"მითხრა, რომ მარო მოკლული იყო იუნკრების მხარეს" - გივი ღამბაშიძის 1921 წლის თებერვლის მოგონებები

19 თებერვალი 2022
19 თებერვალი 2022
19 თებერვალი 2022

"მითხრა, რომ მარო მოკლული იყო იუნკრების მხარეს" - გივი ღამბაშიძის 1921 წლის თებერვლის მოგონებები

ფრაგმენტი გიმნაზიის მოსწავლის, 18 წლის მოხალისე ჯარისკაცის, გივი ღამბაშიძის ომის დღიურიდან, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს - 22 თებერვალი.

საღამოზედ თბილისიდგან მოვიდა "გრუზოვიკი", მას მოჰყვა ნინო გელოვანი და ილიკო ნაკაშიძე; ძალიან გაუკვირდათ ჩემი დანახვა და მეც გამეხარდა მათი მოსვლა. მოგვიტანეს თბილისიდგან კუპატები, თუთუნი და საჩუქრები.

ყველანი ჩამოვიშალეთ კლდიდან და შევხვდით ავტომობილს. ილიკო ნაკაშიძემ გამიყვანა გვერდზედ და მითხრა, რომ შალიკო მაყაშვილის და, მარო [მაყაშვილი] მოკლული იყო იუნკრების მხარეს; სრაპნელს დაეგლიჯა ორი ცხენი, ტაჩკა, მეტაჩკე და მარო.

[...]

შალიკო შორიახლო ნინო გელოვანს ელაპარაკებოდა. ნინო გელოვანი საშინლად უყურებდა მას და არაფერს ეუბნებოდა. სულიკო ჩამოვიდა ჩემკენ, ორნივე განზე გავედით. ამ დროდ მოვიდა სტუდენტი ფაღავა, რომელმაც მოგვაძახა მე და შალიკოს, იუნკრებთან მაყაშვილის ქალი მოუკლავთო.

ეს რომ გაიგო შალიკომ, ძალიან აღელდა, ლოყები გაუწითლდა და მე შემომხედა. მე საშინლად ამაღელვა ცუდი მახარობლის წინდაუხედავობამ. რაღას ვიზამდი, სულიკო მიხვდა ყველაფერს, მაინც თავი შევიკავე და არაფერი იმის შესახებ, რაც ვიცოდი, არ მითქვამს. დავუწყე რწმუნება, რომ სუყველაფერი მოგონილია. ადამიანი ოდნავ რომ დაიჭრება, მორთავენ ყვირილს, მოკლესო.

კაპიტან ანდღულაძემ მითხრა, უთხარით, როგორმე წავიდესო, არ მინდა მაგისი აქ ყოფნა, ყოველი ბრძოლა მაყაშვილით იწყებაო. შაკილოს კი ძალიან აეძნელებოდა ამხანაგების მიტოვება და ქალაქში დასამარხავად დაბრუნება, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა დის დამარხვაზედ წასვლა.

1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრისთანავე საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი წითელი ჯვრის სანიტარულ რაზმში მოწყალების დად ჩაეწერა და ფრონტისკენ გაემართა. 18 წლის მარო 19 თებერვალს იუნკრების მხარდამხარ ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.