საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში სრულფასოვანისაპარლამენტო მმართველობის შემოღებასთან ერთად, იყო ის პოლიტიკური მოცემულობა, რომლის პირობებშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში.

სწორედ ამ მოცემულობის შესაბამისად შეიმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტი; ამ მოცემულობის შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება მოახდინა საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტში; ამ მოცემულობით ჩატარდა ინიცირებული კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამავე მოცემულობაზე იმუშავა და თავისი პოზიციები მოგვაწოდა ვენეციის კომისიამ, საქართველოში გასატარებელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. (ვენეციის კომისიის თითოეული წერილი თუ დასკვნა იწყებოდა სწორედ იმ პოზიტიური ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველო გადადიოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე).

ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი იმ ახალი პოლიტიკური მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული (მაჟორიტარულ - პროპორციული) სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ამ ახალ მოცემულობაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის არსად არ უმსჯელია; ამ კანონპროექტისათვის „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია.

ქვეყნის კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის როგორც ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტის არსს და, შესაბამისად, დაუშვებელია.

სწორედ ეს უმთავრესი შენიშვნა მიიღო ვენეციის კომისიისაგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ - რომ კონსტიტუციური ცვლილებების გასატარებლად აუცილებელია ფართო კონსენსუსის მიღწევა ქვეყანაში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ვენეციის კომისიისაგან ამგვარი შენიშვნის შემდეგ, ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთანდიალოგისთვის.

თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ - პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას, წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოცემულ საკითხთაგან უმთავრესად მიგვაჩნია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხად მიგვაჩნია პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიებისგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია გააჩნია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოქმედება. შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარება გვესახება საუკეთესო გამოსავლად.

შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური, და ამასთან, ვაცხადებთ შემდეგს:

 

  1. კონსესუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;
  2. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე,რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსესუსის შესაბამისად. რაც არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;
  3. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი,საარჩევნო ბლოკები და სხვა),საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან.

ზემოხსენებულ პირობათა დაცვის გარეშე მოლაპარაკებების წარმოება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზანს, არამედ შექმნის კონსესუსის იმიტაციას და სახელისუფლებლო პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სურვილისამებრ, ფაქტიურად ერთპიროვნულად განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები. ასე ერთპიროვნულად და თვითნებურად მიღებული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. ხაზს ვუსვამთ, რომ ხელისუფლების მიერ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიღწეული მოსალოდნელი შეთანხმება, ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევასა თუ ბუნებრივი ბარიერის შემოღებასთან,ისევე როგორც საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, არ იქნება ის რეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური კანონის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე მთლიანად „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

 

ახალი საქართველო, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, სამოქალაქო ალიაინსი თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული პარტია.