ამბები

ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ხედვა

23 ოქტომბერი 2023
ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ხედვა

ირაკლი ბებუა 3 წელია რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში იმყოფება. საქართველოს მოქალაქე ქ.გალში აფხაზეთის ე.წ. სიმბოლიკის დაწვის გამო დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რაზეც მიუთითებენ მისი ახლობლები და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები.

3 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი არც ამ და არც სხვა შემთხვევებში (მგ. გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნის საკითხი; ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლების საკითხი ; ზოგადად, გალში აპარტეიდული რეჟიმის გამკაცრება- ქართული სკოლების დახურვა) არ რეაგირებს. ამ საკითხების მხოლოდ ფორმალურად დაყენება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში სრულიად არაადეკვატური ნაბიჯია .

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?

  • “ტყვეთა გაცვლა” :

ივანიშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად დააკარგინა ქვეყანას ეს ბერკეტი. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსით იქნა გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ყველა პირი (შკლირნიკოვი, მაისაია, გევორქიანი, აბდულაევი და სხვები.) ივანიშვილის რეჟიმს არ გამოუვლენია და არ დაუკავებია არცერთი რუსეთის ჯაშუში 2012 წლიდან დღემდე.

  • რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა:

  • საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთაშორისო ტრიბუნის და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. (რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი პირების საკითხის პერმანენტულად დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან.)
  • აღნიშნული საკითხის წამოწევა ისეთ საერთაშორისო აქტორებთან, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა რუსეთის პუტინისტურ რეჟიმზე ზემოქმედება მოახდინონ. ასეთია ჩინეთი, რომელთანაც ბოლო პერიოდში, სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ჩინეთის მიერ მომზადებულ გეოპოლიტიკურ განაცხადს რომელიც ფაქტობრივად ნატოს გაფართოების წინააღმდეგ არის მიმართული , და რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
  • ამ საკითხის განხილვა ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც სხვა ანალოგიურ ვითარებებში შუამავლის როლს კისრულობენ პუტინის რეჟიმთან. ასეთია ნატოს წევრი და ჩვენი მეზობელი თურქეთი .

  • უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა:

  • საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების გათავისუფლებამდე
  • მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისთვის და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა

  • ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი:

  • ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის გამოყენება ზეწოლის ინსტრუმენტად.
  • დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთო წლიური მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიაზე.
  • ელექტროენერგიის 5%იანი დეფიციტის თურქეთიდან იმპორტით შევსება საქართველოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი დაუჯდება.
  • 1997 წლის შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ნაწილდებოდა 60% / 40%-ზე პროპორციით. 40% მიეწოდებოდა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიას.
  • უკანასკნელ წლებში, ივანიშვილის რეჟიმმა წლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% მეტი მარიონეტული რეჟიმს დაუთმო , რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

ეს ნაბიჯები არ იძლევა გარანტიას რომ ამოცანა მიღწეული იქნება, მაგრამ დღევანდელი რეჟიმის უმოქმედობა ნამდვილად არის ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუარესების გარანტია.