კორონავირუსით გამოწვეული ღრმა კრიზისი სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს ეფექტიან მართვასა და კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც უნდა დაეფუძნოს პრევენციულობასა და სწრაფ რეაგირებას.
ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ებრძოლოს Covid-19-ს და ეპიდემიის შედეგად დამდგარ უმწვავეს გამოწვევებს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მასობრივი საინფორმაციო კამპანია, სადაც მოქალქეები სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაავადების სავარაუდო ნიშნების და შემდგომი მოქმედების გეგმის შესახებ. ასევე დეტალურად იქნება გაწერილი დამცავი საშუალებების გამოყენების, დისტანციის დაცვის მნიშვნელობა და ტექნიკა. მნიშვნელოვანია ადგილებზე ამ ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერა, რჩევების, რეკომენდაციების გზით. ამავდროულად გაზარდოს დამცავი საშუალებების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მათ უნდა მიეწოდებოდეთ ნიღბები უფასოდ.
ჩვენი ხედვით, ეპიდემიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის მიზნით ხარისხიან სწრაფ და PCR ტესტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამისთვის ევროპული საქართველო დაფინანსების გასამმაგებას გეგმავს.
სახელმწიფომ რეალურად უნდა აამოქმედოს ერთი ზარის პრინციპი. Ამისათვის აუცილებელია 112-ის, ოჯახის ექიმების, და ჰოსპიტალური სისტემების ინტეგრირება, რათა მოქალაქეებმა ყველა ზარზე მიიღონ კვალიფიციური პასუხი და დახმარება. სისტემის გამართვის მიზნით, ევროპული საქართველო ამ მიმართულებით დაფინანსების გასამმაგებას გეგმავს.
სწრაფი დიაგნოსტიკის შემდეგ აუცილებელია მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ორგანიზებაში მხარდაჭერა და კონტაქტების მიდევნება.
პაციენტთა ნაკადის სწორი მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების ფაზაში.
აუცილებელია სასწრაფო დახამრების ბრიგადების რაოდენობის გაზრდა. მათ უნდა ჰქონდეთ სრული, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია კლინიკებში თავისუფალ საწოლებზე. აუციელებელია სასწრაფო დახმარების ექიმების ექთნების ფინანსური მხარდაჭერა, მათი ბიუჯეტის გაორმაგების გზით.
პაცინეტთა კონცენტრირება უნდა მოხდეს დიდ, მრავალპროფილურ ჰოსპიტლებში, რომელშიც შესაძლებელია სამედიცინო მხარდაჭერის სრულად მიღება. აუცილებელია კოვიდსაწოლების რაოდენობის და სასუნთქი აპარატების, მაღალსიხშირული ჟანგბადის აპარატების რაოდენობის გასამმაგება.
თითოეულ რეგიონულ ცეტრში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს მრავალპროფილური კლინიკა, რათა მოქალაქეებმა სხვა დიაგნოზების შემთხვევაშიც შეძლონ ხარისხიანი სამედიცინო კვლევის და მკურნალობის შეუფერხებლად მიღება.
ექიმების და ექთნების მობილიზების მწყობრი გეგმის არსებობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მკურნალობის ხარისხს. აუცილებელია მათი გადანაწილება შესაბამის ჰოსპიტლებში, მათი მუდმივი გადამზადება და ფინანსური მხარდაჭერა.
რაც შეეხება კოვიდკლინიკებად გადაკეთებულ მრავალპროფილურ ჰოსპიტლებს, სახელმწიფომ მათი ფინანსური დანაკლისის შევსება უნდა უზრუნველყოს.
ვაქცინა ვირუსისგან და მისი მომაკვდინებელი შედეგებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. Საქართველო, დღეის მონაცემებით, ვაქცინაციის ტემპით პირველ 100 ქვეყანას შორისაც კი არ არის, ინფიცირების და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით კი მოწინავე ადგილზეა.
ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ევროპულმა საქართველომ აამუშავა სპეციალური ცხელი ხაზი (0322-800-222), პარტიის ოპერატორები მოქალაქეებს სასურველ ვაქცინაზე რეგისტრაციაში ეხმარებიან.
ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. სახელმწიფომ ანტივაქსერულ დეზინფორმაციას უნდა დაუპირისპიროს ამომწურავი საინფორმაციო კამპანია ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ, რათა მოქალაქეების ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მნიშვნელოვნად შემცირდეს ვაქცინაციის პროცესის შემაფერხებელი ჯგუფების გავლენა.
თუმცა, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, ამავდროულად, აუცილებელია: მობილური ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი საგადასახადო შეღავათების დაწესება და საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა სავალდებულო ვაქცინაცია ან მათი სისტემატური ტესტირება.