ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მიმართვა ბრიტანელ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 1945 წლის 8 მაისს
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ეს ჩვენი გამარჯვებაა! ეს არის თავისუფლების გამარჯვება ყველა მიწაზე. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არასოდეს მოვსწრებივართ ასეთ დიდებულ დღეს.
ყველამ, კაცმა და ქალმა, ყველაფერი გაიღეს. ყველა ეცადა. ვერც ხანგრძლივმა წლებმა, ვერც საშიშროებამ, ვერც მტრის ულმობელმა თავდასხმებმა ვერ დაასუსტა ბრიტანელი ერის სულიერი სიმტკიცე.
ძვირფასო მეგობრებო, ახლა თქვენი საათი დგება. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე პარტიისა თუ კლასის გამარჯვება. ეს მთელი ბრიატენლი ერის ტრიუმფია.
ჩვენ ვიყავით პირველნი ძველისძველ კუნძულზე, რომლებმაც ტირანიის წინააღმდეგ მახვილი აღვმართეთ. რაღაც დროის შემდეგ კი მარტონი დავრჩით შემზარავი სამხედრო ძლიერების წინაშე. მთელი ერთი წლის განმავლობაში სრულიად მარტონი ვიყავით.
და ასე ვიდექით, მარტონი. განა რომელიმე ჩვენგანს დანებება მოუნდა? განა რომელიმემ ჩამოვყარეთ მხრები?
შუქები ქრებოდა და ბომბები ცვიოდა. თუმცა ამ ქვეყნის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი გონებაშიც კი არ ივლებდა ბრძოლის მიტოვებას. ლონდონი ამას გაუძლებს.
სწორედ ასე დავბრუნდით სიკვდილის ყბიდან, ჯოჯოხეთის პირიდან, სანამ მთელი მსოფლიო გაოცებით შეგვცქეროდა. განა ოდესმე მინელდება ამ თაობის ინგლისელ კაცთა და ქალთა რეპუტაცია და რწმენა?
მე თქვენ გეუბნებით, გაივლის წლები და არა მხოლოდ ამ კუნძულზე მცხოვრები ხალხი, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ხალხი, რომელთა შორისაც თავისუფლების მტრედი გალობს, გაიხსენებს იმას, რაც ჩვენ შევძელით და იტყვის:
ნუ წარიკვეთთ სასოს, ნუ დანებდებით ძალადობასა და ტირანიას, იარეთ წინ და შეეგებეთ სიკვდილს, თუ საჭირო იქნება.
ახლა ჩვენ სისხლიანი ბრძოლიდან გამოვდივართ - საზარელი მტერი მიწასთანაა გასწორებული და ჩვენს განსჯასა და მოწყალებას ელის.
ახლა დროა, ჩვენი სახლების აღორძინებას შევუდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამ მიწაზე ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ყველას აქვს შანსი და ყველას აქვს მოვალეობა. ჩვენ უნდა მოვიხადოთ ვალი თანამემამულეთა წინაშე, შემდეგ კი ჩვენი მამაცი ამერიკელი მოკავშირეების წინაშე, რომელთაც ასე მუხანათურად და მოღალატეობრივად დაესხა იაპონია თავს.
ჩვენ მათ მხარდამხარ ვივლით.
ბრძოლა მძიმეც რომ აღმოჩნდეს, ჩვენ არ დავმარცხდებით.
8 მაისი, 1945 წელი