გიგა ბოკერია: რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ

19 ნოემბერი 2021
19 ნოემბერი 2021
19 ნოემბერი 2021

გიგა ბოკერია: რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ

"ძვირფასო, აქ, რაც შეგვიძლია სწრაფად
უნდა ვირბინოთ ვისაც გვსურს, რომ
ერთ ადგილზე დავრჩეთ. მაგრამ, თუ
გსურს სადმე მიხვიდე, ამაზე ორჯერ
სწრაფად უნდა ირბინო"

ლუის კეროლი

კრიზისი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გავრილოვის ღამის შემდეგ შექმნა, მიტაცებული არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო სახიფათო ფაზაში შევიდა.

დღეს კიდევ უფრო დიდია საფრთხე, რომ ამ ჭაობში კიდევ უფრო მეტხანს დავრჩეთ, ვიდრე წარმოგვედგინა - გაურკვეველი დროით გადაიდოს ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ დიდხანს არ მიეცეთ თავისუფლების, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების გარანტია.

სააკაშვილისადმი რეჟიმის მოპყრობა გაცდა უბრალოდ სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას და პირველყოფილი შურისძიების, ადამიანის ღირსების შელახვის, სახელმწიფო ინსტიტუტების და ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფის ამაზრზენ მორევში ჩაითრია მთელი ქვეყანა. უმართავმა პანდემიამ თერთმეტი ათასზე მეტი მოქალაქე უკვე შეიწირა და დღეში რამდენიმე ათეულ ადამიანს ართმევს სიცოცხლეს. ვინც პანდემიას გადაურჩა, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები ახრჩობს.

ისტორია გვასწავლის, რომ კრიზისი ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. პრეზიდენტი ლინკოლნი ამბობდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ხალხს ნებისმიერ ეროვნულ კრიზისში დავეყრდნოთ, თუ მათ სიმართლეს არ დავუმალავთ. მეც მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს უმძიმესი კრიზისი დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობად ვაქციოთ, თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ისე ავაგებთ მოლოდინებს და დავსახავთ გამოსავლის გზებს.

პოლიტიკური შურისძიება

ჩვენი მმართველობის პერიოდთან ბევრი სამართლიანი პრეტენზია არსებობს და მესმის იმ მოქალაქეების, რომლებსაც სურთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი ვაგოთ. ისე, როგორც ახლა ივანიშვილის რეჟიმზე გამწარებულ მოქალაქეებს სურთ, რომ ოლიგარქი და მისი მარიონეტები გასამართლდნენ.

მაგრამ, რა ნაბიჯებსაც ქართული ოცნება 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან დღემდე პოლიტიკური ოპონენტების და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დგამს, მართლმსაჯულების ინტერესებთან კავშირი არ აქვს.

პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად გამოგვიცხადა, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას გაეცლებოდა, სააკაშვილს არ დაიჭერდნენ, რაც მხოლოდ იმას ნიშავს, რომ ერთადერთი „დანაშაული“, რომლის გამოც სააკაშვილი ციხეშია, მისი პოლიტიკური საქმიანობაა - საქმე რომ მართლმსაჯულების ინტერესებში იყოს, პოლიტიკიდან წასვლა რას ცვლიდა? სააკაშვილის დანაშაულს როგორ ამსუბუქებდა?

