ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა

23 სექტემბერი 2021
23 სექტემბერი 2021
23 სექტემბერი 2021

ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა

უილინგდონში, ფერმა "მამულში" ცხოველებმა გადაგვარებული ფერმერი, ბ-ნი ჯოუნსი დაამხეს. ფერმას ცხოველები დაეპატრონენ, ის რესპუბლიკად გამოაცხადეს და "ცხოველების ფერმა" დაარქვეს. რესპუბლიკას კი სათავეში ძალადობრივი აჯანყებით გაბატონებული ღორი, ნაპოლეონი ჩაუდგა.

".... „ამხანაგებო! - შესჭყივლა სქუილერმა, - იმედია, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ღორები ეგოისტები არიან და პრივილეგიებით სარგებლობენ. გვძაგს ვაშლიც და რძეც. პირადად მეც ვერ ვიტან ვერც ერთს. ერთადერთი ჯანმრთელობის გასამაგრებლად ვღებულობთ ამ პროდუქტებს, რძე და ვაშლი შეიცავს ისეთ ვიტამინს (ეს მეცნიერულარ არის დამტკიცებული, ამხანაგებო), რომლებიც აბსოლუტურად აუცილებელია ღორის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ გონებრივ მუშაობას ვეწევით. ამ მთელი მეურნეობის მოვლა-პატრონობა და ორგანიზაცია ჩვენს მხრებზე გადადის. დღედაღამ თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. თქვენდა სასიკეთოდ ვსვამთ რძეს. თქვენ რომ კარგად იყოთ, იმიტომ ვჭამთ ვაშლს. იცით, ამხანაგებო, რა მოხდება, თუ ვერ შევასრულებთ ჩვენზე აღებულ პასუხისმგებლობას? რა და, ჯოუნსი დაბრუნდება! დიახ, ჯოუნსი! იმედია ჯოუნსის დაბრუნება არავის სურს! არა და, ნამდვილად ასე იქნება, დამიჯერეთ ამხანაგებო“ - ლამის მუდარით დაამთავრმა სქუილერმა ომახიანად დაწყებული სიტყვა, თან კუდის ქიცინით ფეხიდან ფეხზე გადახტა.

უნდა ითქვას, ერთადერთი, რაშიც დარწმუნებულები იყვნენ ცხოველები იყო ის, რომ ჯოუნსის დაბრუნება არავის სურდა. როდესაც საქმის ვითარება ამ კუთხით დაანახეს, ვერაფერი თქვეს. უდავოდ უნდა მოფრთხილებოდნენ ღორების ჯანმრთელობას. კამათის გაუგრძელებლად შეთანხმდნენ, რომ რძე და ჩამოცვენილი ვაშლები (აგრეთვე მომავალში დაკრეფილი ვაშლების დიდი ნაწილიც) მხოლოდ ღორებისთვის უნდა გადაენახათ.

.......

„ცხოველების ფერმას“ ბევრი ახალი წევრი შეემატა, თუმცა ნამატი არც ისე დიდი იყო, როგორც წინა წლებში მოელოდნენ. ახალი თაობისთვის სიტყვა „რევოლუცია” წარმოადგენდა ბუნდოვან წარსულს, რომლის ამბავიც ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას, ხოლო ახლადჩამოყვანილ ცხოველებს საერთოდ არაფერი სმენოდათ მის შესახებ...

„ცხოველების ფერმა“ ახლა უფრო დოვლათიანი და უკეთ ორგანიზებული იყო. მას შეემატა ორი დიდი მინდორი, რომელიც ნაპოლეონმა ფილინგტონისაგან იყიდა. როგორც იქნა, წარმატებით დამთავრდა წისქვილის მშენებლობა. გარდა ამისა, ცხოველებს უკვე საკუთარი საცეხველი და ზვინმზიდიც ჰქონდათ. აშენდა ბევრი ახალი შენობა. უიმფერმა თავისთვის ეტლიც შეიძინა, ხოლო წისქვილი, რომელიც თავდაპირველად ელსადგურადაც იყო ჩაფიქრებული, მართალია ელექტროსადენის წყაროდ არ გამოდგა, მაგრამ მარცვლეულის საფრქვავად ხმარობდნენ და კარგ შემოსავალსაც იღებდნენ. „ელექტროენერგიის წყაროდ მეორე წისქვილი გადაიქცევა“, - გამოუცხადეს ცხოველებს. მისი გამალებული მშენებლობა დაწყებული იყო კიდეც, ხოლო იმ ფუფუნებაზე, რომელზეც სნოუბოლი ელაპარაკებოდა ოდესღაც ცხოველებს (განათებულ თავლაზე, ცხელ წყალზე, კვირაში სამჯერ დასვენებაზე), აღარც კი ოცნებობდა ვინმე. ნაპოლეონმა ასეთი იდეები ენიმალიზმის არსისათვის შეუფერებლად გამოაცხადა. „ჭეშმარიტი ბედნიერება მდგომარეობს შრომასა და მოკრძალებულ ყოფაში“.

