საქართველოში სასამართლო ყოველთვის ექვემდებარებოდა პოლიტიკურ ხელისუფლებას. საბჭოთა კავშირში, სადაც საქართველომ იძულებით 70 წელი გაატარა, სასამართლო უშუალოდ ექვემდებარებოდა კომუნისტურ პარტიას. ამ ყველაფერმა მართლმსაჯულების რეპუტაცია დაასამარა, რის შედეგებსაც საზოგადოება დღემდე იმკის.
ადამიანებს ნაკლებად სურთ, სასამართლოს მიმართონ და არ აქვთ იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაში, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაბამისად, მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ სახელმწიფოს თვითნებობისგან ინსტიტუტები დაიცავს.
ვარდების რევოლუციის შემდგომ სასამართლო სისტემიდან კორუფციის აღმოფხვრის მიუხედავად, ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ტრადიციის ჩამოყალიბება.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთლიანად სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლების ნაცვლად, დამოუკიდებლობის სტანდარტით გამორჩეული ერთადერთი ინსტანცია, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებამ სამიზნედ აქცია და ფიზიკური თავდასხმების, მოსყიდვის, ფინანსური ზეწოლისა და საკანონმდებლო მანიპულაციების გზით ეტაპობრივად სრულად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა.
მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური კორუფციისა და ხელისუფლების მიერ სასამართლოს კლანის გამოყენებით მართვის მრავალწლიანი პრაქტიკამ იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლო კლანის 4 წარჩინებულ წევრს პერსონალური სანქციები დაუწესა.
დღეს ქართულ სასამართლოს მოქალაქეების რეკორდულად დაბალი ნდობა აქვს, მისი რეპუტაცია კი საერთაშორისო მასშტაბით დისკრედიტირებულია.
გამოსავალი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებითი გაფართოება სისხლის სამართლის ყველა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა ნაწილზე, უმაღლეს ინსტანციებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა.
პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაზრდით.
განსჯადობა გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულზე, ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე, სამოქალაქო დავებზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობას და ისეთ დავებზე, სადაც ერთ–ერთი მხარე მედია, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო დაწესებულება ან რელიგიური გაერთიანებაა.
ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი არსებითად გადაჭრის სასამართლოსადმი უნდობლობის პრობლემას, რადგან მოქალაქეები თავად მიიღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
მსაჯულთა შერჩევის წესის გათვალისწინებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის კრიტიკულად რთულდება ამოცანა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გავლენა მოახდინოს.
მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზრდება, რადგან მოქალაქეთა საქმეებს არა პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენელი მოსამართლეები, არამედ რიგითი მოქალაქეები განსჯიან.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში, პოლიტიკური ხელისუფლება მორჩილ მოსამართლეთა მეშვეობით გავლენას ვეღარ მოახდენს დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტებზე.
ასევე, ნაფის მსაჯულთა ინსტიტუტის მეშვეობით მოქალაქეები ისწავლიან თავიანთი უფლებების განხორციელებას, კანონსა და სამართლებრივი პროცესებს, რაც მათ დაეხმარება როგორც მოქალაქეობრივი მოვალეობის გაცნობიერებაში, ასევე საკუთარი უფლებების უფრო ეფექტურად დაცვაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა დამოუკიდებლობის ტრადიციის ნაკლებობაა, მნიშვნელოვანია დავიხმაროთ ისეთი ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ყველაზე სამაგალითო გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს.
აშშ-ს უკვე საუკუნეებია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მოწინავე მართლმსაჯულების სისტემა აქვს.
დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე შემოსავლიანი ათი იურიდიული კომპანიიდან ცხრა ამერიკულია, ერთი კი ბრიტანული, ხოლო 100 იურიდიული ფირმიდან 78-ია ამერიკული.
ამასთან, ამერიკა მსოფლიო მასშტაბით იურიდიული განათლების მისაღებად საუკეთესო ქვეყანაა. კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, სამართლის მიმათულებით მსოფლიოში ათი საუკეთესო უნივერსიტეტიდან შვიდი ამერიკულია .
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ხანგრძლივი ისტორიისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მოწინავე ხარისხის გათვალისწინებით, ნორმალური სასამართლო ტრადიციის შესაქმნელად, აუცილებელია ამერიკული გამოცდილების დანერგვა საქართველოში.
ამისთვის ყველაზე მიზანშეწონილი ნაბიჯი იქნება სასამართლოს ზედა ინსტანციებში ამერიკელი მოსამართლეების მოწვევა, რათა მათი უშუალო ჩართულობით დავიწყებას მიეცეს მანკიერი საბჭოთა სასამართლო და საფუძველი ჩაეყაროს ცივილიზებულ, მიუკერძოებელ სასამართლოს.
კვალიფიციური ამერიკელი მოსამართლეები არ მოექცევიან პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, მიუკერძოებლად განახორციელებენ მართლმსაჯულებას და მიიღებენ კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს.
იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმის ფუნდამენტი იყოს მყარი და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლოს მდგრადი ტრადიცია, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ მოსამართლეებს მანდატი რამდენიმე ათწლეულით გადაეცეთ.
გარდა ამისა, ზედა ინსტანციებში სამართალწარმოებისას გამოყენებული იქნება ყველაზე ინკლუზიური ენა - ინგლისური, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სასამართლოებისა და არბიტრაჟების ოფიციალური ენაა.
უცხოური სასამართლო, როგორც სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტი არ არის უცხო საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეებს სწორედ უცხოელი მოსამართლეები განიხილავენ და მათი გადაწყვეტილებები აქაური მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია.
საართველოს მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ამ სასამართლოს მათი უფლებების დაცვის მიზნით, პატივს სცემენ და ენდობიან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
პრინციპულად, ანალოგიური ტრადიცია ჩამოყალიბდება ამერიკელი მოსამართლეების მეშვეობით, იმ სხვაობით, რომ ქართულ-ამერიკული სასამართლო იქნება შეუდარებლად ხელმისაწვდომი და საქმეები გაცილებით მოკლე ვადაში გადაწყდება.
_______________________________
თუ იზიარებთ ჩვენს ხედვას, დარეგისტრირდით თანამოაზრედ - https://europeangeorgia.ge/register