ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტის და პარტიის აქციასთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთების შესახებ აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიული პასუხი ნიშანდობლივია.
მისი თქმით, მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს ევროპული საქართველოს აქცია "ძალიან ეტკინათ".
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთის მხრიდან გარდა პირდაპირ სამხედრო მანქანებით თავისუფლების წინააღმდეგ აგრესიისა ყველგან მსოფლიოში, უკრაინაში, საქართველოში, მიმდინარეობს მათი მხრიდან ომი ე.წ მორალური უპირატესობისთვის. გნებავთ დაარქვით იდეოლოგიური ან ღირებულებითი სამყარო, სადაც ამ ბოდვის და მოგონილი რეალობის ნიაღვრით გვებრძვიან. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, პრინციპული პოზიცია, რაც პრაგმატულია ამავე დროს და უნდა ვიყოთ ეფექტურები.
ჩემი აზრით, ევროპული საქართველოს აქცია იყო ეფექტური. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, რომ ეს მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების კრიტიკულ მასას. ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეს ძალიან ეტკინათ, ისევე როგორც ეფექტური ფორმა. ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ ევროპული საქართველოს აქციას". – განაცხადა ბოკერიამ.
რუსეთის საგარეო უწყებამ 26 იანვარს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტით მიმართა.
რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ა. ზაიცევმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიუი მთლიანობის მხარდამჭერი აქციის გამო შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ აქციის მსვლელობის დროს შენობაში მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები გაითიშა.