მილტონ ფრიდმანი: სანამ პოლიტიკურად შეუძლებელი არ გახდება პოლიტიკურად გარდაუვალი

17 იანვარი 2022
17 იანვარი 2022
17 იანვარი 2022

მილტონ ფრიდმანი: სანამ პოლიტიკურად შეუძლებელი არ გახდება პოლიტიკურად გარდაუვალი

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს მილტონ ფირდმანის წიგნის "კაპიტალიზმის და თავისუფლების" წინასიტყვაობას.

ფრიდმანი თავისი წიგნის მაგალითზე აღწერს, როგორ იძენენ სრულიად მიუღებელი იდეები რელევანტურობას, როდესაც კრიზისი ცვლილებას გაურდავალს ხდის.

ლექციები, რომლებიც ჩემი მეუღლის დახმარებით ამ წიგნად იქცა, მეოთხედი საუკუნის უკან წავიკითხე. მაშინდელი ინტელექტუალური კლიმატის რეკონსტრუქცია დღეს იმ დროისთვის აქტიურ ადამიანებსაც გაუჭირდებათ, რომ არაფერი ვთქვა ამჟამინდელი მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც მაშინ ან 10 წლამდე ასაკის იყო ან საერთოდ არ იყო დაბადებული. ისინი, ვინც შეშფოთებულნი ვიყავით თავისუფლებისა და კეთილდღეობის წინაშე მდგარი გამოწვევებით, რომელსაც მთავრობის ზრდა, სოციალური სახელმწიფოსა და კეინზიანური იდეების ტრიუმფი ქმნიდა, მცირე, შევიწროვებულ უმცირესობას წარმოვადგენდით და ინტელექტუალთა დიდი უმრავლესობის მიერ ახირებულებად მივიჩნეოდით.

7 წლის შემდეგაც კი, როდესაც ეს წიგნი პირველად გამოიცა, წიგნის იდეები იმდენად იყო დაშორებული მეინსტრიმს, რომ ის არცერთ დიდ გამოცემას არ მიმოუხილავს - არც New York Times-ს, არც Herald Tribune-ს, არც Chicago Times-ს, არც Newsweek-ს, არც Saturday Review-ს, თუმცა ის London Economist-მა და სხვა პროფესიონალურმა გამოცემებმა მიმოიხილეს. ამ დროს კი საუბარია წიგნზე, რომელიც სახელოვანი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის მიერ იყო დაწერილი და ფართო აუდიტორიას მიემართებოდა, შემდეგი 18 წლის განმავლობაში კი გაიყიდებოდა მისი 400 000 ეგზემპლარი.

თითქმის წარმოუდგენელია, რომ სოციალური სახელმწიფოს, სოციალიზმისა და კომუნიზმის მიმართ კეთილგანწყობილი ეკონომიკის რომელიმე პროფესორის მიერ დაწერილ მსგავს პუბლიკაციას საჯარო აუდიტორია დუმილით შეხვედროდა.

ინტელექტუალური კლიმატის ცვლილებას საუკუნის გასულ მეოთხედში ამოწმებს ის ფაქტიც, თუ რამდენად განსხვავებულად შეხვდნენ ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ 1980 წელს დაწერილ წიგნს „არჩევანის თავისუფლებას“, რომელიც „კაპიტალიზმის და თავისუფლების“ პირდაპირი მემკვიდრეა და იგივე ფუძემდებლურ ფილოსოფიას ატარებს. ეს უკანასკნელი ყველა დიდმა გამოცემამ მიმოიხილა, მას ხშირად შეხვდებით პოპულარულ, მოცულობით მიმოხილვებში. ის არა მხოლოდ დაიბეჭდა Book Digest-ში, არამედ მის გარეკანზეც მოხვდა. პირველ წელს შეერთებულ შტატებში „არჩევანის თავისუფლების“ 400 000 ეგზემპლარი გაიყიდა, წიგნი 12 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა, 1981 წლის დასაწყისში კი „მასობრივი მოხმარების“ გარეკანით გამოიცა.

ჩვენი რწმენით, განსხვავება ამ ორი წიგნის გამოხმაურებებს შორის არ აიხსნება ხარისხით. უდავოდ, პირველი წიგნი მეტად ფილოსოფიური და აბსტრაქტულია, შესაბამისად - მეტად ფუნდამენტურიც. „არჩევანის თავისუფლებას“ კი, როგორც მის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, მეტი პრაქტიკული ელემენტი და ნაკლებ თეორიული სტრუქტურა აქვს. ის „კაპიტალიზმის და თავისუფლების“ გაგრძელება უფროა, ვიდრე ჩანაცვლება. ზედაპირული მსჯელობით გამოხმაურებებში განსხვავება ტელევიზიის გავლენით შეიძლება აიხსნას. „არჩევანის თავისუფლება“ PBS-ის იმავე სახელწოდების გადაცემების სერიას დაეყრდნო და მის თანხმლებ სახელმძღვანელოდ შეიქმნა და ეჭვგარეშეა, რომ სატელევიზიო გადაცემის წარმატებამ ხელი შეუწყო წიგნის მოწინავე მნიშვნელობას.

