ამბები

ბოკერია უკრაინაზე: ტყუილია, როცა მთავრობა ამბობს, რომ ახლა უნდა ჩავწვეთ და ასე გადავრჩებით

12 თებერვალი 2022
ბოკერია უკრაინაზე: ტყუილია, როცა მთავრობა ამბობს, რომ ახლა უნდა ჩავწვეთ და ასე გადავრჩებით

"სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, გრძელდება მორალურად სამარცხვინო და პრაგმატულად, ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმისგან, ანუ, პოზიციონირება ამ დაპირისპირებისგან დისტანცირებით, რომელიც თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის მიმდინარეობს უკრაინის ფრონტზე.

ამ პოზიციას ხსნიან და ყიდიან მოქალაქეებში იმით, რომ პრაგმატულები არიან და უფრთხილდებიან საქართველოს და ეს მთავრობის პროპაგანდისთვის ეფექტური გზავნილია, ამ დროს კი - უსინდისო ტყუილია.

ეს ტყუილი გულისხმობს იმას, თითქოს, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, უკრაინის ნებისმიერ ქმედებებზეა დამოკიდებული, პუტინი აგრესიული იქნება თუ არა - თითქოს, ჭირვეული ბავშვია პუტინი და თუ თვალში არ მოვხვდებით, არ დაგვესხმება თავს.

ეს არის სისულელე. ჩვენ თუ ახლა არ ვიქნებით ეფექტურები და ეს მთავრობა, სწორედ ეფექტურის საპირისპირო არის, მაშინ ჩვენ, ჯერ ერთი, უსაფრთხოების რისკებს ვიზრდით და ამავდროულად, ამ ჭაობიდან გაღწევის შანსებს ვამცირებთ.

ასეთი მთავრობის პირობებში, ჩვენ შეიძლება, 90-იანი წლების მსგავსად, კიდევ ერთი ისტორიული შანსი გავუშვათ და თაობები გავწიროთ სასიცოცხლო საფრთხისთვის, თავისუფლების შეზღუდვისთვის და ნორმალურ ქვეყანად ვერშედგომისთვის.

ცხადია, არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სურს რუსეთისგან აგრესია, მაგრამ, როდესაც შენივე მთავრობა გეუბნება, რომ ახლა უნდა ჩავწვეთ და ასე გადავრჩებით, ეს არის ტყუილი.

ჩვენი ვალია, ავუხსნათ ყველას, რომ ეს არის სიცრუე. გარდა მორალური სირცხვილისა, არის პრაგმატულად მოტყუება და ხალხის გაბრიყვება"

გიგა ბოკერია