ჰარი ტრუმანის 1947 წლის სიტყვა კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე, რომელიც "ტრუმანის დოქტრინის" სახელით არის ცნობილი.
ჩვენს დროში, მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფოს ორ ალტერნატიულ ცხოვრების წესს შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თუმცა ხშირად ეს არჩევანი არ არის თავისუფალი. ცხოვრების პირველი წესი დაფუძნებულია უმრავლესობის ნებას და მას ახასიათებს თავისუფალი ინსტიტუტები, წარმომადგენლობითი ხელისუფლება, თავისუფალი არჩევნები, ინდივიდუალური თავისუფლების გარანტიები, სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება და პოლიტიკური დევნისგან თავისუფლება. ცხოვრების მეორე წესი დაფუძნებულია უმცირესობის ნებას, რომელიც იძულებითაა უმრავლესობის თავს მოხვეული. ის ემყარება ტერორსა და რეპრესიებს, კონტროლის ქვეშ მყოფ პრესასა და რადიოს, გაყალბებულ არჩევნებს და პიროვნული თავისუფლებების შეზღუდვას.
მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა თავისუფალი ხალხების დახმარებას უნდა გულისხმობდეს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებული უმცირესობებისა თუ გარე წნეხისგან მათი დამონების მცდელობებს.
მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ თავისუფალ ხალხებს, რათა მათ თვითგამორკვევით, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი.
მჯერა, რომ მხარდაჭერა ძირითადად ეკონომიკური და ფინანსური დახმარებით უნდა განისაზღვროს, რაც არსებითია ეკონომიკური სტაბილურობისა და გეგმაზომიერი პოლიტიკური პროცესებისთვის.
მსოფლიო არ არის სტატიკური და სტატუს-კვო არ არის წმინდა. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ ცვლილებებს სტატუს-კვოში გაეროს ქარტიის დარღვევით, ისეთი მეთოდებით, როგორიცაა ძალის გამოყენება, ანდაც ისეთი ეშმაკობით, როგორიც პოლიტიკური ინფილტრაციაა. თავისუფალი და დამოუკიდებელი ერების დახმარებით, შეინარჩუნონ თავისუფლება, შეერთებული შტატები გაეროს ქარტიის პრინციპების აღსრულებას შეუწყობს ხელს...
წარმოუდგენელი ტრაგედია იქნებოდა, თუკი ის ქვეყნები, რომლებმაც ამდენ ხანს იბრძოლეს საშიშროების წინააღმდეგ, დაკარგავენ იმ გამარჯვებას, რომლისთვისაც ამდენი გაიღეს. თავისუფალი ინსტიტუტების ნგრევა და დამოუკიდებლობის დაკარგვა დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ მათთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. სასოწარკვეთა და მარცხი მალევე იქცევა მეზობელი ხალხების ხვედრად, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან...
...ტოტალუტარული რეჟიმების ფესვები ტანჯვითა და გაჭირვებით იკვებებიან. ისინი სიღატაკისა და უთანხმოების ნიადაგზე იზრდებიან. საბოლოო ზრდას კი მაშინ მიაღწევენ, როდესაც უკეთესი ცხოვრების იმედი ხალხში მოკვდება.
ჩვენ კი ეს იმედი უნდა ვაცოცხლოთ.
თავისუფალი ხალხები მსოფლიოს გარშემო შემოგვყურებენ ჩვენ დახმარებისთვის, რათა შეინარჩუნონ თავისუფლება. თუკი ჩვენ მოვიკოჭლებთ ლიდერობაში, მსოფლიო მშვიდობას რისკის ქვეშ დავაყენებთ და გარდაუვალ საფრთხეს შევუქმნით ამ ქვეყნის კეთილდღეობას.
დიადი პასუხისმგებლობები გვარგუნა მოვლენათა სწრაფმა მდინარებამ.
მჯერა, რომ კონგრესი ამ პასუხისმგებლობებს ჯეროვნად გაუმკლავდება.