ამბები

კანდელაკი: კვლავ დადასტურდა, რომ ევროინტეგრაციის მთავარი დაბრკოლება ივანიშვილია

9 ივნისი 2022
კანდელაკი: კვლავ დადასტურდა, რომ ევროინტეგრაციის მთავარი დაბრკოლება ივანიშვილია

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც, ერთი მხრივ, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო, მეორე მხრივ, მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას.

"ორი მთავარი ამბავია დღეს: პირველ რიგში, ის, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საქართველოსთვის, მაგრამ, ამავე დროს, მხარს უჭერს ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას" - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციის გამოუქვეყნებელი ტექსტის ის მონაკვეთი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპალრამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უჭერენ მხარს.

ტექსტში საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ივანიშვილის დესტრუქციულ როლზეა საუბარი - ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ ივანიშვილის გავლენის გამო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურ დევნაზე.

"[ევროპარლამენტი] გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელიც ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშილმა ითამაშა საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და როლზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად წუხს ივანიშვილის პერსონალუირ და პირად კავშირებზე კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ახალი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. მიმართავს დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილოს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში.

[თარგმანი: ტაბულა]

კანდელაკის თქმით, ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი დამაბრკოლებელი ივანიშვილის ხელისუფლებაა.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ევროკავშირში და ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს გზაზე არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა", - ამბობს კანდელაკი.