იმიგრაცია რუსეთიდან - რას გავაკეთებდით ჩვენ?

16 მარტი 2022
16 მარტი 2022

იმიგრაცია რუსეთიდან - რას გავაკეთებდით ჩვენ?

რუსეთის ფედერაცია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის მტერია. ამჯერად, ის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს უკრაინაზე. შედეგად, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო იზოლაციაში და ეკონომიკური სანქციების ქვეშ არის მოქცეული ცივილიზებული სამყაროს მიერ. აქედან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.

საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეების მზარდი ნაკადების კონტროლი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ქვეყნის სუვერენული უფლებაა რადგან:

საქართველოში მომავალი ან/და უკვე აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების ნაწილი მტრულად არის განწყობილი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელებში საქართველოსთან დაკავშირებული რუსულენოვანი ჯგუფების ანალიზიც. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იზიარებენ კრემლის პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ, წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოს სამოქალაქო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლით მეტწილად ცდილობენ გვერდი აუარონ მათზე და მათ ქვეყანაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომელიც არის თავისუფალი სამყაროს პასუხი უკრაინაზე სამხედრო აგრესიის გამო. სანქციების გვერდის ავლისთვის სასათბურე პირობების შექმნა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია. რაც უფრო დამანგრეველი ეფექტი ექნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ზომებს, მით უფრო მცირდება შემდგომი აგრესიის საფრთხეებიც საქართველოზე.

დაუშვებელია, საქართველო რუსეთისთვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციებისგან თავის არიდების შავ ხვრელად იქცეს. მტრულად განწყობილი ადამიანების არშემოშვება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეაჩეროს მტრული სახელმწიფოს მტრული მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში სამოქალაქო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და აღასრულოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება, საზღვრების ეფექტური კონტროლით.

საგანგაშოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად და ეთნიკურ სიძულვილად ნათლავს საქართველოს მოქალაქეების სწორ რეაქციას პუტინიზმის მიმართ. ბუნებრივია, ქართულ ბიზნეს-კომპანიების სიფრთხილეც რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით, თავისუფალი სამყაროს მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. საზოგადოება ავლენს ჯანსაღ სიძულვილს არა ეთნიკურობის, არამედ პუტინიზმის და კრემლისტური, დამპყრობლური დამოკიდებულებების მიმართ, რომელიც განპირობებულია თავისუფლების სიყვარულით.

ხელისუფლების მხრიდან ამაზე საუბარი ცინიკურიცაა, იმ პირობებში, როცა წლების განმავლობაში უშვებს და მასპინძლობს პუტინისტებს და პირიქით, კარს უკეტავს კრემლთან ღიად დაპირისპირებულ ადამიანებს.

როგორ მოიქცეოდა ევროპული საქართველო ამ ვითარებაში?

  • სრულად უნდა შეჩერდეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლისტურ პოლიტიკას, რუსეთის სამხედრო აგრესიას, არ ცნობენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სრულად უნდა შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან ან/და იმყოფებიან კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური ვერტიკალის ქვეშ. ამ საკითხების დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს ხელთ აქვთ მრავალი ინსტრუმენტი. ასევე, მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების დახმარების გამოყენებაც.
  • საქართველომ კარი უნდა გაუხსნას პუტინის რეჟიმთან ღიად დაპირისპირებულ მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, მათ გადამოწმებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურების როლი ასეთ შემთხვევაშიც არსებობს.
  • რუსეთის იმ მოქალაქეების შემოშვებასთან დაკავშირებით, რომელთა შემთხვევაში არ ფიქსირდება პუტინის რეჟიმთან კოლაბორაცია ან მხარდაჭერა, სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს ფართო დისკრეციით. დიდი ნაკადის შემთხვევაში კი, დროებით შეაჩეროს მათი მიღება.
  • შერჩევის იგივე მექანიზმი უნდა ამოქმედდეს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართაც. - ღიად კრემლისტური, პუტინისტური პოზიციების მქონე მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ქვეყანა. ასევე, უნდა დატოვონ ქვეყანა მათ, ვინც იმყოფება კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური ვერტიკალის ქვეშ.
  • უძრავი ქონების გასხვისება, ქართული საბანკო ანგარიშებით სარგებლობა, დროებითი ბინადრობის უფლების გაცემა, იურიდიული პირების რეგისტრაცია და წილების გადაფორმება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ვინც გაივლიან შესაბამის ფილტრს, რომელიც ზემოთ არის აღწერილი. ასევე, პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ფილტრს. ასეთ შემთხვევაში, მათი ქვეყანაში ყოფნა და საქმიანობა უსაფრთხოა.

ამ ზომების განხორციელება შესაძლებელია როგორც სავიზო რეჟიმის აღდგენით, ისევე ცალკეული, საგანგებო ზომების შემოღებითაც.

დამატება: ეროვნული ინტერესების მიმართ მტრული ხელისუფლების პირობებში, სანახევრო ზომების შემოღება ვერ შეამცირებს რუსეთის მოქალაქეების მზარდი ნაკადებით შექმნილ რისკებს. ხელისუფლების ცვლილებამდე სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა, მედიაორგანიზაციებმა, აქტიურმა და პატრიოტმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთნ ყველაფერი, რათა გამოავლინონ და საჯაროდ ამხილონ რუსეთის პუტინისტი მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლის და სანქციებისგან თავის არიდების ყველა მცდელობა. ასეთი ხელისუფლების პირობებშიც კი, ამას გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ექნება.