ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰელსინკში, EPP - ის პოლიტიკურ ასამბლეაზე იმყოფება. ევროპული საქართველოს ინიციატივით, ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ და მსჯელობის შემდეგ მიიღეს საგანგებო რეზოლუცია.
რეზოლუციაში დაგმობილია არამხოლოდ რუსული კანონი, არამედ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსი, რომელიც აჩვენებს აშკარა უკუსვლას დემოკრატიის სფეროში.
“რეზოლუციაში ნათქვამია ძალიან მკაფიოდ, რომ არამარტო ეს კანონი, არამედ მთელი ამ წლების დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ის ნარატივები, ის გზავნილები, რომელიც ისმის ანტიდასავლური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ის პოზიცია, რომელიც მათ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ის გამოუთქმელი სურვილები და გადაუდგმელი ნაბიჯები რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებია.
შესაბამისად, ყველასთვის დღეს ნათელია, რომ ამ ხელისუფლებასთან ერთად წარმოუდგენელია და არარეალურია მოხდეს იმგვარი განვითარება, რომ ვისარგებლოთ ამ ისტორიული მომენტით, მივიდეთ ევროინტეგრაციამდე და გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები“ - განაცხადა გიგი წერეთელმა
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ევროპის სახალხო პარტია "ძლიერ შეშფოთებულია" საქართველოში მიმდინარე ბოლო დროინდელი, მათ შორის აგენტების შესახებ კანონის გარშემო მიმდინარე მოვლენებით.
"ამ ქმედებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და გამოიწვია ღრმა ეჭვები მათ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
უფრო ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების კურსი დემოკრატიის სფეროში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს. ამას გარდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, მავნე, აბსურდული პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ევროკავშირი და შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას აიძულებენ, რაც იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ნარატივებს, არის საგანგაშო.
სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს იმის საპირიპსირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას ევროპისთვის ასეთ ისტორიულ მომენტში სჭირდება, როდესაც უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს...
მსგავსი ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლება მომართულია ევრო-ატლანტიკური მომავლის საწინააღმდეგოდ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებთან სწორედ ქართული ოცნებისა და ჩვენი ევროპული მომავლის შეუთავსებლობა უნდა იყოს და სწორედ ამას ასახავს ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო რეზოლუციის ტექსტიც.
„ეს რეზოლუცია ასახავს უმძიმეს რეალობას, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და ჩვენი დასავლური მომავალი, ნატოს წევრობა და ევროკავშირთან დაახლოება შეუთავსებელია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