გიგა ბოკერიას 2005 წლის სიტყვა ჯორჯ ბუშისგან ჯილდოს მიღებისას

27 სექტემბერი 2021
27 სექტემბერი 2021
27 სექტემბერი 2021

გიგა ბოკერიას 2005 წლის სიტყვა ჯორჯ ბუშისგან ჯილდოს მიღებისას

2005 წელს ბრატისლავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისგან "თავისუფლებისთვის მებრძოლის" ჯილდოს მიღებისას გიგა ბოკერიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

"ქართველი ხალხი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის სხვა ერები არასდროს დაივიწყებს იმ წვლილს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოროტების იმპერიის დანგრევაში შეიტანა.

ახლა ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის ამით ნამდვილად არ დამთავრებულა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციების დროს ხალხმა ცალსახა არჩევანი გააკეთა ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ.

ჩვენ დღესაც ძალიან ვაფასებთ თქვენ დახმარებას ამ გზაზე და ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს დასაძლევი, ვიდრე ჩვენი ქვეყნები იქცევიან სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიებად.

ჩვენში არსებული წინააღმდეგობები ერთმანეთს ჰგავს და განსხვავდება კიდეც, მაგრამ არის ერთი საგარეო პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც ყველა ამ ქვეყანას აერთიანებს და მას რუსეთის საგარეო პოლიტიკა ჰქვია. ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში საბჭოთა მემკვიდრეობა.

რუსეთი მხარს უჭერს დაუნდობელ დიქტატორს ბელორუსიაში, რუსეთი მხარს უჭერდა ორგანიზებულ დანაშაულს უკრაინაში, რუსეთი გამოდიოდა უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთს არ გაჰყავს სამხედრო ბაზები საქართველოდან და მოლდოვადან, ანუ მიდის მოლდოველი და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთი ორივე ქვყანაში მხარს უჭერს და ახალისებს სეპარატისტულ რეჟიმებს, რომლებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდაში. ისინი ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან ტერორისტებისთვის უკონტროლო ტერიტორიების სახით.

ჩვენ კვლავაც გვაქვს იმედი, რომ სხვა ზოგიერთი ცივილიზებული ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, თქვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში არსებული თავისუფლება. როგორც თქვენ ბრძანეთ, საჭიროა თავისუფლების დაცვა ყველგან. რუსეთმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო არჩევანი - ან გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ან იყოს ამ რეგიონში ცივილიზაციისა და დემოკრატიისთვის მთავარი საფრთხე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნება ნათქვამი ბატონ პუტინთან შეხვედრისას."