ამბები

ფლანგვა: პროკურატურა 16 მლნ ლარის შენობას იშენებს, როცა 2 შენობა უკვე აქვს

31 იანვარი 2022
ფლანგვა: პროკურატურა 16 მლნ ლარის შენობას იშენებს, როცა 2 შენობა უკვე აქვს

საქართველოს პროკურატურა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს. მუნიციპალურმა ფონდმა 474 237 ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოებზე კონკურსი უკვე გამოაცხადა.

აღნიშნული პროექტით, თბილისში, საქალაქო სასამართლოს უკან პროკურატურის ახალი 12 967 კვ.მ-ის ადმინისტრაციული შენობა აშენდება, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 000 000 ლარია.

პროკურატურას თბილისში უკვე აქვს 2 ადმინისტრაციული შენობა, რომელთაგან ერთ-ერთის გაყიდვა იგეგმება. თუმცა გაუგებარია, რა ნიშნით დაიწუნა უწყებამ შენობა, რომელსაც არცერთი ფორმალური წუნი არ აქვს.

"ირაციონალურია დღეს პროკურატურის ახალი შენობის ასაშენებლად 16 მილიონის დახარჯვა, როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს.

დღეს პროკურატურას 2 შენობა აქვს, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს სამუშაო პირობებს.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხარჯი ბიუჯეტიდან გაიცემა, პრივატიზაციიდან, გრანტით თუ სესხით. ყველა შემთხვევაში, ფული აკლდება საქართევლოს მოქალაქეებისთვის სასიკეთოდ განსახორციელებელ პროექტებს.

16 მილიონ ლარად დევნილთა 500 ოჯახის ბინით დაკმაყოფილებაა შესაძლებელი"

აცხადებს ბესო დონაძე

ევროპული საქართველოს შეფასებით, პროკურატურის მიერ ახალი მშენებლობის წამოწყება სახელმწიფო სახსრების ფლანგვის ნათელი მაგალითია. ამ თანხით არაერთი პრიორიტეტული საკითხის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი.

მაგალითისთვის, ამჟამინდელი საბაზრო ღირებულებით, ეს თანხა 500-მდე დევნილის 60 კვ.მ ბინით უზრუნველყოფას შეიძლებოდა მოხმარებოდა.