ჯონ სტიუარტ მილი: ინდივიდუალურობა, როგორც კეთილდღეობის ერთერთი ელემენტი

17 მაისი 2022
17 მაისი 2022

ჯონ სტიუარტ მილი: ინდივიდუალურობა, როგორც კეთილდღეობის ერთერთი ელემენტი

ჯონ სტიუარტ მილი, თავისუფლების შესახებ, თავი მე-3, 1859 წელი

ასეთია საბუთები იმპერატივისა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შეხედულებების შექმნისა და საკუთარი შეხედულებების მორიდების გარეშე გამოხატვის თავისუფლება; და ასეთი დამღუპველი შედეგები აქვს ადამიანის ინტელექტუალური, მისი გავლით კი ზნეობრივი ბუნებისათვის იმას, რომ ასეთი თავისუფლება დაშვებული არ არის და არც არავინ უპირისპირდება მის აკრძალვას.

ახლა განვიხილოთ, იმავე საბუთებით ხომ არ მოითხოვება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედების თავისუფლება, საკუთარ ცხოვრებაში მათი განხორციელების თავისუფლება თავიანთ თანამოძმეთა მხრიდან ფიზიკური თუ მორალური დაბრკოლების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რისკისა და საფრთხის ფასად. ეს ბოლო დაზუსტება, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

არავინ მოითხოვს, რომ ქმედებები ისევე თავისუფალი იყოს, როგორც შეხედულებები. პირიქით, თვით შეხედულებებიც კი კარგავს თავიანთ ხელშეუხებლობას, როცა მათი გამოხატვის გარემოებები ისეთია, რომ ეს გამოხატვა აღმოჩნდება ბოროტმოქმედებისკენ პოზიტიური წაქეზება. შეხედულება, რომ მარცვლეულით მოვაჭრეთა ბრალია, თუ ღარიბების შიმშილით სული ხდებათ, ან, რომ კერძო საკუთრება ყაჩაღობაა, უბრალოდ პრესით გავრცელების შემთხვევაში ხელშეუხებელი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება სამართლიანად გახდეს დასჯის მიზეზი, თუკი მას წარმოთქვამენ მარცვლეულით მოვაჭრის სახლთან შეკრებილი აღგზნებული ბრბოს წინაშე, ან როცა მას პროკლამაციის სახით ავრცელებენ იმავე ბრბოში.

რა ქმედებებიც უნდა იყოს, თუ ისინი გაუმართლებელი მიზეზით აყენებს ვნებას სხვებს, შეიძლება, ხოლო უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებში აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ისინი აღიკვეთოს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებით და, თუ საჭიროა, მისი აქტიური ჩარევითაც.

ინდივიდის თავისუფლება ამ ზომით შეზღუდული უნდა იყოს; ის არ უნდა ავიწროებდეს სხვებს. მაგრამ თუ ის თავს არიდებს სხვების შეწუხებას იმ სფეროში, რაც მათ ეხება, და უბრალოდ თავისი საკუთარი მიდრეკილებისა და შეფასების მიხედვით წყვეტს პირადად მასთან დაკავშირებულ საქმეებს, იგივე არგუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შეხედულება თავისუფალი უნდა იყოს, ასევე ასაბუთებს, რომ ინდივიდს სხვების ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს საკუთარი შეხედულებების პრაქტიკაში განხორციელება საკუთარი თავის ხარჯზე.

რომ ადამიანები არ არიან უცდომლები, რომ მათი ჭეშმარიტებები უმეტესწილად მხოლოდ ნახევრად ჭეშმარიტებებია, რომ შეხედულებაში ერთსულოვნება, თუ ის დაპირისპირებული შეხედულებების ყველაზე სრული და ყველაზე თავისუფალი შედარების შედეგი არ არის, არ არის სასურველი, ხოლო აზრთა სხვაობა ბოროტება კი არა, სიკეთეა იქამდე, ვიდრე ადამიანები არ შეიძენენ ახლანდელზე ბევრად უფრო სრულყოფილ უნარს ჭეშმარიტების ყველა მხარის ამოცნობისა - ეს პრინციპები არანაკლებ მიუდგება ადამიანების ქმედების სახეებს, ვიდრე მათ შეხედულებებს.

როგორც განსხვავებული შეხედულებების არსებობაა სასარგებლო იქამდე, ვიდრე ადამიანების მოდგმა არასრულყოფილია, ისევე სასარგებლოა ცხოვრების განსხვავებული ექსპერიმენტების არსებობა; ისევე საჭიროა, რომ თავისუფალი სარბიელი მიეცეს ხასიათის სხვებისთვის არასაზიანო ტიპებს; და რომ ცხოვრების სხვადასხვა ფორმების ღირებულება პრაქტიკულად დამტკიცდეს, როცა ვინმე მათ მოსინჯვას მოინდომებს.

მოკლედ, სასურველია, რომ საქმეებში, რომლებიც უმთავრესად სხვებს არ ეხება, ინდივიდუალურობამ თავისი სიტყვა თქვას. სადაც ქცევის წარმმართველია არა ადამიანის საკუთარი ხასიათი, არამედ სხვა ადამიანების ტრადიციები და ჩვეულებები, იქ არასაკმარისად არის ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი პრინციპული შემადგენელი ნაწილი, რომელიც ინდივიდუალური და სოციალური პროგრესის თითქმის მთავარი ინგრედიენტიცაა.

უდიდესი სიძნელე, ამ პრინციპის დაცვისას რომ ვეჯახებით, არის არა აღიარებული მიზნის მიღწევის საშუალებების შეფასება, არამედ ზოგადად ადამიანების ინდიფერენტულობა თავად მიზნის მიმართ. გაცნობიერებული რომ ყოფილიყო, რომ ინდივიდუალურობის თავისუფალი განვითარება კეთილდღეობის ერთ-ერთი უპირველესი არსებითი ელემენტია და რომ ის არა მხოლოდ კორელაციაშია იმ ყველაფერთან, რაც აღინიშნება ტერმინებით ცივილიზაცია, აღზრდა, განათლება, კულტურა, არამედ თავად არის ამ ყველაფრის აუცილებელი ნაწილი და პირობა, არ იარსებებდა თავისუფლების დაბალი შეფასების საშიშროება და განსაკუთრებულად ძნელი არ იქნებოდა მას და სოციალურ კონტროლს შორის საზღვრის დადგენა.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ აზროვნების გავრცელებული წესი თითქმის არ აღიარებს ინდივიდუალური სპონტანურობის რაიმე შინაგან ღირებულებას ან იმას, რომ ის თავისთავად რაიმე ანგარიშგაწევას იმსახურებს. უმრავლესობა, ადამიანების დღევანდელი ყოფით კმაყოფილი (რადგან სწორედ უმრავლესობა აქცევს მას ასეთად), ვერ იგებს, რატომ არ უნდა მოსწონდეს ყველას ასეთი ყოფა; მეტიც, სპონტანურობა სულ არ შედის ზნეობისა და საზოგადოების რეფორმატორების უმრავლესობის იდეალში;

პირიქით, მას უფრო ეჭვით უყურებენ, როგორც შემაშფოთებელ და ალბათ ამბოხისმაგვარ დაბრკოლებას იმის საყოველთაო აღიარების გზაზე, რაც ამ რეფორმატორებს, თავიანთი საკუთარი შეფასებით, საუკეთესოდ მიაჩნიათ კაცობრიობისთვის.

გერმანიის გარეთ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც გაიგო მაინც იმ მოძღვრების შინაარსი, რომელიც თავის ტრაქტატში ჩამოაყალიბა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტმა, ასე სახელგანთქმულმა მწიგნობარმა და პოლიტიკოსმა: „ადამიანის მიზანი, ანუ ის, რასაც ბუნდოვანი და წარმავალი სურვილები კი არ გვთავაზობს, არამედ გონების მარადიული და უცვლელი მითითებები გვიკარნახებს, არის მისი უნარების უმაღლესი და ყველაზე ჰარმონიული განვითარება სრულ და თანმიმდევრულ ერთიანობამდე“;

ამიტომ ის, „რისკენაც ყველა ადამიანი დაუღალავად უნდა მიმართავდეს საკუთარ ძალისხმევას და რაზეც მარად უნდა ჰქონდეთ მიპყრობილი თვალები განსაკუთრებით მათ, ვინც თავის თანამოძმეებზე გავლენის მოხდენას ესწრაფვის, უნარებისა და განვითარების ინდივიდუალურობაა;“ ამისთვის კი ორი აუცილებელი პირობა არსებობს: „თავისუფლება და სიტუაციების სხვადასხვაობა;“ მათი ერთიანობიდან წარმოდგება „ინდივიდუალური ძლიერება და მდიდარი მრავალფეროვნება,“ რომლებიც ერთმანეთს „ორიგინალურობაში“ ერწყმის...