მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებიდან

5 დეკემბერი 2022
5 დეკემბერი 2022

მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებიდან

ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერ-ჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად დარჩება.


ქართველს ვერაფერში დააჯერებ. უნდა მიიყვანო იქამდე, რომ თვითონვე შეიგნოს. ორმოც წელიწადს ვაჯერებდი - სოციალიზმი უუდიდესი უბედურებააო, რომ რუსის მუჟიკს უფრო მეტი აქვს მეზობლის შეჭმის მადა, ვიდრე აზნაურს. დაიჯერა მხოლოდ დღეს, როცა იმის ზურგზე დამტკიცდა ეს ცხადი ჭეშმარიტება. ჩემით დაიწყეს - დამითხოვეს. სხვებიც მომყვებიან.ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ ქვემძრომი ფინაჩები. უხვად არიან. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.


როცა რუსი უარს ამბობს რუსობაზე, ისევ რუსად რჩება. თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულია. ასეთი განსხვავებაა ქართულ და რუსულ კომუნისტებს შორის.


„ჩვენ ვიმარჯვებთ, თქვენ კი მარცხდებით“ - წარამარად იკვეხნიან პროლეტმწერლები. ყველა ლომები რომ ამოვჟლიტოთ, ტურაც კი ლომად გასაღდება - აი, ჩემი პასუხი.


დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს.


ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს ჩვენი სახლი. ჩვენი ცოლ-შვილი, და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.


ჩვენ ქართველებს, ჩვენი ღმერთი გვყავს, რომელიც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს და სხვა ენა არ იცის.


მწერალთა სასახლეში ორი მამულიშვილის სურათი ეკიდა. ერთი მათგანი - დ.ყიფიანი რუსებმა მოჰკლეს, მეორეს კი - დიდი ილიას ქართველებმა გაუხვრიტეს შუბლი. ბოლშევიკებს ძილი უფრთხოდათ. ყიფიანის სურათი ქურდულად გააპარეს, ილიას კი ჯერ ერიდებიან, მაგრამ მისი დროც დადგება.


ჯუღა - ქურიდან გამოშვებული დამდნარი ლითონი ან შლაკი. ჯუღელი კაცი - გულღრძო, უგულო. ჯუღაშვილი.


მთელი ჩვენი ისტორია გვიმტკიცებს, რომ ქართული ენერგია აფეთქებით თავდებოდა, ხანგრძლივობა არა გვყოფნიდა (დაღლილი ერი ვართ). თითქმის ყველა ომი ასე თავდებოდა: ბრძოლაში თუ გავიმარჯვებდით, ცოტა ხანს გავყვებოდით მტერს და მეორე დღესვე გამოვწევდით შინისკენ. ეს იყო თარეში, რბევა, პარტიზანობა და არა ფართოდ დასახული საომარი მოქმედება. ასეთი ერი მკვიდრ სახელმწიფოს ვერ აშენებდა და აკი ვერც ავაშენეთ.


საქ-ში მილიონი კრება და წარმოდგენა მაინც ყოფილა. არც ერთი არ დაწყებულა დროზე. კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ევროპიდან ჩამოსული ყოველივეს ევროპული საზომით ზომავს. აქედან მელანქოლია, პესიმიზმი და უიმედობა.


რუსული ლიტერატურის 9/10 ნასესხებია: - ზოგი აღმოსავლეთიდან, ზოგიც ევროპისგან. იგი თავის საქონლად საღდება ჩვენში (იხ. სტასოვი, პოტანინ)


მჩატე ხალხს დიდი ნიჭი აქვს აღდგენის (ქართველებზეა ზედგამოჭრილი).


კოწია თავართქილაძემ სტამბებით და წიგნით გასტენა საქ-ლო. ოცჯერ იჯდა ციხეში ჩუმი ლიტერატურის გავრცელებისთვის .ეხლა ერთი ჯაგლაგა ცხენი ჰყავს, ბარგს ეზიდება და იმ ცხენზე უარესად ცხოვრობს.


საქ-ლო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაჰყიდის ჩვენს მიწა-წყალს, ხალხსა და სინდისს.


დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში. ეს ამბავი ჩვენს მწერლებს სასაცილოდ არ ჰყოფნისთ. ასე იცინიან ზულუსები და ბუშმენებიც, როცა ევროპიელი კბილებს იხეხავს.


დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერ სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.


ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი - რაღაც განყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას.


ქრისტე რომ ჩამოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებტ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: „ბიჭო იესო, როგორა ხარ? რასა იქ შე ჩემო ნალავ? წამო ერთი ჩარექა დამალევინე“


გინდათ დღევანდელი ჩვენი კულტურული დონე გაიგოთ? შეიხედეთ საზოგადო საპირპარეშოებში და წარწერებიც გასინჯეთ, თუნდაც დიდ დაწესებულებაში.


ერთი დღისა მეშინიან: დრო მოვა და ჩემი ბინის წინ შავი ბალდახინი გაჩერდება.


ჩემი ანდერძის დასასრული: ... ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ.