ისტორია გვასწავლის, რომ თავისუფლება დიდი ხნით ვერ გადარჩება, თუ ის მორალურ საფუძვლებზე არ არის დამყარებული. ამერიკის დაარსება ამ ფაქტის ცხადი დამოწმებაა. ამერიკა ისტორიის ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ იქცა, თუმცა ის ამ ძალას არა ტერიტორიული ექსპანსიისთვის, არამედ მსოფლიოში თავისუფლებისა და სამართლიანობის გასამყარებლად იყენებს.
უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკელები ერთგულებენ თავიანთ რმწმენას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია - რწმენას, რომელიც მათი რელიგიური მემკვიდრეობიდან აღმოცენდა. ამერიკის მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი 1789 წელს წერდა: „ჩვენი კონსტიტუცია მხოლოდ მორალური და რელიგიური ხალხისთვის არის შექმნილი. ის სრულიად შეუფერებელია სხვა სახის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“. ეს სრულიად განმაცვიფრებელი აზრია, თუმცა ის ჭეშმარიტია.
მაინც როგორმა ხალხმა შექმნა ამერიკა, რამაც უბიძგა ადამსს მსგავსი განაცხადისკენ? სამწუხაროდ, არაერთ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უჭირთ ამ კითხვაზე პასუხი. მათ ცოტა რამ თუ იციან თავიანთი ისტორიის შესახებ (იმავეს ვხედავთ ბრიტანეთშიც). თუმცა ამერიკას მართლაც სახელოვანი ისტორია აქვს და მას მრავალი გაკვეთილის სწავლება შეუძლია მორალური საფუძვლების აუცილებლობის შესახებ.
ჯონ უინტროპი, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში ამერიკისკენ დიდ მიგრაციას ჩაუდგა სათავეში და რომელმაც მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის დაარსებას შეუწყო ხელი, აცხადებდა: „ჩვენ ვიქნებით ქალაქი მთაზე“. ახალი სამყაროსკენ მოგზაურობისას ის მოუწოდებდა თანმხლებ პირებს, რომ მათ პასუხისმგებლობით უნდა ეღვაწათ და ეცხოვრათ ისე, როგორც ღმერთმა განიზრახა ადამიანების ცხოვრება: სიკეთით, სიყვარულით და ერთმანეთთან თანამშრომლობით. ადრეული დამფუძნებლების უმეტესობამ დაამტკიცა, რომ კოლონისტები სწორედ ამ სულისკვეთებით იყვნენ ანთებულნი და ცდილობდნენ, ბიბლიური ეთიკის მიხედვით ეცხოვრათ. მათ მიაჩნდათ, რომ ვერც დიდ ბრიტანეთში და ვერც ევროპის სხვა რეგიონში ვერ იცხოვრებდნენ ამგვარად. მათი ნაწილი პროტესტანტი იყო, ნაწილი კათოლიკე, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო მათი რწმენა, რომ სამშობლოში არ ექნებოდათ აღმსარებლობის თავისუფლება და შესაბამისად, თავისუფლად ცხოვრების შანსი. სანიმუშო გამბედაობით, ამერიკის პირველი კოლონისტები შეუდგნენ სახიფათო გზას უცნობი მიწისკენ - სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, არა იმისთვის, რომ სიმდიდრე მოეხვეჭათ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი რწმენა აღესრულებინათ.
ქრისტიანობა დამყარებულია ერთი ღმერთის რწმენაზე, იდეაზე, რომელიც იუდაიზმიდან აღმოცენდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის დამფუძნებელთა რწმენა ემყარებოდა იდეას თითოეული ინდივიდის სიწმინდის შესახებ. თითოეული ადამიანის სიცოცხლე - კაცის თუ ქალის, ბავშვის თუ ზრდასრულის, მდაბიოსი თუ არისტოკრატის, მდიდრის თუ ღარიბის - იყო თანასწორი ღვთის წინაშე. ის ასევე ემყარებოდა თითოეული ინდივიდის პასუხისგმებლობას.
ეს არ იყო რწმენა, რომელიც ადამიანებს, შედეგების მიუხედავად, იმის კეთების უფლებას მისცემდა, რასაც მოისურვებდნენ. მოსეს 10 მცნება, ქადაგება მთაზე და ოქროს წესი ამერიკელებს განსაკუთრებულობის განცდას აძლევდა - და ასევე პასუხისგმებლობის განცდას იმაში, თუ როგორ გამოიყენებდნენ ღვთივბოძებულ ტალანტს. შესაბამისად, ისინი ერთმანეთის მიმართ ღრმა ვალდებულების განცდით იყვნენ განმსჭვალულნი. და წლებთან ერთად მათ არა მხოლოდ მყარი ერთობები შექმნეს, არამედ მიიღეს კანონები, რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებებს დაიცავდა - კანონები, რომელმაც საბოლოოდ თავისუფლების დეკლარაციასა და ამერიკის კონსტიტუციაში შეისხეს ხორცი.
დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ისტორიის უდიდესი მონაკვეთი საზიარო აქვს ამერიკასთან, ასევე მისი მორალური საფუძვლების ძალით აღმოცენდა, განსაკუთრებით მე-18 საუკუნის შემდეგ, როდესაც თავისუფლება თანდათანობით გავრცელდა საზოგადოებაში. მრავალი ადამიანი ჯონ უესლის ქადაგებათა გავლენას დაექვემდებარა, რომელმაც ბიბლიური ეთიკა ადამიანებამდე მიიტანა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ინსტიტუციურმა ეკლესიამ ვერ მოახერხა.
თუმცა ჩვენ დასავლეთში სხვა კულტურების მიმართ საკუთარ ვალსაც ვაღიარებთ. პრე-ქრისტიანულ ეპოქაში, მაგალითად, ანტიკურმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არსიტოტელემ მნიშვნელოვნად იღვაწეს ისეთი კონცეფციების ჩამოყალიბებისთვის, როგორიცაა სიკეთე, ჭეშმარიტება და სათნოება. მათ მშვენივრად უწყოდნენ, რომ თავისუფლების ფასი პასუხისმგებლობაა. თუმცა მაინც სათუო იყო შეძლებდნენ თუ არა საზრისზე დაფუძნებული ჭეშმარიტება, სიკეთე და სათნოება გადარჩენოდნენ ჟამთასვლას ისე, როგორც ეს დასავლეთში, ბიბლიურ ეთიკაზე დამყარებულმა რწმენამ შეძლო.
სერ ედუარდ გიბონმა, ავტორმა წიგნისა „რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა“, შთამბეჭდავად მოგვითხრო ათენის დაცემის შესახებ, სადაც დემოკრატია იშვა. ის მიიჩნევდა, რომ საბოლოოდ, თავისუფლებაზე მეტად ათენელებს უსაფრთხოება სურდათ. შედეგად, მათ ყველაფერი დაკარგეს - უსაფრთხოებაც, კომფორტიც და თავისუფლებაც. მათ სურდათ არა საზოგადოების მსახურება, არამედ მათი მსახური საზოგადოება. თავისუფლება, რომლისკენაც ისინი მიილტვოდნენ, პასუხისგმებლობისგან თავისუფლებაა. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ მათ ის დაკარგეს. თანამედროვე სამყაროში მუდამ უნდა გვახსოვდეს ათენელთა მწარე ხვედრი, როდესაც სახელმწიფოს მზარდი პატერნალიზმის შესახებ მოთხოვნებს წავაწყდებით.
მორალური საფუძვლების მნიშვნელობის შესახებ უახლესი მაგალითი რომ გავიხსენოთ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს უნდა მოვუსმინოთ, რომელმაც ბევრი იტანჯა ხმის ამოღებისთვის, როდესაც მისი ერი ჯერ კიდევ კომუნიზმის მსახვრალი რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდა. ის აცხადებდა: „ყველას აქვს შინაგანი სურვილი და მისწრაფება კაცობრიობის მართლზომიერი ღირსების, მორალური მთლიანობის და ტრანსცენდენტული განცდისკენ, რომელიც აღემატება არსებობას“. მისი სიტყვები მოიაზრებს, რომ კომუნიზმის საზარელი ტერორის მიუხედავად, ის ვერ ჩაახშობდა რელიგიურ გზნებას აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ხალხებში.
შესაბამისად, თავისუფლება, რომელსაც პასუხისგმებლობა ერთვის თან და რომელიც დაფუძნებულია მორალურობასა და რელიგიაზე, გაძლებს უფრო ხანგრძლივად, ვიდრე თავისუფლება, რომელიც დაფუძნებულია აბსტრაქტულ ფილოსოფიურ მოსაზრებებზე. რასაკვირველია, მორალისა და რელიგიის მტრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ახალმა სამეცნიერო აღმოჩენებმა ღვთის რწმენა გააქარწყლა, თუმცა ისინი სინამდვილეში ადამიანისა და სამყაროს უნიკალურ ბუნებას უსვამენ ხაზს. ძნელია არ ირწმუნო, რომ ეს ნიჭი ღვთიური შემოქმედის მიერაა ბოძებული - მხოლოდ მას შეუძლია ამოხსნას არსებობის საიდუმლოებანი.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დღეს ვეხებით, საზოგადოების მორალურ საფუძვლებს ეხება. არსებობენ ადამაინები, რომლებიც უმალვე აღიარებენ თავიანთ თავისუფლებას, თუმცა სხვათა თავისუფლების პატივისცემა არ სურთ - მათ, ათენელების მსგავსად, პასუხისგმებლობისგან თავისუფლება სურთ. თუმცა თუკი ისინი თავიანთ თავისუფლებას აღიარებენ, მათ უნდა სცენ პატივი სხვათა თავისუფლებასაც. თუკი მათ სურთ აკეთონ თავიანთი საქმე შეუფერხებლად, ძალადობისგან დაცულობის გარანტიით, მათ არც სხვები უნდა შეაფერხონ და არ უნდა იძალადონ მათზე.
მსგავსნი კარგს იზამენ, თუ დააკვირდებიან საზოგადოებებს, რომლებსაც მორალური საფუძვლები არ გააჩნიათ. ისინი არ აღიარებენ სხვა კანონს, ძალის კანონის გარდა. ამ საზოგადოებებს მართავდნენ ტოტალიტარული იდეოლოგიები, როგორიცაა ნაციზმი, ფაშიზმი და კომუნიზმი, რომელსაც არ ასაზრდოებს ხალხის ნება, არამედ ინტელექტუალური ელიტების მიერაა თავსმოხვეული.
სწორედ ასეთი ელიტის ორმა წარმომადგენელმა, მარქსმა და ლენინმა შექმნეს „დიალექტიკური მატერიალიზმის“ იდეა, რომელიც კომუნიზმის სადამფუძნებლო დოქტრინას წარმოადგენს. ის ხალხს ყოველგვარ თავისუფლებას ართმევს - აღმსარებლობის თავისუფლებიდან - საკუთრების უფლებამდე. მარქსს და ლენინს სურდათ თავიანთი ნებით ჩაენაცვლებინათ არა მხოლოდ ყველა ინდივიდის ნება, არამედ ღვთიური ნებაც. მათ ყველაფრის დაგეგმვა სურდათ. მოკლედ, მათ სურდათ ღმერთები გამხდარიყვნენ. ეს განმაცვლიფრებლად ამპარტავნული რწმენაა, რომელიც ყველაფერთან ერთად ადამიანური სიცოცხლის სიწმინდეს უარყოფს.
მე-19 საუკუნის ფრანგმა ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ფრედერიკ ბასტიამ ერთხელ უკვე გაილაშქრა ამ რწმენის წინააღმდეგ. მას ეჭვი შეჰქონდა ადამიანებში, რომლებიც „მიუხედავად იმისა, რომ სხვათა მსგავსი ადამიანები არიან, ფიქრობენ, რომ სხვებისთვის თავისუფლების წართმევა და მათ ნაცვლად განხორციელება შეუძლიათ“. ის შეძრული იქნებოდა მე-20 საუკუნის კომუნისტებით, რომლებმაც თავისუფლება მილიონობით ინდივიდს წაართვეს, აღმსარებლობის თავისუფლებით დაწყებული. კომუნისტები რელიგიას აფასებდნენ, როგორც „ხალხის ოპიუმს“. მათ დაიტაცეს ბიბლიები, სხვა კერძო საკუთრებასთან ერთად და ამ პროცესში როგორც მინიმუმ 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
შესაბამისად, მე-20 საუკუნის რუსეთმა დაიწყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი მმართველობასა და ათეიზმში, რომელიც კი აქამდე გვინახავს, სწორედ ისე, როგორც საუკუნეების წინ ამერიკამ შეაბიჯა თავისუფლებისა და რწმენის ყველაზე დიდ ექსპერიმენტში.
კომუნიზმმა უარყო ყველაფერი, რასაც იუდეო-ქრისტიანული ტრადიცია ასწავლიდა ინდივიდის, ადამიანის ღირსების და მორალური პასუხისმგებლობის შესახებ. არ არის გასაკვირი, რომ ის მალევე დაემხო, საკმაოდ მოკლევადიანი არსებობის შემდეგ. ის ვერ გადაურჩებოდა თაობებს, რადგან ის უარყოფდა ადამიანის ბუნებას, რომელიც ფუნდამენტურად მორალური და რელიგიურია. (უნდა ითქვას, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველა, რომ ის ასე სწრაფად და მარტივად დაემხობოდა. რეტროსპექტულად თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს დიდწლიად პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიმტკიცეს მიეწერება, რომელმაც საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს უთხრა: „არც კი ეცადო სამხედრო ძალით ჩვენს დამარცხებას და არც კი იფიქრო, რომ მსოფლიოში თქვენი რწმენის გავრცელება ძალის გამოყენებით შეგეძლებათ“.)
დასავლეთმა კომუნიზმთან მორალური ბრძოლა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და სწორედ ჩვენი ხასიათის სიმტკიცემ, იმ ადამიანების სულიერ სიძლიერესთან ერთად, რომლებმაც მრავალი წელი იტანჯეს საბჭოთა სისტემის ქვეშ, გახადა შესაძლებელი აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში თავისუფლების ხელახალი აღმოცენება - რწმენის, სიტყვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, ხმის მიცემის, პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების, ბიზნესის წამოწყების, საკუთრების და სხვა თავისუფლებები. კომუნიზმი რომ მორალური საფუძვლებით გამყარებული რწმენა ყოფილიყო, შეიძლება გადარჩენილიყო, თუმცა ეს ასე არ იყო და მან ვერ გაძლო მსოფლიოში, რომელსაც თავისუფლების ასეთი კაშკაშა მაგალითები ჰქონდა, სახელდობრ, ამერიკა და ბრიტანეთი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საზოგადოების მორალური საფუძვლები მხოლოდ მის პოლიტიკურ სისტემებზე არ ვრცელდება. ის ეკონომიკურ სისტემებზეც უნდა ვრცელდებოდეს. ამერიკის რწმენა კაპიტალიზმში უდავოდ საუკეთესო მაგალითია ამ პრინციპისა. ეჭვგარეშეა, ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც უპოვრებს სიღატაკიდან ამოსვლაში ეხმარება. კაპიტალიზმი ასევე ბუნებრივი რესურსებით ღარიბ ქვეყნებს აძლევს კეთილდღეობის შანსს. ბუნებრივი რესურსები, რომ საკვანძო იყოს კეთილდღეობისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა რუსეთი იქნებოდა, რადგან სწორედ მას აქვს გაზის, ნავთობის, პლატინის, ოქროს, ვერცხლის, ალუმინის, სპილენძის, წყლის, ველური ბუნების და ნაყოფიერი მიწის ყველაზე მდიდარი მარაგები.
რატომ არ არის რუსეთი მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფო? რატომ არ არიან რესურსებით მდიდარი სხვა ქვეყნები მესამე სამყაროდან სიის სათავეში. ეს ასეა, რადგან მათი ხელისუფლებები არ აძლევენ ხალხს თავიანთი ნიჭის თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობას. ადამიანის საუკეთესო რესურსი თავისივე თავია, თუმცა მას უნდა ჰქონდეს ამ რესურსის თავისუფლად გამოყენების უფლებაც.
თავის უახლეს ენციკლიკაში Centesimus Annus, პაპმა იოანე პავლე მეორემ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა. ის წერდა, რომ კომუნიზმის კოლაფსი მხოლოდ ტექნიკურ პრობლემად არ უნდა მოვიაზროთ. ის შედეგია ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვისა. მან სპეციფიკურად აღნიშნა კერძო ინიციატივის, საკუთრების და ბაზარზე თავისუფლად მოქმედების უფლებები. გახსოვთ „ტალანტების იგავი“ ახალი აღთქმიდან? ქრისტე მოგვიწოდებს ვიყოთ საუკეთესოები ჩვენი უნარებისა და ნიჭის განვითარებით და საკუთარ საქმესა და წამოწყებებში წარმატების გზით. რა შეიძლება კაპიტალიზმის უკეთეს განმარტებად გამოდგეს? ახალი პროდუქტების, სერვისების, სამუშაო ადგილების შექმნით, ჩვენ ვაშენებთ ცოცხალ, მშრომელ საზოგადოებას და ეს მშრომელი საზოგადოება ქმნის საუკეთესო საფუძველს კაცთა შორის მშვიდობისა და სათნოებისთვის.
პაპმა ასევე აღნიშნა, რომ კაპიტალიზმი ხელს უწყობს მნიშვნელოვან სათნოებებს, როგორიცაა სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა, კეთილგონიერება, სიზუსტე, კეთილსინდისიერება და მომავალში ინვესტირების მიზნით, აწმყოში გამოზოგვა. არა მატერიალური სიკეთეები, არამედ სწორედ ეს სათნოებები, რომელიც გამოიხატება ინდივიდების ერთობლივ შრომაში, შეადგენს იმას, რასაც „ბაზარს“ ვუწოდებთ.
თავისუფლება, იქნება ეს ბაზრის თავისუფლება თუ სხვა, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა არსებობდეს. სხვაგვარად, ეს ნიშნავს ძლიერთა თავისუფლებას, დაჩაგრონ სუსტნი. როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩავდივარ, სწორედ ამას ვუსვამ ხაზს სტუდენტებთან, აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან საუბრისას. კვლავ და კლვავ, ვიმეორებ: თავისუფლება სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, რათა მან გაამართლოს. სამართლებრივმა სისტემამ, რომელიც დაფუძნებულია მყარ მორალურ საფუძვლებზე, უნდა მოაწესრიგოს ერის ცხოვრება.
თუმცა ეს რთულად გასაგებია ადამიანებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ძალაზე დამყარებული სამართლის გამოცდილება აქვთ. სამართლიანობის ცნება სრულიად უცხოა კომუნიზმისთვის. ასევეა თანასწორობის ცნებაც. 70 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირს არ ჰქონიათ ჩვეულებითი სამართლის სისტემა. იქ მხოლოდ კომუნისტური პარტიის თვითნებური და ხშირად წინააღმდეგობრივი დიქტატების გამოცდილება აქვთ. იქ არ არსებობდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. კომუნისტურ სისტემაში არ არსებობდა სიმართლე.
და რა არის თავისუფლება სიმართლის გარეშე. მე მეცნიერიც ვყოფილვარ, იურისტიც და პოლიტიკოსიც და ჩემი გამოცდილებით, მინდა განვაცხადო, რომ ის არაფერია. მესამე საუკუნის რომაელი იურისტი იულიუს პაულუსი ამბობდა: „სიმართლე არ გამომდინარეობს კანონიდან, არამედ კანონი გამომდინარეობს ჩვენი ცოდნიდან სიმართლის შესახებ“. სხვა სიტყვებით, კანონი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე, რა მიგვაჩნია მართლად და სამართლიანად. ის მორალურ საფუძვლებზეა დამყარებული. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის თავისუფალი საზოგადოებები მსგავს საფუძვლებს ბიბლიური ეთიკიდან ვიღებთ.
დემოკრატია არცერთხელ არ არის ბიბლიაში ნახსენები. როდესაც ადამიანები იკრიბებიან ოჯახის, თემის თუ ერის სახით, მათი მიზანი არა უმრავლესობის ნების, არამედ სულიწმინდის ნების გამორკვევაა. მიუხედავად ამისა, მე დემოკრატიის აპოლოგეტი ვარ, რადგან ის მხოლოდ უმრავლესობის ნების შესახებ არ არის. ის მხოლოდ უმრავლესობის ნების შესახებ რომ იყოს, ის იქნებოდა უმრავლესობის უფლება, შეევიწროვებინა უმცირესობა. ამერიკის დამოუკდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია ცხადად მოწმობს, რომ ეს ასე არ არის. არსებობს კონკრეტული უფლებები, რომელიც ადამიანის უფლებებია და რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ გააუქმებს. და როდესაც საქმე იმას ეხება, როგორ ახორციელებენ ამერიკელები თავიანთ უფლებას დემოკრატიის შიგნით, მათი გულები თავიანთ თავზე უფრო დიდი მნიშვნელობით არის მოცული. მათი როლი დემოკრატიაში არ ამოიწურება არჩევნებზე მიცემული ხმით. ის ყოველდღიურად ხორციელდება - სტანდარტები და ღირებულებები, რომლებიც შეადგენენ საზოგადოების მორალურ საფუძვლებს, ასევე მათი ცხოვრების სადამფუძნებლო პრინციპებია.
თავისუფლების შენარჩუნებისთვის დემოკრატია საციცოცხლო მნიშვნელობისაა. როგორც ლორდი აქტონი შეგვახსენებს, „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის“. თუკი სიმართლეა, რომ არცერთ ინდივიდს არ ენდობა ძალაუფლება სამუდამოდ, მაშინ უფრო მართებულია, რომ ვერც ხელისუფლებებს ენდობათ იგი. ის მუდამ უნდა მოწმდებოდეს და ამის საუკეთესო საშუალება უმრავლესობის ნებაა, იმ დაშვებით, რომ ეს ნება ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს.
ხშირად მეკითხებიან, ვფიქრობ თუ არა, რომ ოდესღაც იარსებებს ერთი საერთაშორისო დემოკრატია, რომელსაც „ახალი მსოფლიოს წესრიგის“ სახელით იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ჩვენგანი მიილტვის ამისკენ, მე არ მჯერა, რომ ის ოდესმე რეალობად იქცევა. ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავებს ადამიანის ბუნების შესახებ, როდესაც ვამბობთ: „რასაკვირველია, ჩვენ ძალიან ცივილურები და რაციონალურები ვართ იმისთვის, რომ ხელახლა წამოვიწყოთ ახალი ომი“ ან „ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს ხელისუფლებებს, რომ შერიგდნენ და გადაწყვიტონ ჩვენ შორის განსხვავებები“. ტირანებს არა იდეალიზმი, არამედ მხოლოდ შიშველი ამბიცია ამოძრავებთ. იდეალიზმს არ შეუჩერებია ჰიტლერი, ისევე როგორც, სტალინი. დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთადერთი იმედი თავდაცვის გაძლიერებაა. ეჭვგარეშეა, რომ ეს მე-20 საუკუნეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური და გეოპოლიტიკური გაკვეთილია. დიქტატორებს სისუსტე აქეზებთ, ძლიერება კი - აჩერებთ. ძლიერებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ მორალურ სიმტკიცეს, გამოიყენო ძალა ბოროტების წინააღმდეგ.
დასავლეთმა საკმარისი სიმტკიცე აჩვენა ერაყში სპარსეთის ყურის ომის დროს. თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით ბოსნიაში. ამ შემთხვევაში, სიმტკიცის დემონსტრირების ნაცვლად, ჩვენ „დიპლომატია“ და „კონსენსუსი“ ვამჯობინეთ. შედეგად, მეოთხედი მილიონი ადამიანი გაწყვიტეს. ეს საზარელი სანახაობა იყო, რომელსაც არ მეგონა, რომ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ვიხილავდი. თუმცა ეს მოხდა. ვინ იცის, რა ტრაგედიებს გვიმზადებს მომავალი, თუკი ისტორიის განმეორებითი გაკვეთლებიდან არ ვისწავლით. თავისუფლების ფასი არის და მუდამ იქნება მუდმივი სიფხიზლე.
თავისუფალ საზოგადოებებს მეტი ზრუნვა და თავგანწირვა სჭირდებათ, ვიდრე სხვებს. ისინი არიან ერთადერთი საზოგადოებები მორალური საფუძვლებით და ეს საფუძვლები აშკარაა მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, კულტურულ და რაც მთავარია, სულიერ ცხოვრებაში.
ჩვენ, ვინც დღესდღეობით დასავლეთში ვცხოვრობთ, იღბლიანები ვართ. ჩვენ თავისუფლება გვებოძა. არ მოგვიწია მისი ჩვენით გამოქანდაკება. მისთვის სიცოცხლით არ გვიზღია. ეს ჩვენამდე გააკეთეს სხვებმა. თუმცა გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფლება ჩვენგან არაფერს მოითხოვს. თითოეულმა ჩვენგანმა ხელახლა უნდა მოიპოვოს თავისუფლება. ამას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ, რათა მათ შეძლონ უკეთესი მომავლის შენება, რომელიც თავისუფლების სიკეთეებსა და პასუხისმგებლობებს უფრო ფართო მსოფლიოზე გაავრცელებს.
ნოემბერი, 1994