ევროპული საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო წარმომადგენლობას ევროპული საქართველოს ამომრჩეველი განსაზღვრავს პრაიმერიზის გზით;
პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება ექნებათ ევროპული საქართველოს ამომრჩევლებს, რომლებიც დელეგატებად დარეგისტრირდებიან;
პრაიმერიზში გამარჯვებული წარმომადგენლები იბრძოლებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში;
თუ არჩევნებისთვის სხვა პარტიებთან ტექნიკური ალიანსის შექმნა გადაწყდა, პრაიმერიზის შედეგად გამოვლენილი საპარლამენტო სიის მიმდევრობა იქნება დაცული.
ვადები
დასაწყისი 11 ნოემბერი;
გუნდების საჯაროდ წარდგენის ბოლო ვადა 20 დეკემბერი;
წარდგენის შემდეგ გუნდებს აქვთ უფლება დამატებით მოიზიდონ და დაარეგისტრირონ ამომრჩეველი დელეგატები არჩევნებამდე არაუგვიანეს თვენახევრით ადრე;
არჩევნები ჩატარდება მაისის ბოლოს.
გუნდები
გუნდურობის წახალისების მიზნით, პრაიმერიზში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები (საპარლამენტო სიის ვერსიები);
გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 30 და არა უმეტეს 150 წარმომადგენლისგან, რომელთაც წარადგენენ მათი გაცხადებული თანხმობის საფუძველზე;
გუნდის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დელეგატს, ან დელეგატთა ჯგუფს, რომელიც მინიმუმ 100 დელეგატის მხარდაჭერას მოაგროვებს და მათი ხელმოწერებით დაადასტურებს;
ერთი დელეგატი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს ერთ გუნდს;
თუ ერთი დელეგატი ორ, ან მეტ გუნდს დაუჭერს მხარს, წარმდგენ დელეგატს ან დელეგატთა ჯგუფს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცემა ერთი კალენდარული კვირა. თუ ამ ვადაში, წარდგენილ გუნდს საკმარისი რაოდენობის დადასტურებული ხელმოწერები არ ექნება, გუნდი, ან გუნდები პრაიმერიზიდან მოიხსნება;
გუნდების შედგენისას აუცილებელია სავალდებულო გენდერული კვოტის გათვალისწინება და სამში ერთი ქალის ყოფნა;
კონკურსში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის და შესაძლებელია ერთი კანდიდატის რამდენიმე გუნდში (სიაში) ერთდროულად ყოფნა.
პრაიმერიზის ორგანიზება
პრაიმერიზს ჩაატარებს პრაიმერიზის კომისია;
პრაიმერიზის კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი;
პრაიმერიზის კომისია იქმნება გუნდების რეგისტრაციის პარალელურად;
პრაიმერიზისს კომისიის წევრი ხდება რეგისტრირებული გუნდებიდან თითო წარმომადგენელი. გუნდს, სურვილის შემთხვევაში, წარმომადგენლის ჩანაცვლების უფლება აქვს. პარტიის პოლიტსაბჭო წარადგენს არა უმეტეს ხუთ წევრს ისე, რომ კომისიის წევრთა რაოდენობა კენტი იყოს.
პრაიმერიზის კომისიის შექმნამდე პრაიმერის საორგანიზაციო საქმეს ასრულებს პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ განსაზღვრული ჯგუფი.
საპარლამენტო სია
საპარლამენტო სია იქმნება გუნდების მიერ მიღებული შედეგების პროპორციული განაწილებით;
პროპორციული განაწილება მოხდება ბიჯების მიხედვით. ერთი ბიჯი 8 წარმომადგენელს მოიცავს;
პროპორციულ განაწილებაზე სავარაუდო გავლენა ექნება გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას - საპარლამენტო სიის სამ წევრში, ერთი ქალი უნდა იყოს. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, სავალდებულო კვოტირების წესის გათვალისწინებით, საპარლამენტო სიას გუნდის შემადგენლობის პირველი ქალი დაემატება, კაცსაც რომ უწევდეს პროპორციული განაწილებით, ხოლო მოცემული კაცი/კაცები შემდეგი კაცის/კაცების ადგილს დაიკავებს/დაიკავებენ.
პრაიმერის შედეგად შედგენილი საპარლამენტო სიის პირველ 30 წევრს პარტიის ყრილობა პოლიტსაბჭოს წევრებად დაამტკიცებს. ყრილობის მიერ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრების არჩევის წესი უცვლელი რჩება.