ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის საშუალო განათლებასთან. ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ განათლებას ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიექცევა.
ჩვენი მიზანია, თითოეულ მშობელს ჰქონდეს რწმენა, რომ მათი შვილები ხარისხიან განათლებას იღებენ, რაც მომავალში თავიანთი პოტენციალის სრულფასოვნად განხორციელებაში დაეხმარებათ.
საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.
კერძო ინიციატივის ხელშეწყობა და საჯარო სკოლებში ავტონომიის ზრდა მთავარი ინსტრუმენტია საშუალო საჯარო განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სკოლამდელი აღზრდა
ევროპული საქართველოს გეგმა მოიცავს სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანას, რაც გაზრდის მის ხელმისაწვდომობას და არჩევანის მრავალფეროვნებას.
მასწავლებელთა ხელშეწყობა
“ევროპული საქართველო” სასკოლო ვაუჩერის ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, რათა სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 1000 ლარამდე გაზარდონ.
უმაღლესი განათლება
2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59 076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19 874 სტუდენტს (საერთო რაოდენობის 33.6%) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა.
დრამატულად გაზრდილი სიღარიბის, ფასების ზრდის და ინფლაციის პარალელურად, ევროპული საქართველო გეგმავს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა 8 000-მდე გაზარდოს, რაც ხელს შეუწყობს კომპეტენციაზე დამყარებულ კონკურენციას და ხელმომჭირნე აბიტურიენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.