“მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო” უფასო სახელმძღვანელოების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი ამბობს,  რომ სამინისტრომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა  ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამად გადააქცია. აუცილებელი საჭიროების მიუხედავად, ყოველ შემდგომ წელს მცირდებოდა ქსელში გამოუსადეგარი სახელმძღვანელოების ჩასანაცვლებლად გამოყოფილი თანხა, სასკოლო სახელმძღვანელოების ბიუჯეტი კი საწყისი 19 მლიონი ლარიდან 7 მილიონამდე შემცირდა.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, 2013-2016 წლებში სასკოლო სახელმძღვანელოების შესასყიდად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 42 668 928 ლარი; აქედან - გამარტივებული შესყიდვით - ანუ ერთპირთან მოლაპარაკებით, გახარჯულია 40 831 301 ლარი; ტენდერი გამოცხადებულია - 1 837 627 ლარზე. მოცემული თანაფარდობა პირდაპირ მიანიშნებს სამინისტროს მხრიდან სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ გამოკვეთილ ინტერესზე, რაც წლებია გახდა გამომცემლობების უკმაყოფილების მიზეზიც.