საზოგადოების გახლეჩვის და გადაულახავი სიძულვილის გაღვივების გარდა არაფერს ემსახურება ყოფილი პრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და შემდეგ კადრების გამოქვეყნება. ამ პროვოკაციული ნაბიჯის მიზანი ნათელია - სააკაშვილის ღირსების დემონსტრაციული შელახვა ივანიშვილის მიერ, სახელმწიფო ინსტიტუტების და ორგანიზებული დანაშაულის ხელით. შეურაცხყოფა, რომელიც მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოს საკანში ესმის, ოლიგარქის და კრიმინალური სამყაროს ერთობლივი შურისძიებაა და მართლმსაჯულების ინტერესებს არათუ გამოხატავს, არამედ ეწინააღმდეგება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სააკაშვილი გლდანში გადაიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ხალხმრავალ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ფართომასშტაბიანი ძალადობის რისკებს არ ერიდება, საზოგადოებაში იმ განცდის შესაქმნელად, რომ ყველაფერი გაუვა. ეს უპასუხისგებლობაზე მეტია - ასე ცდილობს რეჟიმი მოქალაქეებს ხელები ჩამოაყრევინოს, საკუთარ თავში რწმენა გაუნადგუროს და დეპრესიაში ჩააგდოს.

მიუხედავად იმისა, თუ ვის რა დამოკიდებულება გვაქვს სააკაშვილის მიმართ და ვინ როგორ აღვიქვამთ მის წარსულს ან დღევანდელ როლს ქართულ პოლიტიკაში, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ რეჟიმის მოპყრობა სააკაშვილის მიმართ არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, სამოქალაქო მშვიდობას, საბოლოო ჯამში კი სუვერენიტეტს არყევს.

მიხარია, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი და სხვებიც შეწყვეტენ. ზოგადად, მე შიმშილობის მეთოდის წინააღმდეგი ვარ განსაკუთრებით, ასეთ რეჟიმებთან ბრძოლისას. შიშილობა საკითხის სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს და არ მიმაჩნია სწორად, საკუთარი თავის ცაიტნოტში ჩაგდება. წამზომი რეჟიმს უნდა ჩავურთოთ.

ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება შეუძლია თვითდინებით გამოსულ, ხალხმრავალ, ინტენსიურ პროტესტს და დასავლეთის წნეხს. ამის მაგალითი გავრილოვის ღამის შემდგომი პროცესია. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ რომ დღევანდელი მდგომარეობით, საკმარისი არც ერთია და არც მეორე.

გამორიცხული არ არის, მოხდეს ისეთი რამ, რაც ხალხის ფართო მასების ჩართულობას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმაზე ვერაფერს დავაყრდნობთ, მით უმეტეს - სიცოცხლეს.

დღეს რაც ვიცით, ისაა, რომ პოლიტიკური დევნის დასრულების შანსი ამ ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ გაჩნდება და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, პოლიტიკურ პროცესში საზოგადოების ფართო სპექტრი უნდა ჩაერთოს.

„არჩევნებს აზრი აღარ აქვს“

„ნიანგების პირისპირ, რთულია გაგახსენდეს, რომ მათი ჭაობის დასაშრობად მოხვედი“ - რეიგანის ეს სიტყვები, ვფიქრობ, ქართველი საპროტესტო ამომრჩევლის დილემას კარგად აღწერს.

მართლაც, რთულია გაგვახსენდეს, რომ ჭაობიდან არჩევნებით ამოსვლაა ჩვენი ეროვნული ამოცანა, როდესაც ივანიშვილის ფერმის ნიანგები არჩევანს უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით გვტაცებენ.

ბევრი, მათ შორის ჩემთვის პატივსაცემი ადამიანისგან გავიგე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არჩევნებმა აზრი დაკარგა და ამიტომ, არასაარჩევნო გზით უნდა ვიაროთ. რომ ეს უფრო სწრაფი გზაა.

ეს სწორი არ არის.

ჩვენ ნამდვილად ვართ ანტი-დემოკრატიულ, რეაქციულ ძალასთან ფასეულობების ომში, სადაც ყველა დღე ძვირფასია და სადაც, შეიძლება არასაარჩევნო მეთოდების გამოყენებაც კი მოგვიხდეს - ლეგიტიმურად.

მაგრამ იმისთვის რომ ცვლილება რადიკალური გზით მოხდეს, მხოლოდ პოლიტიკოსების და აქტივისტების სურვილი არ კმარა - ამისთვის უნდა არსებობდეს დიდი სოციალური ფენა, რომელსაც იგივე განწყობა აქვს და მზადაა, საპროტესტო მოძრაობის მთელ სპექტრში მიიღოს მონაწილეობა, სხვადასხვა ფორმით.