ასეა თუ ისე, „ცხოველების ფერმა“ მდიდრდებოდა, თუმცაღა ეს გამდიდრება არანაირად არ შეხებია მის წევრებს, თუ, რა თქმა უნდა, ღორებსა და ძაღლებს არ მივიღებთ მხედველობაში. შესაძლოა, ამის წყალობითაც იყოს, რომ ეს უკანასკნელნი მომრავლდნენ. თუმცა, ვერც იმას იტყოდი, რომ ისინი არაფერს აკეთებდნენ. „რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია დაუსრულებელ შრომას მოითხოვს“ - არ ბეზრდებოდა ერთსა და იმავეს გამეორება სქუილერს, - „ამ სამუშაოს უდიდესი ნაწილი ისეთი ხასიათისაა, რომ სხვა ცხოველები თავიანთი უმეცრების გამო, ვერც მოაბამენ თავს. მაგალითად, - დასძენდა იგი, - დიდ ძალისხმევას მოითხოვს ისეთი რთული საქმეების მოგვარება, როგორიცაა დოსიეს შედგენა, ოქმების წარმოება, მოხსენებითი ბარეთების წერა. ამისათვის უზარმაზარი ფურცლები უნდა დაიფაროს მჭიდრო ნაწერით, ხოლო მათი შევსების შემდეგ თითოეული მათგანი ღუმელში უნდა დაიწვას. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რესპუბლიკის კეთილდღეობისთვის“, - დააკსვნიდა სქუილერი. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არც ღორები და არც ძაღლები არანაირ საკვებს არ აწარმოებდნენ, არა და, ბლომად კი იყვნენ და მადაც ყოველთვის კარგი ჰქონდათ.

დანარჩენი ცხოველები ძველებურად ცხოვრობდნენ, კვლავაც მშივრები იყვნენ, ჩალის საგებზე ეძინათ, ისევ წყაროს წყალს სვამდნენ, დღედაღამ შრომობდნენ, ზამთარში სიცივე აწუხებდათ, ზაფხულში - რწყილები. ზოგჯერ მოხუცები გონებას ძაბავდნენ, რათა გაეხსენებინათ რევოლუციის პირველი წლები, ჯოუნსი რომ გააძევეს და შეედარებინათ, მაინც როდის იყო უკეთესი ცხოვრება, მაშინ თუ ახლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ვერაფერს იხსენებდნენ და ამდენად ახლანდელ ცხოვრებასაც ვერაფერს ადარებდნენ, გარდა ციფრებით გავსებული სქუილერის დავთრებისა, რომელთა მიხედვითაც, მათი ცხოვრება სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. ასე რომ, ეს პრობლემა გადაუწყვეტელი რჩებოდათ; მით უმეტეს, რომ ასეთ რამეებზე საფიქრელად დროც არ ჰქონდათ. მხოლოდ ბენჯამინი ამტკიცებდა, რომ ახსოვდა თავისი ცხოვრების ყოველი წვრილმანი და რომ არაფერი არასდროს არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს ან ბევრად უკეთ, ან ბევრად უარესად. „შიმშილი, გაჭირვება და გულგატეხილობა ცხოვრების უცვლელ კანონებს წარმოადგენდნენ“, - ამბობდა იგი.

