განცხადება ფადი ასლის საქმესთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველო” გუშინ, 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის კიდევ ერთი ნათელ დადასტურებად მიიჩნევს.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი, რომელმაც ფადის ასლის ღირსებისა და პატივის შელახვის გამო უჩივლა. ფადი ასლიმ მოსამართლე კაკაბაძე გააკრიტიკა უცხოური კომპანიების წინააღმდეგ მიღებული იმ ორი გადაწყვეტილების გამო, რომლითაც კაკაბაძემ კომპანიები ერთობლივად საქართველოს სასამართლო პრაქტიკისთვის უპრეცედენტო - 138 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილებები წინაღმდეგობაში მოდიოდა არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან და არა მხოლოდ ფადი ასლიმ, არამედ ადგილობრივმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მათი მიღების მიზეზად მთავრობასთან დაკავშირებული კლანების ჩარევა და სასამართლო სისტემის კორუმპირებულობა დაინახა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიცუციით გარანტირებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და მიზნად ისახავს, საქართველოში მთლიანად და, მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის შეზღუდვას. 2004 წელს სიტყვის თავისუფლების კანონის მიღების შემდეგ აღარ ხდებოდა სიტყვის თავისუფლების ჩახშობა სასამართლოს მეშვეობით.

21 სექტემბრის გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის შეცვლის ძალიან სახიფათო მცდელობაა და კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გადაქცეულია სამთავრობო დაკვეთების შემსრულებელ დაჯგუფებად, რომელიც საკუთარი კლანური ინტერესების დასაცავად არ ერიდება კონსტიტუციის უხეშ და თავხედურ დარღვევასაც კი.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ისედაც პრობლემების მქონე სასამართლო სისტემის სრული დეგრადაცია მოხდა: სასამართლო არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი გახდა, არამედ, როგორც არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს, მასში ღრმად გაიდგა ფესვი კორუფციამაც. კიდევ ერთ მოსამართლესთან, ნაზღაიძესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი ამ უმძიმესი მდგომარეობის მკაფიო მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მოსამართლე კაკაბაძის უკანონო გადაწყვეტილებები, თუმცა გააუქმა იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ამ საკითხზე დემარში საქართველოს არაერთმა საერთშორისო პარტნიორმა მოაწყო საქარველოშიც და უცხოეთშიც. ასეთი საერთშორისო რეაქციის ფონზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ შეკერილი საქმის დიამეტრალურად შემობრუნება, სამწუხაროდ, სამართლის მიუკერძოებელი დადგენა კი არ ყოფილა, არამედ კიდევ ერთი დასტური, რომ სასამართლო - მის ყველა ინსტანციაში - მთავრობის კარნახით მოქმედებს. მთავრობამ, მოსამართლე კაკაბაძის ხელით, სცადა უცხოელი ინვესტორების შევიწროება, მაგრამ შემდეგ, მკვეთრი საერთაშორისო რექაციის ფონზე, უკან დაიხია და, სააპელაციო სასამართლოს ხელით, “ვითარება გამოასწორა”.
წლის დასაწყისში, მოსამართლე კაკაბაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, საერთაშორისო სავაჭრო პალატაში განაცხადეს, რომ ვერ იხსენებენ პერიოდს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიერ ფადი ასლის წინააღმდეგ 21 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება თავდასხმების ამ ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად. 


“ქართული ოცნების” არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და საზიანო პოლიტიკის შედეგები უკვე ასახულია ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, შემოსავლების კლებაზე, იმაზე, რომ ბიზნეს-სექტორში არ იქმნება სამუშაო ადგილები. ამის დამატებით საქართველოში მოქმედ საერთშორისო კომპანიებზე იერიშის მიტანა და ამით ათობით პოტენციური ინვესტორის კიდევ უფრო დაფრთხობა აღრმავებს იმ კრიზისს, რაშიც ქვეყანა მილიარდერი ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეიყვანა.