ამბები

კულტურის სამინისტრომ პროტესტის შემდეგ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის აღდგენა გადაწყვიტა

12 ნოემბერი 2021
კულტურის სამინისტრომ პროტესტის შემდეგ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის აღდგენა გადაწყვიტა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურის სამინისტროსთან ერთად, პუშკინის სკვერში მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენას იწყებს - სარემონტო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნით, მუზეუმის ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

საუბარია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმზე, რომელშიც 140 000-მდე უნიკალურ ექსპონატთან ერთად, ოქროს ფონდია დაცული. კულტურის სამინისტრომ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, თავდაპირველად 4 ივლისს განაცხადა, რომ ავარიულობის გამო, შენობა მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. სამინისტრო არ ადასტურებდა, რას უპირებდა1835 წელს აგებულ შენობას - მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემდა შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას, მუზეუმის თანამშრომლები და მოქალაქეები აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სამინისტრო შენობის რესტავრირებას არ გეგმავდა.

მოქალაქეების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კულტურის სამინისტროს 17 ივლისის განცხადებამ, რომელშიც სამინისტრო აცხადებდა, რომ შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გამაგრება იყო შესაძლებელი, ფლიგელების გამაგრება კი დაკავშირებული იყო "დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნებოდა რენტაბელური".

სამინისტროს განცხადებას მოქალაქეების, კულტურის მუშაკების და მუზეუმის თანამშრომლების პროტესტი მოყვა. საბოლოოდ, ეროვნულმა მუზეუმმა შენობის ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის დასკვნაშიც მუზეუმის შენობის სრულად აღსადგენად აუცილებელი რეკომენდაციებია გაწერილი.

სარესტავრაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 058 700 ლარია გამოყოფილი. სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმში დაცული ფონდ-საცავების დროებით სხვა სივრცეში გადატანას გეგმავს.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფონდ-საცავების, დროებით სხვა სივრცეში გადატანის პროცესის დაწყება და ამის შემდგომ მუზეუმის შენობის აღდგენა" - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში მოხდება ისტორიული შენობის სრულად აღდგენა.