პარტია ევროპული საქართველო ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება:

23 აგვისტო, 2017წ.| სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომელიც ევროპარლამენტის 2010 წლის გადაწყვეტილებით ყოველი წლის 23 აგვისტოს აღინიშნება, ევროპული საქართველოს წევრებმა და ლიდერებმა მთაწმინდაზე, რეპრესირებულთა დაფასთან აღნიშნეს.

პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერის რანგში მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემულთა ხსოვნის უკვდავყოფა და მათი ღვაწლის სათანადოდ შეფასება იქნება. ასევე განზრახულია საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილთა სამარხებზე სათანადო აღნიშვნების გაკეთება.

1939 წლის 23 აგვისტოს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს და მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეთა სტატუსით გააჩაღეს. კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის ალიანსმა, გარდა იმისა რომ გამოიწვია მილიონობით ადამიანის მკვლელობა, საქართველოს ისტორიაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და საბჭოთა საოკუპციო რეჟიმს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, (რის შედეგადაც ფიზიკურად განადგურდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და ინტელექტუალური ელიტები ისევე როგორც ათეულ ათასობით მოქალაქე). მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რის დაკანონებასაც პუტინის რეჟიმი კვლავაც ჯიუტად ცდილობს. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს” აღიარებისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების მოსპობა კრემლის კვლავაც ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია. საბჭოთა წარსულთან და მის სიმბოლოებთან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ, ძლიერ და წარმატებულ ევროპულ საქართველოსთვის მებრძოლი არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად.