აბრაამ ლინკოლნი - გეტისბურგის მიმართვა

11 თებერვალი 2022
11 თებერვალი 2022
11 თებერვალი 2022

აბრაამ ლინკოლნი - გეტისბურგის მიმართვა

ლინკოლნის მიმართვა პენსილვანიის შტატის ქალაქ გეტისბურგში, ჯარისკაცთა ეროვნული მემორიალი-სასაფლაოს გახსნის ცერემონიაზე, სამოქალაქო ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე

ოთხმოცდაშვიდი წლის წინ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე ახალი, თავისუფალი ერი წარმოშვეს, ჩასახული თავისუფლებაში და მიძღვნილი პრინციპს, რომ ყოველი ადამიანი შექმნილია თანასწორად.

ჩვენ ახლა დიდ სამოქალაქო ომში ვართ ჩართულნი, რომელშიც გამოიცდება, შეუძლია თუ არა ამ ერს, ან ნებისმიერ სხვა ერს, ამგვარი საფუძვლითა და მისწრაფებით, ჰქონდეს მომავალი. ჩვენ სწორედ ამ ომის ბრძოლის ველზე შევიკრიბეთ.

მოვედით, რათა ნაწილი ამ ველისა, საუკუნო განსასვენებლად ვუძღვნათ მათ, ვინც მოკვდა, რათა ამ ერს ეცოცხლა. გვმართებს და გვეგების ამის გაკეთება.

მაგრამ, უფრო ფართო გაგებით, ჩვენ ვერ ვუძღვნით - ვერ ვაკურთხებთ - ვერ წმიდავყოფთ - ამ მიწას.

მამაცმა მებრძოლებმა, ცოცხლებმაც და მკვდრებმაც, რომლებიც აქ იბრძოდნენ, უკვე აკურთხეს იგი, ჩვენს უმწეო ძალებს აღემატება რისამე დამატება ან მოკლება.

მსოფლიო დიდად ვერ შენიშნავს ან დაიხსომებს აქ წარმოთქმულ სიტყვებს, მაგრამ ის ვერასდროს დაივიწყებს იმას, რაც მათ აქ მოიმოქმედეს.

ეს ჩვენი, ცოცხალთა ვალია, თავი ვუძღვნათ იმ დაუსრულებელ საქმეს, რომლისთვისაც აქ მებრძოლებმა ასე ღირსეულად იღვაწეს.

სწორედ ჩვენ, აქ მყოფთ გვმართებს თავი ვუძღვნათ ჩვენ წინაშე მდგარ დიად გამოწვევას - რომ ამ ღირსეულ მიცვალებულთაგან აღვივსოთ მეტი თავდადებით იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მათ თავი გადადეს - ჩვენი ვალია დავამტკიცოთ, რომ აქ გარდაცვლილთა მსხვერპლი არ ყოფილა ამაო - რომ ეს ერი, ღვთის წინაშე, ხელახლა იშვას თავისუფლებით - და რომ ხელისისუფლება ხალხისა, ხალხის მიერ და ხალხისთვის არ აღიგვება მიწის პირისგან.

1863 წელი, 19 ნოემბერი