ფედერალისტების წერილები ამერიკის დამფუძნებელი მამების, ალექსანდერ ჰამილტონის, ჯეიმს მედისონის და ჯონ ჯეის პუბლიკაციების კრებულია. წერილები ამერიკის ახალი კონსტიტუციის მიღების მხარდასაჭერად დაიწერა. მედისონი, ჰამილტონი და ჯეი კონსტიტუციის შესახებ ნაციონალური დისკუსიისას ნიუ იორკის შტატის მოსახლეობას მიმართავენ, რათა დაარწმუნონ კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში.
გთავაზობთ პირველ წერილს.
მას შემდეგ, რაც ცხადად გამოსცადეთ არსებული ფედერალური ხელისუფლების არაეფექტურობა, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონსტიტუციაზე სამსჯელოდ ხართ მოხმობილნი. საკითხი თავად მეტყველებს თავისსავე მნიშვნელობაზე. თუკი ჩავუკვირდებით, ის არც მეტი, არც ნაკლები, კავშირის [UNION] არსებობას, მასში შემავალი ნაწილების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ჩვენი იმპერიის ბედს ეხება, მრავალმხრივ რომ ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში.
მრავალგზის აღუნიშნავთ, რომ სწორედ ამ ქვეყნის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხი, თავისი ქცევითა და მაგალითით: ნამდვილად შესწევთ თუ არა ძალა ადამიანთა საზოგადოებებს, განსჯითა და არჩევანით დაამყარონ კარგი მმართველობა, თუ სამუდამოდ არიან განწირულნი, თავიანთი პოლიტიკური მოწყობა შემთხვევითობასა და ძალმომრეობას დაუქვემდებარონ.
თუკი ამ მოსაზრებაში არის სიმართლის რაიმე მარცვალი, ჩვენ მართლაც მივაღწიეთ იმგვარ კრიზისს, რომლის დროსაც ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. კაცობრიობის მარცხის ტოლფასი იქნება, თუ ამ არჩევანის წინაშე მდგარნი, არასწორ გზას ავირჩევთ. ეს მოსაზრება პატრიოტულ ზრახვებს ფილანტროპიული შინაარსითაც ავსებს და ამძაფრებს საკითხზე მღელვარებას, რომელსაც ყოველი დარბაისელი და კეთილშობილი ადამიანი უნდა განიცდიდეს.
რაოდენ სასიხარულო იქნებოდა, თუკი არჩევანს ჩვენივე ჭეშმარიტ ინტერესთა გონივრული შეფასებით გავაკეთებდით, თუკი მას არ აამღვრევდა და გაამრუდებდა მოსაზრებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საზოგადო სიკეთესთან. თუმცა ეს, ალბათ, უფრო მხურვალე ნატვრაა, ვიდრე წრფელი მოლოდინი.
სამსჯავროზე მდგარი პროექტი მრავალთა კერძო ინტერესს ეხება და უამრავ ადგილობრივ ინსტიტუტს უცვლის სახეს, მასზე მსჯელობა ვერ იქნება დაცლილი მისთვის შეუფერებელი საკითხებისგან, შეხედულებებისგან, ვნებებისგან და წინასწარი განცდებისგან, არაფერი რომ აქვთ საერთო ჭეშმარიტების დადგენის მიზანთან.
მძლავრ დაბრკოლებათა შორის, რომელიც ახალ კონსტიტუციას შეხვდება, უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ ყოველ შტატში სპეციფიკური კლასის კაცთა აშკარა ინტერესი, შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც მათი ძალაუფლების, ანაზღაურების ან თანამდებობრივი გავლენის შეკვეცას გულისხმობს;
ასეთივე დაბრკოლებაა უკუღმართი ამბიცია ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომლებსაც ქვეყნის არეულობით საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადება სურთ, რომლებსაც უფრო მარტივად ესახებათ თანამდებობის მოხვეჭა მრავალ შემადგენელ კონფედერაციად დანაწევრბული იმპერიის ადგილობრივ მთავრობებში, ვიდრე ერთ ცენტრალიზებულ ხელისუფლებაში.
თუმცა, მსგავსი დაკვირვებებით თავის შეწყენას არ განვიზრახავ. ცხადად ვიაზრებ, რაოდენ უპატიოსნო იქნებოდა მოწინააღმდეგეთა პოზიციები განურჩევლად დამეყვანა კერძო ინტერესსა და ამბიციამდე (მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თანამდებობრივი მდგომარეობა აქცევს მათ ეჭვის ობიექტად).
პატიოსნება გვავალდებულებს, ვაღიაროთ, რომ მსგავსთა მოტივაციებსაც შეიძლება სწორი ზრახვები კვებავდეს. ეჭვგარეშეა, რომ წინააღმდეგობა, რომელმაც უკვე იჩინა თავი ან აწი იჩენს თავს, პატივსაცემი თუ არა, ბრალდაუდებელი მოტივებიდან აღმოცენდა - ესაა გონების წრფელი ცდომილება, რომლისთვისაც წინასწარგანცდილ ეჭვიანობასა და შიშს აუბნევია გზა.
სინამდვილეში, რაოდენ მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილია მიზეზი გონების მიკერძოებისა, რომ პირველადი მნიშვნელობის საკითხებზე ხშირად ვნახავთ ბრძენსა და კეთილშობილ ადამიანებს, სწორ და არასწორ მხარეს მდგარს.
ჯეროვნად თუ ჩავუკვირდებით, ეს გარემოება ზომიერების ნიმუშად უნდა დაისახონ მათ, ვისაც ყოველი დავისას სიმართლე თავის მხარეს დაუგულებია. სიფრთხილის მიზეზად უნდა მივიღოთ ისიც, რომ ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, ჭეშმარიტების მხარეს მდგომთ უფრო წმინდა მოტივები ამოძრავებთ, თუ მათ მოწინააღმდეგეებს.
ამბიცია, სიხარბე, პირადი შუღლი, პარტიული დაპირისპირება და ბევრი სხვა, უფრო სათაკილო მოტივი მათზეც მოქმედებს, ვინც საკითხს მართებულად წყვეტს და მათზეც, ვინც ამგვარ გადაწყვეტას უპირისპირდება. ზომიერების ამგვარი მოტივები რომც არ არსებულიყო. მაინც არაფერი იქნებოდა შეუწყნარებელ სულისკვეთებაზე არაგონივრული, ესოდენ რომ ახასიათებს პოლიტიკურ პარტიებს. რადგან პოლიტიკაში, ისევე როგორც რელიგიაში, თანაბარი აბსურდია, ადამიანების ცეცხლითა და მახვილით მოქცევა. ერესს ვერ აღმოფხვრის ვერცერთი მათგანი დევნითა და შევიწროებით.
მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანია მსგავსი სენტიმენტები, უკვე საკმაო ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ის, რაც ყოველი ნაციონალური დისკუსიისას ხდებოდა, ახლაც მოხდება. ბოროტ ვნებებს გასაქანი მიეცემა. დაპირისპირებული მხარეების ქცევიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თითოეული მათგანი საკუთარი მოსაზრების მტკიცებას მოჰყვება. ისინი ეცდებიან მოიმრავლონ მომხრეები გამაყრუებელი განცხადებებითა და საშინელი ლანძღვა-გინებით.
ხელისუფლების ეფექტურობის და გავლენის ზრდაზე თავგამოდება დესპოტური ძალაუფლების მიმართ ლტოლვად შეირაცხება, რომელიც მტრულია თავისუფლების პრინციპების მიმართ. ადამიანის უფლებების მიმართ საფრთხეებზე გადამეტებული მღელვარება, რაც ძირითადად გონების შემოქმედებაა და არა გულისა, შეირაცხება ფარისევლობად და თვალთმაქცობად, ასევე პოპულარობის მოხვეჭის მცდელობად, საზოგადო სიკეთის ხარჯზე.
დავიწყებას მიეცემა, ერთი მხრივ, რომ სიყვარულს, როგორც წესი, ეჭვიანობა სდევს თან და რომ თავისუფლებისადმი ამაღლებულ სწრაფვას, ადვილად ერევა უნდობლობის არათავისუფალი სული. დავიწყებას მიეცემა, ერთი მხრივ, რომ ძლიერი ხელისუფლება სწორედ თავისუფლების უსაფრთხოებისთვის არის საკვანძო მნიშვნელობის; რომ ჯანსაღმა და განსწავლულმა მსჯელობამ შეუძლებელია გააცალკევოს მათი ინტერესები; და რომ საშიში ამბიცია ხელისუფლების ძლიერებისა და ეფექტურობის ქომაგთა ნაცვლად, ადამიანის უფლებების გულმოდგინე ქომაგებს შორის უფრო უნდა ვეძებოთ.
ისტორია გვასწავლის, რომ ეს უკანასკნელი უფრო ხშირად გამხდარა დესპოტიზმისკენ სვლის წინაპირობა და რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს რესპუბლიკათა თავისუფლება, თავიანთ კარიერას ხალხთან პირმოთნეობით იწყებდნენ. თავიდან დემაგოგობდნენ, ბოლოს კი ტირანებად იქცეოდნენ.
თანამოქალაქენო! წინასწარი შენიშვნებისას გულისყური ერთთავად იქითკენ მქონდა მიმართული, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, ზეგავლენა არ მოეხდინა სხვა რამ შთაბეჭდილებას, გარდა იმისა, რაც ჭეშმარიტების სიცხადიდან მომდინარეობს.
უეჭველია, მათი ზოგადი შინაარსიდან დაასკვნიდით, რომ ისინი ახალი კონსტიტუციისადმი კეთილგანწყობას ატარებენ. დიახაც, თანამემამულენო! უნდა ვაღიარო, პროექტის საგულდაგულო განსჯის შემდეგ, ჩემთვის ნათელია, რომ თქვენთვის სასარგებლოა მისი მიღება. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაზე საიმედო გზაა თქვენი თავისუფლების, ღირსებისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად.
თავის მოკატუნებას არ მოვყვები. ფიქრად არ მაქვს, მოჩვენებითი მსჯელობით თავი შეგაწყინოთ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. წრფელი გულით გიზიარებთ ჩემს შეხედულებას და ვაპირებ, ღიად წარმოგიდგინოთ ის საფუძვლები, რომლებსაც ის ემყარება.
კეთილი ზრახვების გაცნობიერება ვერ ჰგუობს ორაზროვნებას. ამ საკითხზე ჩემს გრძნობათა გამხელას არ მოვყვები. ჩემს ზრახვებს გულის საცავში დავიტოვებ. ჩემი არგუმენტები კი ყველასთვის საჯარო იქნება, დაე, განისაჯოს ის ყველას მიერ…