არასწორი გზავნილები და სწორი ნაბიჯები

12 მაისი 2023
12 მაისი 2023

არასწორი გზავნილები და სწორი ნაბიჯები

მცდარი გზავნილები:

1. არჩევნების მიმართ უნდობლობის თესვა

“არჩევნებს აზრი არ აქვს. ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებით ვერ მოვუგებთ, მაინც გააყალბებს”.

საზოგადოების პროდასავლურ ნაწილში არჩევნებისადმი უიმედობის დანერგვა მხოლოდ რეჟიმს ეხმარება. ერთადერთი გზა, რომ გაყალბება შევაჩეროთ არის არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზება და რეჟიმის დიდი უპირატესობით დამარცხება. ხოლო, თუ ამის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც მოახდენს შედეგების ფალსიფიცირებას, ამას უნდა მოჰყვეს ისეთივე ხალხმრავალი და მტკიცე პროტესტი, როგორც ეს „რუსულ კანონზე“ იყო, და ამ პროტესტმა რეჟიმს ძალაულების დათმობა უნდა აიძულოს.

2. ერთიანობის შესახებ კამპანიის წარმოება ნეგატიური ნიშნით

„რეჟიმის დასამარცხებლად მთელი ოპოზიცია ერთ საარჩევნო სუბიექტად უნდა გაერთიანდეს“

პროდასავლური საზოგადოება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენს, მრავალფეროვანი პოლიტიკური გემოვნებისაა. შინაარსობრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთ ბლოკში მექანიკური გაერთიანება ხელისუფლების პროპაგანდას ოპოზიციური პარტიების არაგულწრფელობაში, არათანმიმდევრულობასა და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ქონაში დადანაშაულების საფუძველს მისცემს, რაც ამომრჩეველთა ნაწილის იმედგაცრუებასა და საარჩევნოდ მათ გაპასიურებას გამოიწვევს. სწორედ ეს მოხდა უნგრეთში, როდესაც მთელმა ოპოზიციამ ერთ ბლოკად გაერთიანება გადაწყვიტა და წინა არჩევნებზე უარესი შედეგი აჩვენა.

3. მესიანისტური, ეკონომიკური, ეთნო-რელიგიური პოპულიზმი

„ივანიშვილმა სოციალისტური და ეთნო-რელიგიური, შავრაზმული პოპულიზმით მოუგო წინა ხელისუფლებას, ამიტომ, მის წინააღმდეგ, ჩვენც იგივე იარაღი უნდა გამოვიყენოთ“

შავრაზმული და სოციალისტური პროპაგანდა, ბანკების, კერძო ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ, ისევე როგორც, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა, პრინციპულად არასწორია და ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამ იდეოლოგიის გავრცელება, რეალურად, ივანიშვილის რეჟიმს ეხმარება.

4. ფინანსური რესურსის გამოყენებით გავლენის მოპოვება პოლიტიკურ თამაშის წესებზე - დღის წესრიგის კარნახი

„ვინც ივანიშივლის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიებისა თუ მედიისთვის მეტ ფინანსურ რესურსს გასცემს, ის უნდა წარმართავდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს და პოლიტიკურმა ძალებმა მისი “რჩევები” უნდა გაითვალისწინონ“.

ეს მოდელი ნიშნავს პოლიტიკური ძალების მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალებულების უარყოფასა და პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას. ასეთი წესრიგი ივანიშვილის დამარცხების შემდგომ ახალი ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის. ამასთანავე, ასეთი თამაშის წესები ხელისუფლების პროპაგანდას ოპოზიციის დისკრედიტაციის ეფექტიან ინსტრუმენტს აძლევს.

5. კანდიდატის სტატუსის შესახებ კონტრპროდუქტიული გზავნილები დემოკრატიული პროცესის სიმულაციის მცდელობა/არასწორი მოლოდინების შექმნა

„უნდა ვაიძულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომ „12 პუნქტი“ შესარულოს. მთავარი ამოცანა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებაა“

ევროპისკენ, NATO-სკენ და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ სვლა პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლებით შეუძლებელია. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ამ რეჟიმის დემოკრატიული არჩევნების გზით გამოცვლაა. კანდიდადის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, თუმცა ამ ინსტრუმენტის გამოყენებას პროდასავლური მთავრობა სჭირდება. რომც გაგვიმართლოს და გეოპოლიტიკური მოსაზრებებით საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, თუკი მთავრობაში პროდასავლური ძალა არ მოვიდა, ესეც კი ვერ დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენი საბოლოო ამოცანა არა კანდიდატობა, არამედ NATO-სა და ევროკავშირის წევრობაა.

სწორი ნაბიჯები:

1. ხელისუფლების პროპაგანდისტულ ნიაღვარს უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო და არაორაზროვანი გზავნილები:

ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს დასავლური პერსპექტივა შეუთავსებელია.

პუტინისტური პოლიტიკით ივანიშვილი საქართველოს დასავლეთისგან იზოლირებულსა და მარტოს ტოვებს რუსეთის წინაშე - თითქოს მშვიდობის დაცვის ლოზუნგით, რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

2. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რას სთავაზობს ესა თუ ის პოლიტკური ძალა არსებული რეჟიმის გამოცვლს შემდეგ. ამიტომ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მედიამ საზოგადოებას მომავლის პოლიტიკაზე ჯანსაღი დებატების და აზრთა მრავალფეროვნების მოსმენის საშუალება უნდა მისცეს - მხოლოდ არსებული ხელისუფლების მავნებლობის წარმოჩენა, თუნდაც ის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი იყოს, პოლიტიკური ცვლილებისთვის საკმარისი არ არის.

ევროპულმა საქართველომ პარტნიორ სამაქალაქო ჯგუფებთან ერთად დაიწყო იმ რეფორმების შინაარსის შექმნა, რაც რეჟიმის შეცვლის შემდეგ, სწრაფადვე უნდა განცხორციელდეს და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, ამ შინაარსით, სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთოს პოვნას.

3. საარჩევნო სტრატეგია და ბარიერის გადალახვა

დღეს ყველა პრდასავლური პოლიტიკური ძალის მიზანი უნდა იყოს მათ შინაარსთან ახლოს მყოფი ადამიანების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და აქტიური მოქლაქეების დახმარებით ამ ჩართულობის გაფართოება, რათა მათ, თავის მხრივ, მეტი ადამიანი დაარწმუნონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის აუცილებლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ფიქრი პოლიტიკურ შეხედულებებით ახლოს მყოფი ძალების პრაგმატულ ალიანსებზე.

პოლიტიკურ პროცესში მოქლაქეების ჩართულობის გაფართოების მიზნით, ევროპულმა საქართველომ დაიწყო კამპანია - „ევროპული არჩევანის მცველი“, რომლის ამოცანაც, მოხალისეობრივ ენერგიაზე დაყრდნობით, ევროპული საქართველოს შინაარსის გავრცელება და არჩევნებზე დაცვაა.