ჩვენ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრება და ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა ქართველი ხალხის ისტორიული მისიაა.
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის უსაფრთხოება, საქართველო NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ ოკუპაციას და გავხდეთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მავნებლური, ქვეყნის ინტერესებისთვის მტრული პოლიტიკის შედეგად, საქართველო დღითი-დღე ქრება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან. Ხელისუფლებამ, რომელიც ხალხს მოსვლის დღიდან პირდებოდა, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი აღარ იქნებოდა, 12 წლის თავზე არათანმიმდევრული, უმეცარი და დამაზიანებელი ნაბიჯების შემდეგ მიაღწია იმას, რომ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვა და ოკუპაცია აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის.
საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და დეოკუპაციის პოლიტიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ხელისუფლებამ განაახლოს ქვეყნის ინტერესების აქტიური ადვოკატირება საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ქვეყანამ მიიღოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები და საქართველოს საკითხი დაუბრუნდეს თავისუფალი სამყაროს წარმომადგენელთა საგარეო პრიორიტეტებში
ქართველი ხალხის ერთადერთი შანსი, შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, NATO-ს წევრობას უკავშირდება. გასული წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური ნების არარსებობის, არაკომპეტენტურობის და ქართველი ხალხის ნებასთან შეუთავსებელი პრიორიტეტების გამო, შეაფერხა საქართველოს სვლა NATO-ს წევრობისკენ და ქვეყანას მრავალი წელი დააკარგვინა.
ქართველი ხალხის ნების აღსრულებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების დინამიკა არსებითად შემოტრიალდეს და ქვეყანამ განაგრძოს მიზანსწრაფული სვლა NATO-ს წევრობისკენ.
ევროპული საქართველო გეგმავს, გააძლიეროს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და გააუმჯობესოს მათი ურთიერთქმედება NATO-ს შეიარაღებულ ძალებთან. საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს NATO-ს ეგიდით ჩატარებულ ყველა წრთვნასა და მისიაში, ისევე როგორც, გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში.
უნდა გადაიდგას ქმედითი, აქტიური ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ქვეყნის ტერიტორიაზე. აუცილებელია, გაძლიერდეს სამხედრო მრეწველობა, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, ასობით მილიონი დოლარის ოდენობით გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და მათი სათანადო აღწურვა. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას და კიბერ-უსაფრთხოებას. ევროპული საქართველოს გეგმით, გაიზრდება სამხედრო პირთა შრომის ანაზღაურება, გაფართოვდება მათი სადაზრვევო პაკეტი, სახელმწიფო კი მათ სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს.
ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები, საჭიროა მკაფიო ხედვა და განაცხადი. ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყოველდღიურად აყენებს ზიანს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველომ აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათას ქართველ ემიგრანტს, რომელიც დღეს ევროპაში არალეგალურად მუშაობს, ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ლაგალურად, მიიღოს მეტი ხელფასი, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა და შრომის დაცული პირობები. ამავდროულად, ეს ნიშნავს დეპორტირების მუდმივი შიშის მოხსნას და შესაძლებლობას, რეგულარულად ინახულოს საკუთარი ოჯახის წევრები.