და მაინც ცხოველები არასდროს კარგავდნენ იმედს. უფრო მეტიც, ერთი წამითაც არ დაუკარგავთ ღირსებისა და გამორჩეულობის შეგრძნება, რომ ცხოველების რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. მათი რესპუბლიკა ხომ ერთადერთი ადგილი იყო, რომლის ბატონ-პატრონიც თვითონ ცხოველები იყვნენ. ყოველთვის, როდესაც საზეიმო გასროლის ხმა ესმოდათ და მწვანედ მოფლიარე დროშას შეჰყურებდნენ, გული დაუშრეტელი სიამაყის გრძნობით ევსებოდათ. ასეთ დროს ლაპარაკი წარსულის გმირულ დღეებზე ჩამოვარდებოდა ხოლმე: როგორ გააძევეს ჯოუნსი, როგორ დაიწერა შვიდი მცნება. იხსენებდნენ განთქმულ ბრძოლებს, იმას, თუ რა კრახით დასრულდა ეს ბრძოლები ადამიანებისთვის. ყველა ძველი იმედი ჯერ კიდევ ღვიოდა მათ გულში. ჯერ კიდევ სწამდათ, რომ ჯერ კიდევ იარსებებდა მეიჯერის მიერ ნაწინასწარმეტყველები ცხოველების რესპუბლიკა, რომლის მწვანე მინდორზე ვერცერთი ადამიანი ვერ ეღირსებოდა ფეხის დადგმას. ეს აუცილებლად იქნებოდა. შეიძლება დღეს და ხვალ არა, შეიძლება თვითონ ვერ მოსწრებოდნენ ამას, მაგრამ ეს რომ ნამდვილად მოხდებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს კი არა, აქა-იქ „ინგლისის ცხოველებსაც“ წაიმღერებდნენ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ცოდნით - ყველამ იცოდა ეს ჰიმნი, თუმცა ხმამაღლა ვერ ბედავდნენემღერათ. კი, ნამდვილად მძიმე ცხოვრება ჰქონდათ და არც ერთს არ აუხდა ოცნება, მაგრამ სხვა ცხოველებს ხომ მაინც არ ჰგავდნენ. კი, ბატონო, შიმშილობდნენ, ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ, ასეა თუ ისე, თუ მუშაობდნენ თავისთვის და არა სხვისთვის და არც ვალდებულნი იყვნენ, ადამიანთა მოდგმა ერჩინათ. ორფეხა არსებები მათში არ ერია და არავის მიმართავდნენ „ბატონობით“, ყველა ცხოველი თანასწორუფლებიანი იყო.....

....

სამარისებური სიჩუმე იდგა. გაოგნებული და შეძრწუნებული ცხოველები ერთად შექუჩულიყვნენ. თითქოს თავზე ცა ჩამოემხოთო, გულშემოყრილნი მისჩერებოდნენ ორ ფეხზე მოსეირნე ღორებს.

როგორც კი პირველმა ელდამ გადაუარათ, მიუხედავად შიშისა და წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევისა, არაფერზე გამოეთქვათ უკმაყოფილება და თავიანთი აზრი, ცხოველები პროტესტის გამოხატვის ჟინმა შეიპყრო. მაგრამ ზუსტად ამ დროს ცხვრებმა იბღავლეს: „ოთხი ფეხი კარგია, ორი - უკეთესი“. ბღავილმა ხუთ წუთს გასტანა, ხოლო როდესაც ცხვრები გაჩუმდნენ, რაიმეს თქმას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ვინაიდან უკვე ამასობაში ღორებიც გაუჩინარდნენ.

ბენჯამენმა იგრძნო, როგორ შეეხო ვიღაც დრუნჩით. მოიხედა და ქლოუერი დაინახა, რომლის ბებერ თვალებს მთლიანად გადაჰკროდა ლიბრი. მან ფრთხილად მოჰქაჩა ბენჯამენს ფაფარზე და ბოსლისკენ წაიყვანა. ერთი-ორი წუთი ისინი გაშტერებული მისჩერებოდნენ ბოლის გაფისულ კედელს.

„სულ ვეღარ ვხედავ, - სთქვა ბოლოს ქლოუერმა, - არა, როდესაც კარგად ვხედავდით, არც მაშინ მეხერხებოდა კითხვა, მაგრამ რატომღაც ჩემი ბრუტიანი თვალებით მეჩვენება, რომ კედელი სხვანაირად გამოიყურება..... ადგილზეა ყველა წარწერა, ბენჯამენ?“

ცხოვრებაში ერთადერთხელ ბენჯამენმა დაარღვია წესი და ქლოუერის წარწერა წაიკითხა. მხოლოდ ერთი მცნებაღა იყო დარჩენილი კედელზე:

„ყველა ცხოველი თანასწორია, ზოგიერთი უფრო თანასწორია“....."

1945 წელი