ილია ჭავჭავაძე: ყალბი და ნამდვილი

4 ოქტომბერი 2021
4 ოქტომბერი 2021
4 ოქტომბერი 2021

ილია ჭავჭავაძე: ყალბი და ნამდვილი

ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია-რა. ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.

იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა? ღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულობა? სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?

სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ, და იძახიან-კი, – ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო, და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილუბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა? ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს-კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადაც ბარდებში განაბული?..

ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის, და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა...

სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე, ღვთისაცა. ამისთანა «წმიდა წმიდათა» ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი, უკეთესი, თავანკარა ნაწილი ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერმარილოდ, უტყუილოდ და უხვანჯოდ. ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია. ამ შვილს «ჟურნალ-გაზეთობას» ეძახიან. ამ ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა არის-რა გარდა ყოველ-დღიურის სარკისა, ერი აჭდევს ხოლმე თავის ავკარგიანობასა დღითი-დღემდე. აი, სავაგლახო ის არის, როცა ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალგაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა ერთმანერთის განუყრელნი და-ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა! დღევანდელ ჟურნალგაზეთობას სხვა რა სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას ერთმანერთს არ აშორებდეს და ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემაძრწუნებელი ზნე, რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბადებულიყოს, ოღონდ, ავად თუ კარგად, ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე მოსახმარებელი.

გამოცინცვლა რისამე გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამ სიგძეთაც გნებავთ დაგრიხეთ ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც სიხარულით დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც ლიბერალობითა. მაშ...… ყველას ჰპენტავს და სწეწავს, – ლიბერალობა არ არის, მა რა ეშმაკია!... ჯავრის ამოყრა გინდათ ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ პილპილი ცილისწამებისა, მარილი ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან იმისთანა გაზეთები, რომელნიც არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ ამისთანა განძსა დასაბეჭდად, არამედ თვით მოგნახავენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ ხელიდან არ წაუვიდეთ თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება.

ჭირთა-ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილ უკეთესის კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და ცუღლუტობას... ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება;

ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია. კითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და გიკვირთ, – რაზედ შემოსწყრომია მწერლობა ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს უთავბოლოდაო? აი, რაშია საქმე...

ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა ადამიანსა ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა, ეხლა იანგარიშეთ, რამდენი ამისთანა გაზეთია, რომელიც დედა-აზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ სხვასა საქმობს. არ შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა მიმართულებას, თორემ დღეს-აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და მკითხველები იძლევიან მას, რითაც მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით არის გაძლიერებული და ამაშია დღის სავალალოც.

II
ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1887 წ
.

კვირანდელს ნომერში ჩვენმა მეთაურმა წერილმა შეჰნიშნა, რომ დღევანდელს დღეს ლოღიკა სადღაც გაჰქცევია და ადამიანის ჭკუა-გონებას ღერძი გასტეხიაო. ამან ისე აშკარად არსად არ იჩინა თავი, როგორც მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეობის სარბიელზედ. თუ თვალი გიდევნებიათ, შეუძლებელია არ შეგენიშნოთ იმისთანა მწერალნი, პუბლიცისტები, საზოგადოდ მოსაქმენი და მოღვაწენი, რომელნიც რასაც შინ თვითონ სდევნიან და ჯვარს აცმენ, იმის ნათალს დევნულობასაც-კი სხვა ქვეყანაში მომაკვდინებელ ცოდვადა სთვლიან და არის ერთი ჭექა და ქუხილი იმ ქვეყნის მტარვალობასა და ბარბაროსობაზედ. გამოდის, რომ შესაძლოა, ერთს ქვეყანაში ორჯელ ორი ხუთი იყოს, თუ ეხეირება, რასაკვირველია, და სხვაგან-კი მომაკვდინებელი ცოდვა იქნება, თუ ორჯელ ორი ოთხად არ არის მიღებული. ამისი მაგალითები ათასია და უჩვენოდაც გონების თვალწინ გაიტარებს მკითხველი, თუ კი არ დაიზარა...

მეცხრამეტე საუკუნემ, რომელმაც ასეთი ძლევამოსილობა გამოიჩინა ყველაფერში, რომელმაც მანძილი და დრო დაიმორჩილა, ზღვა ყურმოჭრილ ყმად გაიხადა, უზარმაზარი მთები გასჭრა და გაარღვია, ცა და დედამიწა ხელის გულზედ გადიშალა, ამ მეცხრამეტე საუკუნემ ვერა უხერხა-რა, რომ ბუნებით მონიჭებული ლოღიკა საზოგადოდ მოღვაწე კაცს შერჩენოდა.

ეს, რასაკვირველია, მარტო იმ ცალკე კაცებზედ ითქმის, ვისაც ბედმა არგუნა თავის ასე თუ ისე გამოჩენა საზოგადო სარბიელზედ. უფრო ის ერთნი პოლიტიკოსები და მწერალნი არიან ამაში დამნაშავენი. ხოლო, ამათ წინააღმდეგი არის ერთი არსება, რომელსაც ერს ეძახიან და რომლის სიღრმეშიაც, როგორც ზღვის ძირში მარგალიტი, თავს ინახავს ლოღიკა და, მაშასადამე, მართალიცა. საცა ეგ ერი თვალახილებულია, იქ დიდი მანძილი, დიდი საგზალი არა აქვს ულოღიკოდ რახუნსა და უდედააზრო საქმესა. ამის მაგალითს წარმოგვიდგენს იგივ ინგლისის ერი, რომელიც ჰოშენისთანა კაცებსა იმისთანა მხნე მეომარს მიუსევს ხოლმე, როგორიც სახელოვანი გლადსტონია...

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს; იმას, რომ რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს თავის ლარზედ დააყენებს ლოღიკა ერისა. იგი აღტაცებით და დიდის პატივით მიეგება გლადსტონს და მით მხარიღლივ წუნი დასდო ჰოშენისთანა კაცებსა. ნათქვამია: ჭკუა რომ დაიკარგოს, მთაში მონახეო. არა, ჭკუა რომ დაიკარგოს, ხალხში უნდა მონახოთ. სულიერს განძს კაცობრიობისას აქა აქვს თავისი სალარო და ლოღიკაც – ეს უკეთესი ნიჭი ადამიანისა, – აქა ჰპოულობს თავის სადგურსა.

გაზეთი "ივერია, 1887 წელი