სრული სიმართლეა, რომ ოპოზიცია უმრავლესობაშია და ქართულ ოცნებას გამარჯვება მიტაცებული აქვს. ბოლო წლებია გაყალბების მასშტაბი ძალაუფლების საკითხს წყვეტს. მაგრამ, ისიც ხომ მართალია, რომ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით? ავტორიტარული რეჟიმის არსი კი ისაა, რომ უბრალო უმრავლესობა ვერ უგებს. რომ უგებდეს, ავტორიტარული არ იქნებოდა.

როგორც ლუის კეროლის ცნობილ ნაწარმოებშია, ავტორიტარულ რეალობაში უბრალოდ რომ გადარჩე, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა გჭირდება, ხოლო რეალობის შესაცვლელად, ორჯერ მეტი ძალისხმევის დახარჯვა გიწევს.

დიახ, უბრალოზე დიდი უმრავლესობა გვჭირდება იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმური მეთოდები დავძლიოთ და არჩევნებში პირწმინდად დავამარცხოთ. კიდევ უფრო დიდი უმრავლესობა გვჭირდება იმისთვის, რომ, თუ კიდევ უფრო მასშტაბური გაყალბება გაბედა, გამარჯვება არასაარჩევნო გზით დავიბრუნოთ.

ამიტომ, სრულიად უსაფუძვლოა რწმენა, თითქოს ჩვენი პრობლემების არასაარჩევნო გადაწყვეტა უფრო რეალისტური და სწრაფი გზაა, ვიდრე - საარჩევნო.

ისტორიული მაგალითი რომ ავიღოთ, ვარდების რევოლუციამდე, 2 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიულ ოპოზიციას ძალიან დიდი ელექტორალური უპირატესობა ჰქონდა. ეგზიტპოლით მოქალაქეთა კავშირს და აღორძინებას ერთად ამომრჩევლის ერთი მესამედიც არ უჭერდა მხარს. თავს თუ არ მოვიტყუებთ, ამ მასშტაბის უპირატესობა დღეს ოპოზიციას არ აქვს და ამას ოპოზიციური არხების ეგზიტპოლებიც ადასტურებს.

მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები უმრავლესობაში ვართ და თუ ნებისყოფა გვეყოფა და ვიმუშავებთ, უფრო დიდი უმრავლესობა გვექნება.

ამასთან, რევოლუციაზე საუბარი ცუდი მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ვითარება არ მომწიფებულა, არამედ იმიტომ, რომ კარგი ამაში არაფერია. კარგი არის არჩევნები. არასაარჩევნო ცვლილება უკიდურესი ზომაა, რომელსაც მიმართავ მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი ნამდვილად აღარაა და ეს ძალიან აშკარაა. სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი - ისევ ისტორიული პარალელი რომ გავავლო, 2003 წელს სიტყვა „რევოლუციის“ პირველი ხსენებიდან რამდენიმე დღეში რევოლუცია მოხდა, მანამდე არჩევნების შედეგების გასწორებას ვითხოვდით. როცა პოლიტიკაში სიტყვა ცვდება, ადამიანების გაუცხოება ხდება პროცესიდან და აპათია იზრდება.

2003 წელს, ჩვენი ამოცანა ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა იყო, სადაც ხელისუფლება არა პერმანენტული რევოლუციით, არამედ არჩევნებით იცვლება და მოქალაქეებს თავიანთი მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ. 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანმა გადაცემამ ეს ამოცანა ნაწილობრივ შეასრულა. თუ ამ პრეცედენტმა ვერ გაძლო და ახალი რევოლუცია დაგვჭირდა, ეს ჩვენი ეროვნული ამოცანებისთვის დამაზიანებელი და სახიფათო იქნება. ნამდვილად შეიძლება, უარესის თავიდან ასაცილებლად, გარდაუვლად, არასაარჩევნო მეთოდი დაგვჭირდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა სხვა შესაძლებლობა ამოწურული იქნება.

