რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ მართული.
ეს არის პროდასავლელი მოქალაქეების თვითორგანიზებული და ლეგიტიმური პროტესტი, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვთ.
ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გაფართოებისთვის ხელისუფლების პროპაგანდას არ უნდა მიეცეს საშუალება, მონათლოს ეს პროტესტი ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრებად.
ამავდროულად, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ვალდებულება საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი ხედვა ამ რთულ ვითარებაში.
ევროპული საქართველოს ხედვა:
• ჩვენი ამოცანაა ვფოკუსირდეთ რუსული რეჟიმის დემოკრატიულად დასრულებაზე. რეჟიმის ცვლილების გარეშე რეალური წინსვლა გამორიცხულია და რეჟიმმა ამ კანონზე ტაქტიკურად უკან რომც დაიხიოს, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დასავლეთისგან იზოლირებულები და დაუცველები დავრჩებით რუსეთის პირისპირ.
• ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ იმ დათქმით, რომ ხანგძლივ ბრძოლაში ვართ და ამისთვის ნებისყოფა გვჭირდება. ამ ბრძოლაში არ უნდა განმეორდეს წარსული შეცდომები, არ უნდა გამოვაცხადოთ ბოლო ვადები, გადამწყვეტი აქციები და ა.შ.
• გუშინდელი სამარცხვინო დღის და მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ყველა პროდასავლური ძალისთვის და სამოქალაქო ჯგუფისთვის უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა ივანიშვილის კოლაბორაციულ რეჟიმთან. ამის ნათელი მაგალითია გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ ქართულ ოცნებასთან ერთად ომბუდსმენის არჩევა. პოლიტიკური ჯგუფები ნდობას ვერ მოვიპოვებთ თუ ხალხს პროტესტისკენ მოვუწოდებთ და თავად დიალოგის ფარსში ვმონაწილეობთ.
• ამ კანონის მიღების შემდეგ კიდევ უკვე მკაფიოა ვითარება ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის და ქვეყნის შიგნით მოქალაქეებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის ვერმიღების შემთხვევაშიც აღარ არსებობს ამ რეჟიმთან თანამშრომლობის რესურსი.
• მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებას სრული საფუძველი აქვს აღშფოთებისა და ბრაზის, ამ რეჟიმის წარმატებით შესაცვლელად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პროტესტი მკაფიოდ არაძალადობრივი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ყოველგვარი საბაბის გარეშეც იყენებს არაპროპორციულ ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ მაქსიმალურად არ უნდა მივცეთ მას რეპრესიული ძალის გამოყენების საბაბი.
იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტში პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე არაერთი მოქალაქე მონაწილეობს, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და სამოქალაქო ჯგუფმა თავის თანამოაზრეებზე იმუშავოს, გაააქტიუროს ისინი მათი შინაარსის გარშემო.
თუ ვიმოქმედებთ მტკიცედ და სწორედ, მზად ვიქნებით კოლაბორაციულ რეჟიმთან ხანგძლივი ბრძოლისთვის, არ ვითანამშრომლებთ მათთან, ჩვენ გავიმარჯვებთ და რუსული ოცნება დასრულდება.