ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

თარგამაძე ამბობს, რომ სარწმუნო ინფორმაციით, მუხთარლის საქმეში ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მონაწილეობდა: ,,დაიწყო ყველაფერი იქიდან, რომ უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა აზერბაიჯანული მხარიდან, რომელსაც პრობლემები აქვს საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით  საჩუქარს გაუკეთებდა საკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს ქართველი ძალოვანი სტრუქტურების დახმარება იმაში, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უჩა მამაცაშვილმა, თავის მხრივ, ვინაიდან, არ სურს პარტნიორის ცვლილება, მისცა ამის საშუალება, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს. გომელაურმა  ამ შეხვედრაზე დაისწრო მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობა ამ ოპერაციაზე ჩაბარდა სწორედ სოსო გოგაშვილს. სახელმწიფო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ვერც ერთი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს პრემიერის დღევანდელი კომენტარები. სიტუაცია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საგანგაშო და აქ ერთი და ორი ხელმძღვანელის გათავისუფლება საქმეს არ უშველის. საჭიროა როგორც მინიმუმ მთლიანი სამთავრობო ცვლილება,’’ - განაცხადა გივი თარგამაძემ.