„აბა 2024-მდე ვიცადოთ?“

„მოვლენები, ძვირფასო, მოვლენები“ - ასე უპასუხა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ჰაროლდ მაკმილანმა, როდესაც მას ჰკითხეს, რა უქმნიდა ყველაზე მეტ პრობლემას პრემიერობისას.

ზოგიერთ მოქალაქეს წყენა შევატყვე, როდესაც ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვიცით და ვერ გვეცოდინება, რა მოვლენა ან მოვლენები შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში, რომელსაც სწრაფი ცვლილებების გამოწვევის პოტენციალი ექნება, ამიტომ შედარებით გრძელვადიანი ბრძოლისთვის უნდა განვეწყოთ. ნამდვილად სასურველია სწრაფი გამოსავალი ინახოს. მაგრამ ერთია სურვილი, მეორე - რეალობა. დაპირებებს იოლად ის იძლევა, ვინც სიტყვას არ უფრთხილდება და ტყუილის თქმა არ აწუხებს.

რადიკალიზაციის „ფალშ სტარტმა“ შეიძლება ჩაშლილ ბოიკოტზე დიდი აპათია გამოიწვიოს, რაც ისევ ივანიშვილს დაეხმარება და მოჩქარეებს დაგვაგვიანდება.

ცხადია, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ხელისუფლებაზე წნეხის ეფექტური იარაღია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მონაწილეების მოლოდინებს აქციის ლიდერები სწორად მართავენ. თუ აქციები პროტესტის მონაწილეთა იმედგაცრუების წყაროდ იქცა, ის ხელისუფლების იარაღი გახდება წინააღმდეგობის დასასუსტებლად.

დღეს, რეჟიმის წინააღმდეგ მილიონამდე მოქალაქე აძლევს ხმას. ივანიშვილის რეჟიმის პირწმინდად დასამარცხებლად, ოპოზიციას ჯამში მილიონ სამასი ათასამდე ამომრჩეველი სჭირდება.

ამიტომ, ჩვენ 2024-მდე კი არ უნდა დავიცადოთ, უნდა ვიმოქმედოთ და ყველა შესაძლო არხით ოპოზიციის მხარდაჭერა სამასი ათასით გავზარდოთ - ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა, თუ საპროტესტო ელექტორატს არასწორ მოლოდინებს არ შევუქმნით, იმედს არ გავუცრუებთ და პოლიტიკური პროცესიდან არ გავთიშავთ.

საპროტესტო ელექტორატის გაფართოებას ნამდვილად არ ეხმარება ოპოზიციის დიდი ნაწილის ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები და განცხადებები - ერთი მხრივ, იმაზე საუბარი, რომ რეჟიმი მკვლელია, ძალაუფლება უზურპირებულია და არასაარჩევნო მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთ, მეორე მხრივ, პარლამენტში დარჩენა, კანონშემოქმედება და ფრაქციის სახელით მინისტრების მოწვევა. ასეთი არათანმიმდევრულობა ოპოზიციას დამაჯერებლობას აკარგინებს და ასუსტებს, რაც სამწუხაროა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ამ პარტიების გადასაწყვეტია.

ევროპული საქართველოს მთავარი ამოცანა ბუნებრივია მხარდაჭერის გაზრდაა იმისთვის რომ რეალური წონა და გავლენა გვქონდეს, როდესაც დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალი გახდება. ჩვენი ძალისხმევა ახლო მომავალში, დიდწილად, სწორედ პარტიის რეფორმას, თანამოაზრეების მოძიებას, მათთან კომუნიკაციას და მათ ინტეგრაციას დაეთმობა და არა დროებით მოკავშირეებს. მეტი ადამიანის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის პროტესტში და მომავალი ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადება ჩვენი მთავარი საქმე იქნება.