ამბები

კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა

12 სექტემბერი 2021
კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და იმედის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. საქმე ეხება ევროპული საქართველოს უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც იმედმა "სიძულვილის ენის" მიუღებლობის მოტივით დაბლოკა და ეთერში არ გაუშვა.

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კლიპი არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს და განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედმა რეკლამის ეთერში არგაშვებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

"კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა...

[კომისიამ დაადგინა, რომ] რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია"

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა 26 აგვისტოს დაბლოკა. სამთავრობო ტელევიზია ამტკიცებდა, რომ რეკლამა ეთერში "სიძულვილის ენის" მიუღებლობის მოტივით არ გაუშვა.

"ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა" - ამბობდნენ ტელეკომოანია იმედში.