"ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა, სანამ თავისუფალ საქართველოს აშენებთ" - ბუშის სიტყვა

12 ივნისი 2022
12 ივნისი 2022
12 ივნისი 2022

"ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა, სანამ თავისუფალ საქართველოს აშენებთ" - ბუშის სიტყვა

ჯორჯ ბუშის 2005 წლის სიტყვა საქართველოში ვიზიტისას, თბილისში, თავისუფლების მოედანზე

"...როდესაც ქართველები 16 წლის წინ აქ შეიკრიბნენ, ამ მოედანს სხვა სახელი ერქვა. ლენინის ფოლადის მზერის ქვეშ ათასობით ქართველი მღეროდა და გალობდა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. საბჭოთა არმიამ პროტესტის ეს დღე ჩაახშო, მაგრამ მან ვერ ჩაახშო ქართველი ხალხის სულისკვეთება.

მომდევნო წელს ქართველები დაბრუნდნენ ამ მოედანზე და ჩამოამხეს ლენინის ძეგლი. 1991 წლის 9 აპრილს კი თქვენ მსოფლიოს განუცხადეთ, რომ საბჭოთა საქართველო დასრულდა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო დაიბადა.

ამ ისტორიულ დღეს თქვენ დაიბრუნეთ კუთვნილი დამოუკიდებლობა, თუმცა იმედისმომცემ დასაწყისს ასრულება არ ეწერა. ამიტომ 18 თვის წინ ქართველები ისევ დაბრუნდნენ ამ მოედანზე, რათა საბოლოოდ ხორცი შეესხათ იმ ამოცანისთვის, რომელიც 1989 წელს დაიწყეს.

თქვენ შეიკრიბეთ მხოლოდ ვარდებითა და რწმენის სიმტკიცით შეიარაღებულნი და მოითხოვეთ კუთვნილი თავისუფლება. და იმის გამო, რომ თქვენ იმოქმედეთ, საქართველო დღეს არის სუვერენული, თავისუფალი და თავისუფლების შუქურა მსოფლიოსა და ამ რეგიონისთვის.

თავისუფლების გზა, რომელსაც თქვენ შეუდექით, არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ ამ გზაზე არ ხართ მარტონი. ამერიკელები აფასებენ თქვენს გაბედულ არჩევანს, იყოთ თავისუფალნი. ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა, სანამ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს აშენებთ.

თქვენ აშენებთ თავისუფალ მომავალს თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ეხმარებით სხვა ერებს იმავეს გაკეთებაში. როდესაც ავღანელმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია ტერორისტებს პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართველი მეომრები მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

და გასულ წელს, როდესაც ერაყში ტერორისტთა ძალადობამ იმძლავრა, საქართველომ სიმამაცე გამოიჩინა. თქვენ ხუთჯერ გაზარდეთ სამხედრო ძალების ჩართულობა. ერაყელი ხალხი თქვენი მადლიერია, ისევე როგორც თქვენი ამერიკელი და კოალიციური მოკავშირეები.

თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თუმცა თქვენი მთავარი კონტრიბუცია თქვენივე მაგალითია. გასულ თვეებში მსოფლიო აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს ბაღდადში, ბეირუთსა და ბიშკეკში მომხდარ ცვლილებებს. თუმცა ერაყში იასამნისფერ რევოლცუიამდე, უკრაინაში ნარინჯისფერ რევოლუციამდე, ლიბანში კედრების რევოლუციამდე, საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა.

თქვენი გამბედაობა შთააგონებს დემოკრატ რეფორმატორებს და აჟღერებს გზავნილს, რომლის ხმაც მთელ მსოფლიოში გაისმის: თავისუფლება დედამიწაზე ყოველი ერის და ყოველი ხალხის მომავალი იქნება.

თავისუფალი საზოგადოების შენება თაობების საქმეა. 15 წლიანი ბრძოლა დასჭირდა, სანამ ამ ქვეყანაში თავისუფლებამ და სამართლიანობამ მყარად გაიდგა ფესვები. 18 თვის წინ აქ შეკრებილთა უმრავლესობა ზედმეტად ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ 1989 წლის საპროტესტო მოძრაობა ხსომებოდა, თუმცა მათ თავის თავზე აიღეს თავისუფლებისთვის ბრძოლა და ბოლომდე მიიყვანეს ის საქმე, რომელიც მათმა მშობლებმა წამოიწყეს.

ახლა კი კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასწვრივ ჩვენ ვხედავთ თავისუფლების წყურვილს, რომელიც ახალგაზრდა თაობებს სისხლში უყივის. ისინი კუთვნილ თავისუფლებას ითხოვენ - და მიეცემათ კიდეც ის.

როგორც თავისუფალ სახელმწიფოებს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკსრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ერთობლივად ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალს. თავისუფლების გავრცელებით იმ ხალხებში, რომლებსაც ის არ უგემიათ, ჩვენ ხელს შევუწყობთ თავისუფლების გამარჯვებას და მშვიდობის დამყარებას.

თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ეპოქაში, ჩვენი მოვალეობები შინიდან იწყება. მშვიდობიან რევოლუციებს რეპრესიული რეჟიმების დამხობა შეუძლიათ, თუმცა ნამდვილი ცვლილება, ნამდვილი გამოწვევა მათ ნაცვლად თავისუფალი ინსტიტუტების შენებაა. ეს მძიმე საქმეა და თქვენ მას ღირსებითა და მიზანსწრაფულობით შეუდექით.

თქვენ გადადგით მრავალი ნაბიჯი ეკონომიკის რეფორმირებისთვის და კორუფციის დამარცხებისთვის. თქვენ აშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელშიც უმცირესობათა უფლებები დაცულია, თავისუფალი მედია ყვავის, მძლავრი ოპოზიცია მისაღებია და ერთიანობა მშვიდობის გზით მოიპოვება. ამ ახალ საქართველოში კანონის უზენაესობა იზეიმებს, თავისუფლება კი ყოველი მოქალაქის ბუნებითი უფლება იქნება.

სწორედ ამაზე ოცნებობდა გარდაცვლილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ერთხელ თქვა: "შემთხვევითობის გამო არ არის, რომ ჩვენ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი იდეა საკვანძო ტერმინებად გავიხადეთ: თავისუფლება და პასუხისმგებლობა".

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი პატრიოტის ხსოვნას, რომელიც გლობალური დემოკრატიული რევოლუციის ლიდერად იქცა. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების შენებით, თქვენ პატივს მიაგებთ მის ხსოვნას და განაგრძობთ მის მემკვიდრეობას.

შინ თავისუფალი ინსტიტუტების მშენებლობით, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სურვილს, შეუერთდეს ევროპულ ინსტიტუტებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მჭიდრო თანამშრომლობას NATO-სთან. საქართველოს ლიდერებმა იციან, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება არსებითი მნიშვნელობისაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

ამავდროულად, საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყველამ უნდა სცეს პატივი.

ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული ეპოქისა, როდესაც თავისუფლება ვრცელდება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სპარსეთის ყურემდე და მის მიღმა. როდესაც თავისუფალ ხალხს ხედავთ, შეკრებილს ასეთ მოედნებზე მსოფლიოს გარშემო, ნაციონალური დროშით ხელმომარჯვებულები რომ ღვთივბოძებულ ოფლებებს ითხოვენ, უნდა იამაყოთ ამ ფაქტით: მათ თქვენი მაგალითი შთააგონებს და თქვენი წარმატება აღავსებს იმედით.

როდესაც ამ ქვეყანაში თავისუფლებას აშენებთ, უნდა იცოდეთ, რომ ამ თავისუფლების ფესვები მთელი მსოფლიოს გარშემო გამოიღებს ნაყოფს. მე აქ მოვედი, რათა მადლობა გადაგიხადოთ გამბედაობისთვის. ამერიკელი ხალხი აფასებს თქვენს მეგობრობას და აღტაცებით შეჰყურებს თქვენს მიზანდასახულობას. ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, ღმერთმა დაგლოცოთ. გაუმარჯოს საქართველოს!".

2005 წელი