცხადების და ყოველგვარი ფორმალური მიზეზის გარეშე, საქართველოში შეიჭრნენ.

რაოდენობრივი უპირატესობითა და უკეთესი სამხედრო აღჭურვილობით, ისევე როგორც, ანკარის ხელისუფლებისგან მიღებული დახმარების წყალობით, ბოლშევიკებმა დაამარცხეს ქართული არმია, აიღეს თბილისი და მარტის ბოლოსკენ საქართველო დაიპყრეს. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტოვებინა რესპუბლიკის ტერიტორია და მას შემდეგ ქვეყანა სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება - მსოფლიო ომის დროს ბელგიის, სერბეთის, და ჩრდილოეთი საფრანგეთის მსგავს ვითარებაში.

სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტები დაამხეს, საქართველოს დამოუკიდებლობა და მოსახლეობის პოლიტიკური თავისუფლება კი გააუქმეს. ამჟამად ხელისუფლება მოსკოვიდან დანიშნული ე.წ „რევოლუციური კომიტეტის" ხელთაა, რომელიც მოსკოვის საბჭოთა ხელისუფლების თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ისინი საქართველოში რუსული არმიას შემოყვნენ.

რევოლუციური კომიტეტი სწორედ საბჭოთა არმიის ძალით მართავს ქვეყანას, დაუნდობელი ტერორის ხელით. საბჭოთა საქართველოს ე.წ „ხელისუფლება“ აბსოლუტურად უცხოა ქართველი ხალხისთვის და მას ეწინააღმდეგება საზოგადოების ყველა კლასი და ყველა პოლიტიკური პარტია.

თუკი კანის კონფერენციის მიერ დადგენილი პირობები მხოლოდ ფუჭი სიტყვები არ არის, მან უნდა აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და დაუბრუნოს ქართველ ხალხს თვითგამორკვევის უფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ევროპის ინტერესებისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოს მიმართ კანის კონფერენციის მე-6 მუხლის ამოქმედება.

(1) თუკი ევროპა მდუმარე იქნება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უსამართლობის წინაშე, ეს იქნება დაკანონება ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს უფლებისა, თავს დაესხას მის მეზობლებს და ხელთ იგდოს მათი ტერიტორია.

(2) სანამ მოსკოვის ჯარები საქართველოში, მცირე აზიის საზღვარზე იმყოფებიან, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ დაისადგურებს, რადგან საქართველოს დასაკუთრებით, ბოლშევიკები ანკარაზეც გაბატონდებიან.

(3) საქართველოსა და სხვა ტრანსკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ტრანსკავკასიაში ანარქია იქნება, რაც გარდაუვლად შეაფერხებს ამ მდიდარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

სწორედ ჩამოთვლილი მიზეზები უბიძგებს ქართველ ხალხს და მათ წარმომადგენლებს უცხოეთში, იქონიონ იმედი, რომ დიდი სახელმწიფოები, კონკრეტულად კი - დიდი ბრიტანეთი, კანის კონფერენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოსთხოვენ ბოლშევიკებს საქართველოს ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანას.

ცხადია, რომ პრობლემის ყველა ასპექტის შესწავლისთვის, უმჯობესი იქნება, გენუის კონფერენციამდე საქართველოს პოზიციის მოსმენაც - მისი კანონიერი ხელისუფლების სახით, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და გადასახლებაში ყოფნის მიუხედავად, ინარჩუნებს რწმენას და მტკიცე კავშირს საკუთარ ქვეყანასთან.

21 მარტი, 1922