ეროვნული გამოცდების რეფორმა

15 ნოემბერი 2023
15 ნოემბერი 2023

ეროვნული გამოცდების რეფორმა

ვარდების რევოლუციის შემდგომ ეროვნული გამოცდების შემოღებით აღმოიფხვრა კორუფცია საგამოცდო პროცესიდან და დამკვიდრდა კომპეტენციაზე დამყარებული კონკურენცია აბიტურიენტებს შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა ყველა აბიტურიენტს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან, თავისუფალ კონკურენციაში გამარჯვებით მიეღო წვდომა უმაღლეს განათლებაზე.

დროსა და გამოწვევების ცვლილებასთან ერთად, სისტემა საჭიროებდა რეფორმირებას, მეტ მოქნილობას, მსოწავლეთა კომპეტენციის შეფასებისთვის განსაზღვრული საგამოცდო პროგრამების მუდმივ განახლებას, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ საპირისირო ტრაექტორიით სვლა არჩია.

პრობლემა: ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი ადეკვატურად ვერ აფასებს აბიტურიენტების ანალიტიკურ უნარებს და ხშირად ფაქტობრივ ცოდნაზეა დაფუძნებული, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს, არ ითვალისწინებს გრანტს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის მიღმა გეგმავენ განათლების გაგრძელებას და ხელოვნურ ბარიერს ქმნის სტუდენტობის მსურველი მოსწავლეებისთვის.

ეროვნული გამოცდების ადმინისტრირების არსებული სისტემა, რომელიც უკვე მრავალი წელია სტუდენტობის მსურველი მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჭიროებებზე მორგებას საჭიროებს, არაფრით გაუმჯობესებულა.

ამასთან, 2019 წელს განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდებიდან უნარების გამოცდა ამოიღო, რამაც კატასტროფულად შეამცირა გამოცდების ეფექტურობა აბიტურიენტთა კომპეტენციის შეფასების კუთხით.

დღეს ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი ვეღარ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებსა და გამოწვევებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში.

არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას, რისი ნებაც ქართული ოცნების ხელისუფლებას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნიათ.

გამოსავალი: არსებული გამოცდების ჩანაცვლება მოსწავლის ანალიტიკურ უნარებზე ორიენტირებული გამოცდებით და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კერძო ცენტრების ჩართვა გამოცდების ადმინისტრირების პროცესში.

დღეს არსებული საგამოცდო სისტემა უნდა ჩანაცლვდეს სამი ტიპის გამოცდით.

1. უნარების გამოცდა - შეამოწმებს აბიტურიენტის კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს. უნარების გამოცდა სავალდებულო იქნება ნებისმიერ პროგრამაზე ჩაბარებისთვის;

2. საგნობრივი/სპეციალობის გამოცდა - უნივერსიტეტები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, რომელი საგნობრივი გამოცდით იქნება შესაძლებელი კონკრეტულ სპეციალობაზე ჩაბარება;

3. ზოგადი განათლების გამოცდა - შეამოწმებს საშუალო განათლების საფეხურის ყველა შესაბამის დისციპლინაში მიღებულ მინიმალურ ცოდნას. ამ გამოცდის საფუძველზე შედგება სკოლების რეიტინგი;

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს უნარებისა და სპეციალობის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, აუცილებელი უნდა იყოს ზოგადი განათლების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

გამოცდები უნდა ტარდებოდეს წელიწადში რამდენჯერმე და აბიტურიენტებს ამ გამოცდებზე გასვლა მე-9 კლასიდან უნდა შეეძლოთ. რამდენჯერმე ერთი და იმავე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს აბიტურიენტის საუკეთესო შედეგი სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოსაპოვებლად.

გამოცდების მრავალჯერადად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. გამოცდების ადმინისტრირების პროცესში ჩართვა უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ავტორიტეტული აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს. შედეგად, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავად აარჩიონ მათთვის ხელსაყრელი ცენტრი, დრო და ადგილი.

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი:

1. ადეკვატურად შეამოწმებს აბიტურიენტის სააზროვნო უნარებს და ამა თუ იმ საგანში დაგროვებულ ცოდნას;

2. სრულად უპასუხებს აბიტურიენტების საჭიროებებს და მოხსნის ყველა სისტემურ ბარიერს უმაღლესი განათლების მისაღებად;

3. გამოცდების ჩაბარების დროითი მოქნილობა გარკვეულწილად შეამცირებს წნეხს აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის და რაც მთავარია, მისი სადამსჯელო ბუნება თვითგანვითარების წამახალისებელ მექანიზმად გარდაიქმნება.

თუ იზიარებთ ეროვნული გამოცდების რეფორმის კონცეფციას, შეავსეთ თანამოაზრის ფორმა - https://europeangeorgia.ge/register