მსგავსი განმარტება ზედაპირულია, რადგან თავად სატელევიზიო პროგრამის არსებობაც და მისი წარმატებაც სწორედ ინტელექტუალური კლიმატის ცვლილების გამოძახილია. 1960-იან წლებში „არჩევანის თავისუფლების“ მსგავსი გადაცემის იდეით ჩვენთვის არავის მოუმართავს. მსგავსი გადაცემის სპონსორს იმხანად ცოტას თუ იპოვიდით. რაღაც მანქანებით, გადაცემა რომც შექმნილიყო, მისი იდეების მიმღები მოცულობითი აუდიტორია არც იარსებებდა. სინამდვილეში, ბოლო წიგნის მიმართ გამოხმაურება, ისევე როგორც სატელევიზიო გადაცემის წარმატება, იდეური კლიმატის ცვლილების შედეგია. წიგნებში წარმოდგენილი იდეები მეინსტრიმულობისგან კვლავ საკმაოდ შორს არის, თუმცა, დღეს მას, როგორც მინიმუმ, პატივს სცემენ ინტელექტუალურ წრეებში და ისინი ფართო აუდიტორიისთვისაც კონვენციურად აღიქმება.

ინტელექტუალური კლიმატის ცვლილება არც ამ წიგნის შედეგია და არც იმავე ფილოსოფიური ტრადიციის მრავალი სხვა ნაშრომის, როგორიცაა ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ და „თავისუფლების კონსტიტუცია“. ამის სამხილი წიგნის წინასიტყვაობაში სიმპოზიუმის (კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია) კონტრიბუტორების მიერ გაკეთებული კომენტარია: „იდეა, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზმსა და დემოკარტიას შორის გადაულახავი კავშირია, მხოლოდ ახლახანს გახდა სხვადასხვა ინტელექტუალისთვის მისაღები, რომელთა ნაწილიც ადრე მსგავს ხედვას არა მხოლოდ არასწორად, არამედ პოლიტიკურად საშიშად მიიჩნევდა“...

იდეური კლიმატის ცვლილება გამოცდილებამ შვა და არა ფილოსოფიურმა თეორიებმა. რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ერთ დროს ინტელექტუალური კლასებისთვის იმედს განასახიერებდნენ, ჩაფლავდნენ. დიდი ბრიტანეთი, რომლის ფაბიანური სოციალიზმიც სერიოზულ გავლენას ახდნენდა ამერიკელ ინტელექტუალებზე, ღრმა კრიზისში იყო. სამშობლოში კი ინტელექტუალები, რომლებიც მუდამ დიდი მთავრობის და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ვიეტნამის ომით განიხიბლნენ, განსაკუთრებით, იმ როლით, რომელიც პრეზიდენტებმა კენედიმ და ჯონსონმა ითამაშეს. მრავალი რეფორმატორული პროგრამა, როგორებიცაა - შემწეობა, სახელმწიფო საცხოვრებლები, პროფკავშირების მხარდაჭერა, სკოლების შერწყმა, განათლების ფედერალური სუბსიდია და ა.შ - ჩამოიშალნენ. დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, მათ ჯიბეებს მზარდი ინფლაცია და მაღალი გადასახადები დაატყდა თავს. სწორედ ეს ფენომენი და არა წიგნებსა და ნაშრომებში წარმოდგენილი იდეების მიმზიდველობა ხსნის იმ ტრანზიციას, რომელმაც 1964 წელს ბარი გოლდუოტერის დიდი მარცხიდან, 1980 წელს რონალდ რეიგანის დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა - ამ ორს კი არსებითად იდენტური პროგრამა და გზავნილი ჰქონდათ.

მაშინ, რა არის ამ წიგნის იდეა? ის ორგვარია, ჩემი აზრით. პირველი - წარმოადგინოს სამჯელო საგანი გულახდილი დისკუსიისთვის. როგორც „არჩევანის თავისუფლების“ წინასიტყვაობაში ვწერთ:“ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თქვენი დაყოლიება შეუძლია, თავად თქვენ ხართ. თქვენ უნდა ატრიალოთ გონებაში საკითხები, გაითვალისწინოთ მრავალი არგუმენტი, აცადოთ მათ განელება და შემდგომ აქციოთ თქვენი პრეფერენციები იდეურ რწმენებად“.

მეორე და მეტად საბაზისო - აცოცხლოს იდეები, სანამ გარემოებები ცვლილებას გარდაუვლად აქცევენ. არსებობს უზარმაზარი ინერცია - სტატუს-კვოს ტირანია - პირად და საჯარო წრეებში. მხოლოდ კრიზისს, ნამდვილს თუ აღქმულს, შეუძლია რეალური ცვლილების გამოწვევა. როდესაც ეს კრიზისი დადგება, მოქმედებები დამოკიდებულია იმ იდეებზე, რომლებიც მზადყოფნაშია. სწორედ ეს არის, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი ნამდვილი ფუნქცია: ალტერნატიული პოლიტიკური იდეების განვითარება, რათა ვაცოცხლოთ ისინი და გავხადოთ ხელმისაწვდომი მანამ, სანამ პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად არ იქცევა.