გიორგი ნონიაშვილი: რელიგიურ ჯგუფებს უნდა დაუბრუნდეთ ისტორიული ქონება

6 ნოემბერი 2023
6 ნოემბერი 2023

გიორგი ნონიაშვილი: რელიგიურ ჯგუფებს უნდა დაუბრუნდეთ ისტორიული ქონება

საქართველოს კულტურულ-რელიგიურ მემკვიდრეობას მძიმე ზარალი მიაყენა ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი, საბჭოთა რუსეთმა: ტაძრების გადათეთრება, ზარების გადადნობა, ძარცვა, ქონების განადგურება, საკულტო ნაგებობების ნგრევა და წართმევა, სასულიერო პირების ხოცვა… - ამ ამბავს მხოლოდ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრებზე არ გადაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა რელიგიური ქონება. სხვებმა კი - ვერა.

როდესაც ქართველი კათოლიკეებისთვის, მუსლიმებისთვის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წევრებისთვის, ლუთერელებისთვის, იუდეველთათვის ბოლშევიკების მიერ წართმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ხშირად წინააღმდეგობის არგუმენტად ასეთ რამეს გავიგებთ ხოლმე: “ჯერ მაგათ დააბრუნონ ჩვენი და მერე ვილაპარაკოთ… (მგ. თურქეთში დაუბრუნონ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საკულტო ნაგებობები)”

ეს დამოკიდებულება, ქართველი სამოქალაქო ერის წინააღმდეგ არის მიმართული, - თითქოს ქართველი კათოლიკეები, აჭარელი მუსლიმები, თბილისელი სომხები და სხვები ჩვენი ერის ნაწილი არ არიან და ჩვენი ვალი აქვთ რაიმე.

სხვა ქვეყანას თუ რამე “მართებს” ჩვენი, მას უნდა ვემართლებოდეთ და არა ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეებს ვსჯიდეთ ამის გამო. ცხადია, ქართული სახელმწიფოს თუ წესიერი ხელისუფლება წარმოადგენს, დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარი ისტორიული და კულტურული მეკვიდრეობის დაბრუნებით. მეტიც, ის დაინტერესებული უნდა იყოს ისტორიულ მესაკუთრეს - ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდეს დაკარგული ტაძრები. სადაც ამის ადგილია, ამ საკითხს დიპლომატიურ ურთიერთობებშიც აყენებდეს და მოლაპარაკებას ცდილობდეს.

ოღონდ ფარისევლად არ უნდა გადაიქცე. სხვა, თავის ქვეყანაში სამართლიანობისა თუ უსამართლობის ზეიმს გამართავს, ამის მიუხედავად, უნდა იზრუნო შენს ქვეყანაში ისტორიული უსამართლობის დასრულებაზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების ქონების მიმტაცებლობასა და ქურდობას ქართულ იდენტობად ასაღებს. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ნაწილს: ქართველ კათოლიკეებს, მუსლიმებს, იუდეველებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წევრებს თუ ლუთერელებს უნდა დავუბრუნოთ ჯერ კიდევ შენარჩუნებული საკულტო ნაგებობები, რომელიც მათ ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ წაართვა.

შემოუერთდით პეტიციას https://cutt.ly/5wynnnO7